LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს საპატრიარქოს დუმილი – რა პოზიციის დაფიქსირებას გეგმავს ქართული ეკლესია

bartlomee

ისტორიული მოვლენა მართლმადიდებლურ სამყაროში – კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ავტოკეფალია უკვე გახდა მართლმადიდებლური სამყაროსთვის განხეთქილების მიზეზი. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი, თუმცა არ დასრულებულა გავლენებისთვის ბრძოლა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი დიდი ხანია გასცდა რელიგიურ ჩარჩოებს. კრემლი, ისევე როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, საკუთარი ორბიტის შესანარჩუნებლად იბრძვის, ამის დაფარვას არც ცდილობს და კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილებას ღიად აკრიტიკებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერბულ გამოცემა “Вечерние новости”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ “ამ პოლიტიკური პროექტის მიზანი, არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ რელიგიური შუღლის გაღვივებაა. ტყუილად კი არ თქვეს კიევში, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს”.

 

კონსტანტინოპოლის შემდეგ, უკრაინა ახლა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისგან ელის აღიარებას, თუმცა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი არ ჩქარობს ოფიციალური პოზიციის გამოხატვას.

რა პოზიციაზე შეჯერდება საბოლოოდ საქართველოს საპატრიარქო? მას შემდეგ, რაც საქართველო დააფიქსირებს პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, მაგალითად, თუ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის ეკლესიასთან კავშირების გაწყვეტას? რა ფორმით შეუძლია რუსეთის ეკლესიას იმოქმედოს საქართველოს ოკუპირებელ ტერიტორიებზე? ამ კითხვებზე განსხვავებული მოსაზრებებია, როგორც სასულიერო პირებში, ასევე თეოლოგებში.

მათ, ვინც საპატრიარქოს დუმილს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით, გამართლებულად მიიჩნევს, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად რუსეთის ეკლესიის შესაძლო ნაბიჯებს იშველიებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

თეოლოგი ლევან აბაშიძეც ფიქრობს, რომ ამგვaრი ეჭვები უსაფუძვლო არ არის და ამ შემთხვევაში, საპატრიარქოს დუმილი და თავშეკავება გამართლებულია.

„საკმაოდ რთული, დიდი კონფლიქტია ეკლესიებს შორის, ანუ ერთის მხრივ, კონსტანტინოპოლის, იგივე მსოფლიო საპატრიარქო, მეორეს მხრივ კი, მოსკოვის საპატრიარქო. ჩვენ მოსკოვის საპატრიარქოზე რაც არ უნდა ნეგატიური აზრი გვქონდეს, ფაქტია, რომ ეს არის უდიდესი საპატრიარქო, რომელსაც უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და ძალიან ბევრ მართლმადიდებელს აერთიანებს. ადრეც ყოფილა კონფლიქტები, მაგრამ ასეთი სერიოზული კონფლიქტი არ ყოფილა და ამან ძალიან დიდი გავლენა იქონია მთელს მართლმადიდებელ სამყაროზე. უკრაინა არის ასევე ძალიან დიდი ტერიტორია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შედიოდა მოსკოვის საპატრიაქოში და ერთიანი კანონიკური სივრცე იყო, რომელიც ახლა დაირღვა, იმ გაგებით, რომ მსოფლიო საპატრიარქომ გამოაცხადა იქ ავტოკეფალური ეკლესია. ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ვართ, ან უნდა ვაღიაროთ და მაშინ შევდივართ კონფლიქტში მოსკოვის საპატრიარქოსთან, რუსეთის ეკლესიასთან, შესამაბისი შედეგებით ან არ უნდა ვაღიაროთ. არ აღიარებაში შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი არსებობდეს. მაგალითად ვთქვათ, რომ ჯერჯერობით ვერ გადაგვიწყვეტია ან არ ვიცით და ცოტა დაგვაცადეთ და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეგვიძლია, რომ უფრო მკაცრად ვთქვათ, ჩვენ არ ვაღიარებთ, და რომ ეს უკანონო ნაბიჯი იყო. ეს ვარიანტები გვაქვს. ის, რომ საქართველოს ეკლესია არ ჩქარობს, ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკლესია საბოლოოდ აღიარებს, რატომ უნდა ვიყოთ პირველები და ყველას რატომ უნდა დავასწროთ? თუ ჩვენი საპატრიარქო იჩენს სიფრთხილეს და არ ჩქარობს, ჩემი აზრით, ეს გონივრული პოლიტიკაა,“ – აღნიშნა ლევან აბაშიძემ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

                                                                                                                                                                                                   ახალი ათონი, აფხაზეთი

მისივე თქმით, თუ საქართველოს საპატრიარქო ამ ნაბიჯით ღიად დაუპირისპირდება რუსეთის საპატრიარქოს, ამ შემთხვევაში ის ურთიერთობაც გაწყდება, რომელიც ამ დროისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გვაქვს.

