LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალების ქვეყანა – სესხებისა და ანაბრების გაცემა აიკრძალება

პარლამენტი ეროვნული ბანკის ინიციატივას იხილავს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, არალიცენზირებული კომპანიების მიერ თანხების მოზიდვა კრიმინალური საქმიანობა გახდება და შესაბამისად დაისჯება.

ორგანულ კანონს ემატება 483-ე მუხლი (საბანკო და საკრედიტო საქმიანობა), რომელიც თანხების მოზიდვის შეზღუდვის მექანიზმს ადგენს.

ეროვნული ბანკის გარეშე, მეწარმე დაბრუნებადი ფულად სახსრებს ვერ მოიზიდავს, ვერც სესხს გასცემს. პირს ამის უფლებამოსილება მხოლოდ საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის ან პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულების შემთხვევაში ენიჭება.

რეგულაციების გამკაცრების არგუმენტად სებ-ი, მომრავლებულ დაზარალებულებს ასახელებს, რომლებმაც საკუთარი დანაზოგი გაურკვეველ ორგანიზაციას მიანდეს და “მშრალზე დარჩნენ”.

“1.არავის არა აქვს უფლება, ეროვნული ბანკის მიერ გაცემული საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე მიიღოს დეპოზიტები და მათი გამოყენებით გასცეს კრედიტები.

2. მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს არ შეუძლია ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები (მათ შორის მიიღოს სესხი) ან/და აწარმოოს პირთა ფართო წრიდან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება,” – ასეთია კანონპროექტის ეს ნაწილი.

ვალების ქვეყანა

ყოველ 1000 კაცზე 676 ადამიანს ბანკის ვალი აქვს – პრობლემა ნამდვილად დგას და როგორც ჩანს, სებ-მა ამ საკითხის მოგვარების გზად ზედამხედველობის გამკაცრება მიიჩნია.

თუმცა, დასაფიქრებელია რამდენად იმოქმედებს მცირე საკრედიტო ორგანიზაციების (თუნდაც ონლაინ ორგანიზაციების) ასეთი შეზღუდვა კონკურენციაზე და შესაბამისად სესხების პროცენტზე.

შეზღუდვა რომ ნამდვილად იქნება ეს

მუხლი 522

კანონპროექტიდანაც ჩანს:

“სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში და დააკმაყოფილოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მოთხოვნები. სესხის გამცემი სუბიექტის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების და რეგულირების წესი დგინდება ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით,” – წერია კანონში.

სავარაუდოდ, სების მოთხოვნებს ბევრი საკრედიტო კომპანია ვერ დააკმაყოფილებს. თუმცა, ეს შეზღუდვა, მაქსიმალურად შეამცირებს თაღლითურ კომპანიებს.

ანაბრები

1990-იანი წლების შემდეგ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, საქართველოს უამრავ მოქალაქეს გაეყინა ანაბარი, რომლის “უმაღლესი” პროცენტით ბევრი დარჩენილი სიცოცხლის უზრუნველად გატარებას აპირებდა.

პირები, რომლებიც შპს-ებმა დააზარალა, ბოლოს ისევ ეროვბულ ბანკთან და პარლამენტთან მიდიან “სამართლიანობის აღდგენისთვის” და ფულის დაბრუნებისთვის.

ასეთები კი ბევრნი არიან.

1 წელში – 4 000 დაზარალებული

კვლევის მიხედვით, ბოლო ერთ წელიწადში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, დაზარალდა 4 000 ადამიანი.

კერძოდ, “საზოგადოება და ბანკების” მონაცემებით:

  • კომპანია ”საქართველომ“ – 2 343 მოქალაქე დააზარალა და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი;
  • კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი;
  • კომპანია ევროკრედიტი – დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

ეს მონაცემები სრული არ არის. საქართველოში რამდენიმე ფინანსური კომპანია, საქმიანობას ჯერ კიდევ განაგრძობს.

 

მედლის მეორე მხარე

კანონპროექტით, თითქოს, პრობლემის პრევენცია ხდება, მაგრამ საქმეს აქვს მეორე მხარეც.

ის ხალხი, ვინც მსგავს კომპანიებში თანხის ჩადების შემდეგ მოგებული დარჩა, აღნიშნულ ინიციატივას აპროტესტებენ.

რა თქმა უნდა, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან ასევე მსგავსი კომპანიების მფლობელები.

მათ საქმიანობის გასაგრძელებლად ლიცენზიის აღება და შესაბამისად, სულ მცირე, 1 მილიონი ლარის კაპიტალი სჭირდებათ. (ამ ეტაპზე მისო-ების საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, რომელიც სავარაუდოდ, 1 მილიონიდან 5 მილიონი ლარის ფარგლებში გაიზრდება)

ფინანსურ პირამიდებთან ერთად რეგულაციებში ექცევა სხვა საფინანსო კომპანიები. ახალი კანონპროექტის მიხედვით, მათ სესხის გაცემა კვლავ შეეძლებათ, თუმცა დეპოზიტებს ვეღარ მოიზიდავენ… თუნდაც ამ ფორმით:

არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა”, – ვკითხულობთ ერთ ერთი საფინანსო კომპანიის გვერდზე.

“ფორტუნამ” ასეთ კომპანიებთან დაკავშირება სცადა, თუმცა უშედეგოდ. მათ კანონპროექტთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების უმეტესობას მსგავსი გაფრთხილება საიტზე მითითებული არ აქვს.

როგორც “ფორტუნას” ეროვნულ ბანკში უთხრეს, ისინი კანონპროექტზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც განხილვები დაიწყება.

საბანკოდან გამიჯნული ბიზნესის მარეგულირებელი ცვლილებების კენჭისაყრელად პარლამენტარები მზად არიან, თუმცა არავინ იცის ამის საშუალება როდის მიეცემათ.

 

 

თამთა უთურგაშვილი