მეუფე პეტრე ცაავამ, როგორც წინასწარ დადგენილი იყო, დღეს დატოვა ჭყონდიდის ეპარქია. გასული დღეების განმავლობაში, მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, რომელსაც საზოგადოებაში შეშფოთება, საპატრიარქოში სკანდალი და მრევლში დაძაბულობა გამოიწვია, დღეს ეპარქიიდან მისი წასვლით დასრულდა. გადაწყვეტილება სინოდმა მიიღო. თუმცა პეტრე ცაავა არ აპირებს პატრიარქის და სინოდის გადაწყვეტილებებს დაემორჩილოს. მისი ვარაუდით, სინოდის სხდომა კიდევ უნდა გაიმართოს და ის დაესწრება იმ შემთხვევაში თუ მას პირდაპირ ეთერს დაუთმობენ.
„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, – ამის შესახებ ჭყონდიდის უკვე ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, მის მიერ ეპარქიაში გამართულ ბოლო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.
პილატეს სასამართლო, უპრეცედენტო გადაწყვეტილება, შენდობის ბოდიში და იმედის ცისარტყელა – სინოდის ამბავი კიდევ გაგრძელდება
„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის. მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“, – აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.
არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ყოფილი მეუფე ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, მეუფე პეტრემ „მორიგი ჭორი“ უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.
„ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.
რაც შეეხება დაემორჩილება თუ არა ყოფილი მეუფე პატრიარქს, ამასთან, მან უპასუხა:
„მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები“, – აღნიშნა პეტრე ცაავამ.