საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის საკითხისთვის მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება.
მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია.
მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
„მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება და საჭიროა დისკუსიის აქტიურად გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ერთად მივყვებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონს დაეთანხმა ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც განაცხადა, რომ მაკრონის მოსაზრებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისის განმუხტვას.
„მისი მოსაზრებების, შემოთავაზების ნაწილი, რომლებზეც ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარია, შესაძლოა, რომ შემდგომში ერთობლივი ნაბიჯების საფუძველი გახდეს“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მაკრონი უკრაინის ხელისუფლებას შეხვდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.