„ჩემი ოპონენტები ამბობენ, რომ არავითარი საფრთხეები არ არის, რადგან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ისედაც შესულია რუსეთი, მაგრამ ასე მარტივად არ არის. მაგალითი რომ ავიღოთ, ეპისკოპოსი ესაია, რომელიც შესანიშნავი მღვდელმთავარია, მას ყავს მრევლი ახალგორის რაიონში და მის მრევლში არიან ქართველებიც და ოსებიც. ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ხიდი, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს იმ ჩვენ თანამოქალაქეებთან, რომლებიც იქით არიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ, ქართულ-ოსური ურთიერთობისთვის. ჩვენ რომ უცბად ვაღიაროთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, შევიდეთ კონფლიქტში რუსეთის ეკლესიასთან, საბოლოოდ ჩავტეხავთ ასე თუ ისე კეთილმეზობლურ ურთიერთობას. ჩვენს ეპისკოპოსს იქიდან გამოუშვებენ და ოფიციალურად საკუთარ ეპისკოპოსს დანიშნავენ. იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა, პირველ რიგში კი, უძველესი საპატრიარქოები – ანტიოქია, ალექსანდრია, იერუსალიმი აღიარებენ უკრაინის ავტოკეფალიას, მათი აღიარების შემდეგ ჩვენც თუ ვაღიარებთ, ისე მწვავე დაპირისპირებაში აღარ შევალთ რუსეთთან,“ – განაცხადა თეოლოგმა ლევან აბაშიძემ რადიო „ფორტუნასთან“.

ამგვარი თავშეკავებისა და სიფრთხილის მიზეზს ვერ ხედავს თეოლოგი ლადო ნარსია. მისი თქმით, შიში იმის თაობაზე, რომ რუსეთი აფხაზეთის ან ოსეთის ავტოკეფალიას აღიარებს, თითიდან გამოწოვილია, რადგან რუსეთს ამის ლეგიტიმური უფლება არ აქვს.

„შიში სრულიად მოგონილი და თითიდან გამოწოვილია, იმის შესახებ რომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთს ან ოსეთს. რუსეთს არ აქვს ამის არანაირი ლეგიტიმური უფლება და თუნდაც ის მოიქცეს ისე, როგორც მას ახასიათებს ზოგადად, მიტაცება და ძალმომრეობით პოლიტიკის განხორციელება, არცერთ შემთხვევაში ეს არ იქნება აღიარებული და მხარდაჭერილი საერთაშორისო მართლმადიდებლური ეკლესიების თუ საპატრიარქოების მიერ და ეს არის მთავარი. რა თქმა უნდა, ვერავინ გახდება პასუხისმგებელი თქვას, რომ რუსეთი ამას არ გააკეთებს, მაგრამ რუსეთმა ეს რომ გააკეთოს კიდეც, ამას არ ექნება არანაირი ლეგიტიმური უფლება, ისევე როგორც, არანაირი ლეგიტიმური უფლება არ აქვს აფხაზეთის პოლიტიკურ აღიარებას. მას არ აქვს მხარდაჭერა არცერთი საერთაშორისო აქტორისა იმ 4 სახელმწიფოს გარდა, რომელზეც რუსეთი ახორციელებს გავლენას. რუსეთს ისედაც მითვისებული აქვს და ახორციელებს არაკანონიკურ ხელმძღვანელობას აფხაზეთის ტერიტორიის. მან უკვე თორმეტი მღვდელმსახური აკურთხა და დანიშნა,“ – განაცხადა ლადო ნარსიამ.

თეოლოგი ასევე არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქოს თავშეკავებული რეაქცია რუსეთის პოზიციის შეფარული და ირიბი გათვალისწინებაა.

„სოციალურ ქსელში ტრიალებს სტატია, სადაც მოსკოვის საპტრიარქოს სასულიერო პირი საუბრობს. ამ სტატიაში მკვეთრად არის პროსუსული პოზიცია გამოხატული. საქართველოს საპატრიარქოს აქვს წარმოდგენა, რომ აი, ეს პოზიცია უნდა იყოს მათი საყრდენი ხედვა უკრაინის საკითხის მიმართ. ამ სტატიაში არის უამრავი ფაქტი მოყვანილი, რომელიც თითქოს ერთი შეხედვით დაარწმუნებს ადამიანს, რომ რუსეთის პოზიცია თითქოს მართალია. ამიტომ თუ საქართველოს საპატრიარქო დროს უფრო ახანგრძლივებს, მას უნდა ეს ყველა დეტალი სიღრმისეულად გაანალიზოს და გაარკვიოს, რამდენად არის მართალი წარმოდგენილი არგუმენტები. ეს ნამდვილად მოითხოვს დროს და ასეთ შემთხვევაში, გონივრულად ჩავთვლიდი საპატრიარქოს ამ ნაბიჯს. მაგრამ საპატრიარქო გვეუბნება პირდაპირ, რომ ის განცხადებას გააკეთებს სხვა ეკლესიების განცხადებების მერე, ეს პრაქტიკულად არის შეფარული, ირიბი გათვალისწინება რუსეთის საპატრიარქოს პოზიციის. თუ რუსეთის ეკლესია მოახერხებს და უკარნახებს თავის სატელიტ ეკლესიებსა და საპატრიარქოებს პოზიციას და მიიმხრობს მათ, ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიას ექნება მეტი სტიმული განაცხადოს, რომ რადგან სხვა ეკლესიები არ იზიარებენ ავტოკეფალიის საკითხს, ამიტომ ისიც არ იზიარებს. ეს არის მთელი გარკვეული ტიპის ხრიკი და მთელი შინაარსი საპატრიარქოს ამ დაყოვნების და დროის, რომელსაც ის ითხოვს,“ – აღნიშნა თეოლოგმა ლადო ნარსიამ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში 47 მღვდელმთავარია. სწორედ მათ მიერ მიცემული ხმებით გადაწყდება, აღიარებს თუ არა საქართველოს ეკლესია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის მიიღებს საქართველოს საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებას და საით გადაიხრება ვერტიკალი.

mazda magti 5g