უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის რაიონის სოფელი – სტანიცია ლუგანსკა დაბომბეს. ოკუპანტების მიერ მძიმე არტილერიის გამოყენების შედეგად, ჭურვები საბავშვო ბაღის შენობას მოხვდა.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა კომუნალური ინფრასტრუქტურაც – დასახლების ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. გაერთიანებული ძალების ოპერაციის სამხედროებმა სასწრაფოდ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
JFO-ს შტაბის პრესცენტრმა „Украинской правда“-ს დაუდასტურა, რომ საბავშვო ბაღი დაბომბეს. მათ აღნიშნეს, რომ ოფიციალური ინფორმაცია პრესცენტრის Faceebok გვერდზე მალე გამოჩნდება.
როგორც „Украинской правда“ ადგილობრივ მოხალისეებზე დაყრდნობით წერს, წინასწარი მონაცემებით, დაზარალებულები მოზარდებს შორის არიან.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ დაბომბვის დროს, საბავშვო ბაღში ბავშვები იმყოფებოდნენ. გამოცემას გაერთიანებული ძალების ოპერატიული შტაბის პრესცენტრში უთხრეს, რომ ბავშვების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ეუთოს ჯგუფი კონტაქტის ხაზზე აფიქსირებს ინტენსიურ, მათ შორის საარტილერიო დაბომბვებს, გამოიყენება მძიმე არტილერია.
ამასთან, საგულისხმოა, რომ თვითგამოცხადებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა უკრაინის სამთავრობო ძალებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთის დუმა პლენარულ სხდომაზე, უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის – დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავდა.
გუშინვე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინმა მხედველობაში მიიღო სახელმწიფო დუმის მიმართვა, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ, თუმცა იქვე დასძინა, რომ „რესპუბლიკების აღიარება მინსკის შეთანხმებებს არ შეესაბამება.“