ვერიკო ტურაშვილის „რომ მიყვარხარ“ – ახალი სიმღერა, რომელიც თემო საჯაიამ დაუწერა, უპასუხო სიყვარულზეა. კლიპი, რომელსაც პროდიუსირება აჩიკო მეფარიძემ გაუწია, წყალტუბოში, მიტოვებულ სანატორიუმშია გადაღებული.
ვერიკოს ჩაცმულობაზე კლიპში იზრუნა დევიდ გევორქოვმა, ვიზაჟი ელლა ვინვარცს ეკუთვნის, კლიპის რეჟისორი გახლავთ სერიოგა სპილბერგი.
ვიდეორგოლის პრეზენტაცია 5 ივნისს, WYNDHAM GRAND Tbilisi-ში შედგა. ღონისძიებაზე მთავარი გმირი ულამაზეს მწვანე კაბაში გამოწყობილი მოვიდა და ყველა მსურველთან სიამოვნებით იღებდა ფოტოებს.
საღამოს წამყვანი გახლდათ „ფორტუნას“ მუსიკალური წამყვანი, ნია მოძმანაშვილი.
ვიდეოს ჩვენებამდე მან სცენაზე აჩიკო მეფარიძე მიიწვია, რომელმაც ჯერ საკუთარი ჰიტი „მითხარი“ შეასრულა, შემდეგ ვერიკოსთან ერთად ცნობილი დუეტი „მიდიან დღეები“, ამის მერე სცენა ვერიკოს კიდევ ერთმა მეგობარმა, თემო საჯაიამ დაიკავა. მან და ვერიკომ „ოქროს ტალღის“ ნომინაციის „წლის დუეტი“ მფლობელი სიმღერა „თოვს“ ერთად იმღერეს.
ვიდეორგოლი დიდ ეკრანზე რამდენჯერმე უჩვენეს საზოგადოებას, რომელმაც ვერიკოს შესრულებისა და ასევე ძალიან ლამაზი კადრების გამო აღფრთოვანება ვერ დამალა და ხმამაღლა, შეძახილებით გამოხატავდა მხარდაჭერას.
საღამო ტორტის გაჭრითა და დიჯეისეტით დასრულდა.
სალომე ბაკურაძე:
გაგიჟებული და გადარეული ვარ. ცრემლებახალმომშრალებული ვარ. ფანტასტიკური სიმღერაა და ვერიკო გენიალურად ასრულებს. ეს ის სიმღერაა, რომელიც მარტო ვერიკოს უნდა ემღერა. ახლაც მაჟრიალებს. თან, ისეთი ლამაზია კლიპში. კლიპიან, ვიზუალიან, ნამღერიან, ტექსტიანად ბოლოს რა ვნახე და რა მომეწონა, ვერც ვიხსენებ. ვერიკოს აღარ აქვს უფლება, რომ ამაზე ნაკლები შემოგვთავაზოს.
ნოდიკო ტატიშვილი:
მე ძალიან მომეწონა ნამუშევარი, დაწყებული მელოდიითა და ტექსტით, დასრულებული გამოსახულებით, ვიდეოთი. სულ იმას ვამბობ, რომ ვერიკო დაიბადა უკვე დაეფექტებული ხმით. მის ხმას არ სჭირდება არაფრის დამატება, აქვს ულამაზესი ტემბრი. არაჩვეულებრივი ნამღერია. მინდა, მივულოცო კიდევ ერთი კარგი ნამუშევარი სულითა და გულით. ვარ მისი დიდი გულშემატკივარი, ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ!..
ვერიკო ტურაშვილი:
მე ვერ ვუყურებ ხოლმე ჩემს ვიდეოებს შორიდან, არ ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს და მიხარია, თუკი მოეწონათ კოლეგებსა და მეგობრებს.
ძალიან ლამაზი ადგილები ვიპოვეთ, რომლებიც, სამწუხაროდ, არ ვიცოდი. ზუსტად მანდ უნდა გადაგვეღო ალბათ ეს კლიპი.
გულგატეხილი ქალის სიმღერაა…
გულგატეხილი კაცის დაწერილი (იცინის). ვხუმრობ. სიმღერა თემო საჯაიას ეკუთვნის. ჩემთვის დაწერა და იფიქრა, რომ ეს სიმღერა მე მომერგებოდა.