LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წინ არაერთი საინტერესო პროექტის პრემიერა გველის… – რას ვუყუროთ თებერვალში?

77
კინოპრემიერები

თებერვალი ეს-ესაა დაიწყო, სერიალების მოყვარულებს კი უკვე აქვთ რამდენიმე საინტერესო ტელეშოუ, რომელსაც ალბათ უახლოეს უქმეებზე ჩაუსხდებიან. რას ვუყუროთ თებერვალში? წინ არაერთი საინტერესო პროექტის პრემიერა გველის…

“გამოძიება” / The Investigation

არხი: HBO Max

პრემიერის თარიღი:  1 თებერვალი

ცნობილ დანიელ გამომგონებელთან, პიტერ მადსენთან მის მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავზე, “ნაუტილუსზე” ინტერვიუს ასაღებად მისული დამოუკიდებელი ჟურნალისტი, კიმ უოლი საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში უჩინარდება. ძებნის სამუშაოებს კოპენჰაგენის პოლიციის მკვლელობათა განყოფილების უფროსი, იენს მოლერი ხელმძღვანელობს… სერიალი ნამდვილ ამბავს ეფუძნება…

“ციცინათელების ქუჩა” / Firefly Lane

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 3 თებერვალი

კრისტინ ჰანას რომანის ეკრანიზაცია განუყრელი მეგობრების, ინტოვერტი ქეით მალარკის და სკოლაში ყველაზე პოპულარული გოგონას, ტალი ჰარტის ამბავს მოგვითხრობს. გოგონები  ერთმანეთს პირველად ბავშვობაში, ციცინათელების ქუჩაზე ხვდებიან. მათი მეგობრობა, რომელიც ოთხ ათწლეულს გასტანს, მოულოდნელად დიდი გამოცდის წინაშე აღმოჩნდება…


 

“თავი” / The Head

არხი: HBO Max

პრემიერის თარიღი: 4 თებერვალი

მოვლენები ანტარქტიდაზე მდებარე პოლარულ სამეცნიერო სადგურზე ვითარდება, სადაც 6 თვიანი მუდმივი ღამის და ზამთრის შემდეგ ხელმძღვანელი, იოჰან ბერგი ბრუნდება. თუმცა იოჰანმა არ იცის, რომ სადგურზე დარჩენილი პატარა ჯგუფის წევრებიდან შვიდი გარდაცვლილი დახვდება, საკუთარი ცოლი გაუჩინარებული, და მის საპოვნელად ერთადერთი ცოცხალი მოწმის ნდობა მოუწევს…

გამთანაბრებელი” / The Equalizer

არხი: CBS

პრემიერის თარიღი: 7 თებერვალი

1985-1989 წლების ამავე სახელწოდების კლასიკური სერიალის ახალი ვერსია საიდუმლოებით მოცული წარსულის მქონე იდუმალი ქალის, რობინ მაკოლის შესახებ მოგვითხრობს,  რომელიც თავის უნარებს იმ ადამიანების დასახმარებლად იყენებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ყველაფერთან ერთად, რობინი თინეიჯერი ქალიშვილის მარტოხელა დედაც არის…

“კლარისა” / Clarice

არხი: CBS

პრემიერის თარიღი: 11 თებერვალი

ლეგენდარული ჰორორ-თრილერის, “კრავთა დუმილის” სიქველი, რომელშიც მოქმედება 1993 წელს, ფილმში ასახული მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ვითარდება. FBI–ს აგენტი კლარისა სტარლინგი ვაშინგტონში ბრუნდება და სერიული მკვლელების დევნას აგრძელებს. ახალგაზრდა აგენტი  მაგნიტივით იზიდავს მანიაკებს და შეშლილი ადამიანების ინტერესის საგანი ხდება…

მნათობები” / The Luminaries

არხი: STARZ

პრემიერის თარიღი: 14 თებერვალი

სერიალის მოქმედება ახალ ზელანდიაში, 1860-იან წლებში ვითარდება და ოქროს მაძიებელთა შესახებ მოგვითხრობს. თავგადასავლები,  ქორწინება, ღალატი, რევანში და მკვლელობა… აქ ყველაფერია, რაც ჟანრის მოყვარულებს მოეწონებათ…

გამიმხილე შენი საიდუმლოები” / Tell Me Your Secrets

არხი: Amazon Prime

პრემიერის თარიღი: 19 თებერვალი

“ამაზონის” ახალი თრილერი მოეწონება ყველას, ვისაც ჩახლართული ისტორიები, საიდუმლოებები და თრილერის ჟანრი იზიდავს. კრიტიკოსებმა სერიალს “დიდი პატარა ტყუილების” ამაზონისეული ვერსიაც უწოდეს. ის სამი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სერიალის სლოგანია – “სიმართლეს ვერ გაიგებ მანამ, ვიდრე არ გეცოდინება საიდუმლო”…

“ევროპის ტომები” / Tribes of Europa

არხი: Netflix

პრემიერის თარიღი: 19 თებერვალი

“ნეტფლიქსის” ახალი პოსტ-აპოკალიპტური პროექტი მოგვითხრობს 2074 წლის ევროპაზე, სადაც აპოკალიფსის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. კონტინენტს სხვადასხვა ტომები მართავენ, სიუჟეტის ცენტრში კი ახალგაზრდა და-ძმები: კიანო, ლივი და ელია ხვდებიან, რომლებსაც მათ ხელში შემთხვევით აღმოჩენილი იშვიათი არტეფაქტის მეშვეობით ევროპის ბედის შეცვლა შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები