ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ 2022 წელი სიახლეებით დაიწყო. ის რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობს, მათ შორისაა: საათი ქართული ანბანით, რომელიც უკვე ჩაეშვა რეალიზაციაში და მის შესახებ ინფორმაცია „ციკოლის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
„შეზღუდული რაოდენობით. შეძენა შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ“, – წერია ორიგინალური საათის აღწერაში.
გარდა ამისა, დიზაინერი სუნამოს გამოშვებასაც გეგმავს და როგორც ჩანს, პროექტზე მუშაობა უკვე დასკვნით ეტაპზე გადადის. ზვიად ციკოლიამ დღეს დილით ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამზადებენ სუნამოს ბოთლს.
„ჩვენი სუნამოს ბოთლი დაიბადა“, – წერს ციკოლია. მის ამ პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტრადიციულად, საკუთარი გულშემატკივრები ცნობილ ქართველ დიზაინერს კომპლიმენტებით ავსებენ. „შენ ხარ პელე, ელჩი ხართ ჩვენი, ამეტირა, რა მაგარი გრძნობაა“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომენტარების, რომლებიც ციკოლიას სუნამოს ბოთლის გამოჩენას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ სუნამოს, ისევე როგორც ციკოლიას სამკაულების ხაზს, ქვევრის ფორმა ექნება.
შეგახსენებთ, ზვიად ციკოლია საწარმოს და სათავო ოფისის აშენებასაც გეგმავს. „ქარხანა ჯამში 600 კვ. მეტრის ფართის იქნება, საიდანაც უშუალოდ მექანიკური საამქრო 300 კვ. მეტრ ტერიტორიაზე განთავსდება. დანარჩენი ადმინისტრაციულ შენობას დაეთმობა,“- განაცხადა გასულ თვეს ცნობილმა ქართველმა სამრეწველო დიზაინერმა.
როგორც ციკოლია ამბობს, უკვე დასრულებულია პროექტზე მუშაობა. შერჩეულია სავარაუდო ლოკაციაც – განიხილება დიდი დიღმის, ან ლილოს ტერიტორია. რაც შეეხება მშენებლობის დაწყების თარიღს, ზვიად ციკოლია ჯერჯერობით ამ საკითხზე ვერ საუბრობს.