მეორე ტურები, ოპოზიციის შანსები, თავდაჯერებული მმართველი გუნდი და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი – ეს საქართველოს დღევანდელი რეალობაა. ახლა მთავარი კითხვები ვადამდელ არჩევნებს და მეორე ტურებში ოპოზიციის გამარჯვების შანსებს უკავშირდება. ამ დროისთვის რაც ვიცით ის არის, რომ 20 თვითმმართველი ქალაქში/თემში მეორე ტურები გაიმართება. აქედან ნაწილში ამ დროის მონაცემებით ოპოზიციის კანდიდატები მმართველი გუნდის კანდიდატებს უგებენ. არის თუ არა ეს საკმარისი და აქვს თუ არა ოპოზიციას მშვიდად ყოფნის უფლება – ცხადია არა. დავიწყოთ იქიდან, რომ მეორე ტურში მოქალაქეების რაოდენობა, როგორც წინა გამოცდილება გვიჩენებს, იკლებს ხოლმე. ამას ემატება, „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ უფრო მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი, რაც ასევე მოსალოდნელია იმავე წინა გამოცდილების მიხედვით. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, რამდენად არის დამოკიდებული მეორე ტურებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებისთვის დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა, რას იზამენ ისინი და ამასობაში სად წავიდა ყბადაღებული რეფერენდუმის საკითხი, რომელიც ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი იყო.

 

რა რეალობაა არჩევნების შემდეგ 

 

 

“ქართული ოცნების“ კონკურენტი 20-დან 17 შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია. უკვე ისიც ვიცით, რომ მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. მანამდე კი, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებით, არჩევნების მეორე ტურამდე პერმანენტულ აქციებს გეგმავს. პარალელურად, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, ნიკა მელია აპირებს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარუდგინოს ის კანდიდატები, ვისთან ერთადაც აპირებს მუშაობას გამარჯვების შემთხვევაში. მელია იმასაც ამბობს, რომ სხვადასხვა პოზიციის შეთავაზებას სწორედ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის აპირებს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ღიად თქვა, რომ მეორე ტურში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. ყოფილმა პრემიერმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ღია მოწოდებებს თავი აარიდა და შეეცადა ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინა. გიორგი გახარიას თქმით, ისინი საკუთარ ამომრჩეველს არ მიაყენებენ შეურაცხყოფას და არ ეტყვიან, რომ რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭირონ.

 

 

სად გაქრა რეფერენდუმის და ვადამდელის იდეა

 

ამ კითხვაზე ოპოზიციასაც და ექსპერტებსაც აქვს ცალსახა პასუხი – არსად. არადა, ფაქტია, ამაზე საუბარი მინიმუმ შემცირდა. წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში კი მთავარი ხაზი ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო. ოპოზიცია მოქალაქეებს მოუწოდებდა, წასულიყვნენ არჩევნებზე, რადგან ეს უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები კი არ იყო, არამედ – რეფერენდუმი. ამის მიუხედავად, ახლა, როცა პროპორციულ ნაწილში ოცნებას 43%-ზე მეტი აქვს, ამაზე აქცენტი ნაკლებად კეთდება და ოპოზიცია ახალი ძალებით მეორე ტურისთვის ემზადება.

არსებულ შედეგებს დიდ გამარჯვებად მიიჩნევს ციხეში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი. როგორც მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში წერს, ეს დიდი წარმატებაა და ახლა მეორე ტურებში გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ.

 „ფორტუნამ“ ვადამდელი არჩევნების პერსპექტივაზე პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაწერა, რომელიც ამბობს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.

„ხელისუფლებამ ნაადრევად იზეიმა და ჩაუფლავდათ ეს ზეიმი. გვახსოვს ჩვენ, ნარმანიას, ზურაბიშვილის შემთხვევები. ახლა გასამდა-მეთქი ვამბობ ხოლმე. რაც შეეხება 43%-ს, არ ახსენებს არავინ, მაგრამ თუ ოპოზოციამ 5 დიდ ქალაქში მაინც მოახერხა მოგება, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი ხდება.

ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მოიგებს დიდ ქალაქებს, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი…. ახლა გეტყვით სქემას. ძალიან მალე საკრებულოების უმრავლესობაში დაიწყება უკუპროცესი, ანუ გადალაგდება უმრავლესობა, ოპოზიცია დააკომპლექტებს უმრავლესობას. საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოშლის და გადალაგების პროცესი იქნება ამ ყველაფრის თანმდევი. ეს იქნება იმ შემთხვევაში, თუ დიდ ქალაქებს მოიგებს ოპოზიცია.

თუნდაც, მხოლოდ დედაქალაქი მოიგოს ოპოზიციამ, შედეგი იგივე იქნება, უბრალოდ შეიძლება ეს დროში გაიწელოს“, – ამბობს ლაგაზიძე.

ჩვენ დავინტერესდით, რა როლი აქვს მთელ ამ პროცესში დანარჩენ ოპოზიციას, იმისთვის, რომ მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვონ.

„გახარიას ფაქტორი არის მნიშვნელოვანი, მას ოქროს გასაღები უჭირავს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დანარჩენი ოპოზიცია. ეს გადამწყვეტ გავლენას მოახდენს მეორე ტურის შედეგებზე. მე არ დავასახელებ „ქართული ოცნების“ სატელიტ პარტიებს, მაგრამ მათ ამომრჩეველს მართლა სჯერა, რომ ოპოზიციური ამომრჩეველია. ამიტომ არ არის გამორიცხული, ისინი მეორე ტურში სწორედ ოპოზიციური პარტიების მხარეს იყვნენ“, – ამბობს პოლიტიკის ექსპერტი.

ახლა ჯერი ოპოზიციასა და ამომრჩეველზეა, თუმცა მანამდე ყველა ელოდება პირველ რიგში ნიკა მელიასა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას რა შედეგები მოჰყვება. Ad desktop banner Ad mobile banner

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები