უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას, ზოგან დამცველებმა უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს.
„თავდაცვითი ძალები განაგრძობენ უკრაინული მიწების გათავისუფლებას ხერსონის მიმართულებით. წარმატებული შეტევითი ოპერაციების დროს ჩვენი ჯარების მოწინავე ნაწილებმა ზოგან უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. რიგ დასახლებებში მტრის იდენტიფიცირებისა და განადგურების ღონისძიებები მიმდინარეობს. ოპერაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შედეგების ოფიციალური გავრცელება მოგვიანებით მოხდება. მტრის ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებისკენ ცალკეული მიმართულებით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ჩრდილოეთით, თავდაცვითი ხაზების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის გაუმჯობესებისკენ“ , – აღნიშნულია ინფორმაციაში.