ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში, საქართველოს ეროვნული გმირი – ამბროსი ხელაია საქართველოს სახელმწიფოებრივი წყობის საკითხში მხარს უჭერდა სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და ბოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
1922 წელს მან თავისი ცნობილი მიმართვა გაუგზავნა გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციას, სადაც იგი მოითხოვდა საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას. დოკუმენტები საქართველოს ეროვნული არქივშია დაცული.

ამავე წელს ამბროსი დაპატიმრებულ იქნა ე.წ. „ჩეკა“-ს მიერ და 1924 წლის ბოლომდე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში. მას ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“, რომელიც მან პატიმრობის დროს დაწერა.

საბჭოთა ჯალათების მიერ ნაწამები პატრიარქი – ამბროსი ხელაიას დაკითხვის ოქმი:
პროკურორი ოკუჯავა – თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?
კათალიკოსი ამბროსი – ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რას მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?
კათალიკოსი ამბროსი – ვიცავდი საქართველოს სახელმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.
მოსამართლე ერქომაიშვილი – რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?
კათალიკოსი ამბროსი – მე დღემდე არ ვიცი, ვის იცავს რუსის ლაშქარი. როდესაც წითელი ლაშქრის გაყვანას ვითხოვდი, მე მხედველობაში მქონდა ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.
მოსამართლე ერქომაიშვილი – როდის იყო საქართველო თავისუფალი?
კათალიკოსი ამბროსი – წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ჯარი შემოვიდა, საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა.
სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე – მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?
კათალიკოსი ამბროსი – არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოვიტანთ საქართველოს რუკას.
სასამართლოს წევრი რთველაძე – სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ქართველი ხალხის თავისუფლების დამცველი?
კათალიკოსი ამბროსი – მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?
კათალიკოსი ამბროსი – ინტერვენციით.
პროკურორი ოკუჯავა – რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ჯარს?
კათალიკოსი ამბროსი – იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.
პროკურორი ოკუჯავა – რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?
კათალიკოსი ამბროსი – ასოცი წლის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.
პროკურორი ოკუჯავა – დამისახელთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ქართველი ხალხისა?
კათალიკოსი ამბროსი – ერის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, რომ ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.
მოსამართლე ერქომაიშვილი – მაგალითად, რაში გამოიხატა რუსეთის ჩარევა ეკლესიის დამოუკიდებლობაში?
კათალიკოსი ამბროსი – თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი. რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც.
ამბროსი განისვენებს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში. 2013 წელს 26 სექტემბერს მაშინდელმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამბროსი ხელაიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
