LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უპირბადო 24 მძღოლი და 2 088 მგზავრი და 21-ჯერ გამოძახებული პატრული: ტრანსპორტში დარღვევები გამოავლინდა

197
100699813-3513904878634316-7617502198880010240-o

ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში მიღებული რეგულაციების მიხედვით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. განსაკუთრებით ეს ეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს. ამის შესახებ განმარტებები თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახი კალაძის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ხშირია წესების დარღვევის შემთხვევები, რაც დაფიქსირდა როგორც ავტობუსში, ასევე მიკროავტობუსში. გამოვლენილია 24 მიკროავტობუსის მძღოლის მიერ რეგულაციის დარღვევის ფაქტი, რომლებიც მანქანას პირბადის გარეშე ატარებდნენ. კალაძის განცხადებით, მათ მიმართ მიღებულია სანქცია.

“ის, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ატარონ პირბადე, იმიტომ რომ ის არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება. ჩემი თხოვნაა პირბადის გარეშე არ დაუშვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უპირბადო მგზავრის გადაადგილება. ჩვენ რა თქმა უნდა კონტროლს ვუწევთ, მაგრამ არის შემთხვევები, როგორც მიკროავტობუსებში, ასევე ავტობუსებში. მიკროავტობუსში პირბადის გარეშე მართავდა 24 მძღოლი, ეს გამოვლინდა და კატეგორიულად მიუღებელია. ამას როგორც კომპანიის მხრიდან ასევე ჩვენი მხრიდან მოყვება მკაცრი რეაგირება. ამ 24 მძღოლის მიმართ მიღებულია შესაბამისი სანქციები. 2 დღის განმავლობაში ისინი ვერ იმუშავებენ. ასევე მიკროავტობუსში 224 მოქალაქე გამოვლინდა, რომელსაც ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე, თუმცა ამას რეაგირება მაშინვე მოჰყვა და მძღოლმა ისინი არ აუშვა მიკროავტობუსში. იყო პირბადის არასწორად გაკეთების შემთხვევებიც”, – აღნიშნა მერმა.

კალაძის ინფორმაციით, წესების დარღვევის ფაქტები გამოვლინდა საქალაქო ავტობუსში, სადაც 2 000-ზე მეტი შემთხვევა უპირბადო მგზავრის და 21-ჯერ საპატრულო პოლიციის გამოძახების შემთხვევა დაფიქსირდა.

“2088 უპირბადო მგზავრი ეცადა ამოსულიყო, მაგრამ არ ამოუშვეს. 1500-მდე მგზავრს მიეცა გაფრთხილება რომ პირბადე გაესწორებინა. 116-ჯერ არ დაიძრა ავტობუსი იმის გამო ,რომ მგზავრი არ იკეთებდა პირბადეს. 21 შემთხვევა იყო პატრული გამოძახების” – განაცხადა კახი კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა იმ მოქალაქეებს ვინც მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ეხმარებათ წესების დაცვაში.