LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადრაგს იარაღი ამოაცალა, ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი ოთახში გავიდა და თავში ისროლა“ – რას ამბობს ადვოკატი ვიდეო-ჩანაწერების ნახვის შემდეგ

1182
BeFunky-collage (1)

დაჭრილი პატიმრის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, ვიდეო-ჩანაწერების მიხედვით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საბადრაგო სამსახურის თანამშრომელს იარაღი ამოაცალა, ჯერ ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი სხვა ოთახში გავიდა და თავში ისროლა.

“როგორც განმარტავენ, იცვლება სმენა, გურამ სვანიძე დგას კარებში. აქ მოძრაობს საბადრაგო სამსახურის 4-5 თანამშრომელი, ერთ-ერთი მივიდა და იარაღიანი მხარით დაახლოებით 1 მეტრში გაუჩერდა. ფაქტობრივად საშუალება მისცა, იარაღი ამოეღო. ამის შემდეგ სვანიძე იღებს იარაღს. თანამშრომელი გაიქცა.

როდესაც “კაბურას” ხსნიდა, თანამშრომელს შეეძლო დაეჭირა, მაგრამ ეტყობა, დაიბნა.

გურამ სვანიძე ორჯერ ისვრის, ოღონდ არავის თავს არ დასხმია. ვინმესთვის არ უსვრია. შედის ცალკე კამერაში, სადაც თავში ისროლა”, – განუცხადა ზურაბ როსტიაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დატოვების შემდეგ, სადაც დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარი ფაქტის ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს გაეცნო.

„ტვინის დაზიანება აქვს.. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?“ – ოჯახის ინფორმაციით, პატიმარი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება

ადვოკატის თქმით, საქმე საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობას ეხება. მისივე განცხადებით, აღნიშნული პირები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხა, თუმცა თავად მათ ჩვენებებს არ გასცნობია.

“აქ ხომ, სავარაუდოდ, ფსიქიკურ დაავადებებთან გვაქვს საქმე. რატომ დაუდგა ასე, რატომ მისცეს საშუალება რომ იარაღი აეღო. ფრთხილად უნდა ყოფილყვნენ. საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების დაუდევრობაა. მათი დაუდევრობა რომ არა, იარაღი არ ჩაუვარდებოდა და ეს არ მოხდებოდა”,- განაცხადა ზურაბ როსტიაშვილმა.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები დაკავებამდე, როსტიაშვილი ამბობს, რომ “რაღაც პრობლემები ჰქონდა”.

“ფსიქოლოგიურს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც პრობლემები ჰქონდა. ზუსტად არ ვიცი, როდესაც ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდა, ამანაც შეუწყო თუ არა ხელი, ჯერ ეს დადგენილი არაა”,- განაცხადა ზურა როსტიაშვილმა.

პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევით უწყება ამბობს, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა.

უკნიდან მიეპარა თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

როგორც უწყებაში განმარტავენ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, აღებული იქნა შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, მიმდინარეობს სამართალდამცველების გამოკითხვა, ასევე მოპოვებული იქნა გამოძიების მიერ ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.