ოჯახის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.
როგორც ჟურნალისტებს პატიმრის დედამ განუცხადა, დროებით პატიმრობაში მყოფი მისი შვილი გლდანის ციხიდან თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა დღეს განუცხადეს, რომ მის შვილს თავში ჭრილობა აღენიშნება.
„ფსიქიატიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, რომ კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი ოპერაცია ტარდებოდა.
გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა? ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ“, – განაცხადა პატიმრის დედამ.
ამასთან, პატიმრის ბიძის განმარტებით, ახალგაზრდა კაცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.
„გუშინ არ იყო იმგვარი მდგომარეობა, რომ ის ამ სიტუაციამდე მისულიყო. ფსიქიატრიულში ერთი დღე იმყოფებოდა. დაწესებულებაში, სადაც დახურული სისტემაა, ბადრაგს იარაღი რად უნდა?“ – აცხადებს პატიმრის ბიძა.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს, დღეს დილით კი როდესაც მამაკაცი ბადრაგებს საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ, მან, სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა.