LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიოლეტა ქაროსანიძე: ქალი, რომელსაც 140 ქართული მულტფილმი აქვს გადაღებული

1353
FORTUNA.GE (71)

მულტფილმის “მე წვიმად მოვალ” ანუ “გუნდა-გუნდა” გადაღებები ცხრა თვე მიმდინარეობდა. ვინ გადაიღო მულტფილმი და რაზე წყდება გული ქართველ ოპერატორ ქალბატონს.

 

ადამიანები ზრდასრულ ასაკამდე სხვადასხვა ეტაპს გავდივართ. განსაკუთრებულად ბავშვობის წლები გვამახსოვრდება. არ არსებობს ბავშვი, ვისაც მულტფილმები არ უყვარს, ან საყვარელი გმირი არ ყავს. ამჯერად, ქართული მულტფილმების ისტორიაში გამოგზაურებთ.

ვიოლეტა ქაროსანიძე – ქალბატონი, რომელსაც 140 ქართული მულტფილმი აქვს გადაღებული და ქართულ ანიმაციას 62 წელი მიუძღვნა. მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარია “მე წვიმად მოვალ”. კინო-ოპერატორობაზე ოცნებობდა, თუმცა ცხოვრების ნახევარზე მეტი ანიმაციას მიუძღვნა. ის ანიმაციური ფილმების ოპერატორია.

როგორ დაიწყო თქვენი და ქართული მულტფილმების ისტორია, რომლის შექმნაშიც განსაკუთრებული წვლილი გაქვთ?

ბავშვობიდან მულტიპლიკაციაზე არაფერი ვიცოდი. სკოლა ისე დავამთავრე, მულტფილმი ნანახი არ მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა, რომ კინოოპერატორი გამოვსულიყავი. არც მიფიქრია, რომ მულტფილმებს გადავიღებდი. დიდ კინოზე ვოცნებობდი. განსაკუთრებით, სამეცნიერო ფილმები მაინტერესებდა. ჟურნალებს ვნახულობდი, სადაც წერდნენ თუ, როგორ იღებდნენ პეიზაჟებს, ცხოველებს და ზოგადად ყველაფერს.
მაშინ კინოსაოპერატორო საქართველოში არ იყო. ამიტომ, მოსკოვში კინემატოგრაფიის ინსტიტუტში უნდა ჩამებარებინა. მიღებისთვის ორწლიანი სამუშაო სტაჟი უნდა მქონოდა. ამის გამო, კინოსტუდიაში მოვხვდი. საბედნიეროდ ქალბატონ, სარა სპარსიაშვილთან აღმოვჩნდი. ის საქართველოში მულტიპლიკაციის დამაარსებლის, ლადო მუჯირის მეუღლე იყო.
პირველად, როცა მუშაობა დავიწყე, ბატონი არკადი ხინთიბიძე “ჩხიკვთა ქორწილს” იღებდა, სადაც მე ასისტენტი ვიყავი. შემდეგ, “ხელმარჯვე ოსტატი”, “წუნა და წრუწუნა” და “ქორბუდა” გადავიღეთ. ამასობაში, მოსკოვის საერთაშორისო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ჩავაბარე. ამ დროს, თითქმის ჩამოყალიბებული მულტ-ოპერატორი ვიყავი, მაგრამ მთელი ხუთი წელი იქ ვისწავლე და მაინც ჩემ საქმიანობას დავუბრუნდი. თითქმის ხუთ თაობასთან მომიწია მუშაობა. ძალიან საინტერესო იყო.

მულტფილმების შექმნის პროცესებზე მესაუბრეთ. როგორ იქმნება მულტფილმი?

მულტფილმი იგივე მხატვრული ფილმია, ოღონდ ძალიან მინიატურული. თითქმის ერთიდაიგივე მეთოდებია საჭირო თოჯინური ფილმის გადასაღებად. ნახატი შედარებით იოლია. დღევანდელ დღეს, კიდევ უფრო მარტივად აკეთებენ ამ ყველაფერს. ფილმის გადაღება სცენარით იწყება. რეჟისორი და მხატვარი სცენების მიხედვით, ერთად ახდენს დაკადრვას. შემდეგ ერთვებიან ხმის და კინო ოპერატორები, კომპოზიტორი. მოსამზადებელ პერიოდში იკინძება ეს ყველაფერი. შემდეგ მუშავდება ფაზების, გაფერადების, კონტურის, საღებავების დამზადების საამქროში და განხორციელება მიმდინარეობს. ყველა ცნობილი მხატვარი კინოსტუდიაში მუშაობდა. ლადო გუდიაშვილი, პიკო ნიჟარაძე და ა.შ.

გოგი კასრაძის შესახებ მომიყევით…

გოგი, შალვა გედავანიშვილმა “ნიკო და სიკოს” გადაღებაზე მოიწვია. როდესაც ის კინოსტუდიაში მოვიდა, პირველი ქართული თოჯინური ფილმი უკვე გადაღებული ქონდა. თუმცა, ნამუშევარი მოყვარულის დონეზე იყო.

თქვენი სიყვარულის ამბავი როგორ დაიწყო?

ერთმანეთთან პროფესიამ დაგვაახლოვა. როცა საკურსოზე ვმუშაობდი, გოგი ძალიან მეხმარებოდა. სწორედ აქ გაჩნდა ნაპერწკლები. კომბინირებულ გადაღებათა ოპერატორი იყო და მაშინ მეც ეს მჭირდებოდა. სწორედ მისი პროფეესიის გამო შემიყვარდა და გამაბედნიერა. სულ მასწავლიდა, მეხმარებოდა. მისი ყველა ფილმი ჩემი გადაღებულია.

ალბათ ძალიან რთულია ცალკე გამოყოფა, მაგრამ განსაკუთრებულად რომელი ნამუშევარი გიყვართ?

მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი. იმდენ შრომას ვდებდი. ზოგ ფილმზე უფრო მეტი ენერგია და დრო მჭირდებოდა, ზოგზე ნაკლები, მაგრამ ასე განსაკუთრებულად ვერ ვყოფ მაინც, არ შემიძლია.

ჯილდოებზე გვესაუბრეთ..

დათო თაყაიშვილს ძალიან კარგი ფილმი ქონდა, “ჭირი”. კანის ფესტივალზე დიპლომი მიიღო. გოგის და გივის (კასრაძეები) ერთობლივი ფილმი იყო “ცნობისმოყვარე”, რომელმაც საფრანგეთში “ანესის” კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო. ასევე, ტაშკენტში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდებოდა და იქ ფილმმა, “უკანასკნელი წვეთი” საკმაოდ სერიოზული ჯილდო აიღო.

განსაკუთრებულად უნდა შევეხო, ყველასათვის დაუვიწყარ და საყვარელ მულტფილმს “მე წვიმად მოვალ” (გუნდა-გუნდა). ნამდვილად დროს გაუძლო…

საინტერესო და უცნაური იყო ის, რომ ყველა ფილმს განკუთვნილი დრო ქონდა. გუნდა-გუნდას გადაღებისას იმდენი საქმე იყო. აპარატურა არ გვყოფნიდა, დრო აღარ გვრჩებოდა და გამოდის, რომ თითქოს არალეგალურად ვიღებდით, როცა დრო შემოგვრჩებოდა. ალბათ, დაახლოებით ცხრა თვე მიმდინარეობდა. ხან სახლში მოგვქონდა, ხან გვიან ყველაფერს რომ მოვრჩებოდით, მაშინ ვაკეთებდით. თუმცა, ყველაზე აქტუალური გახდა და ნამდვილად დროს გაუძლო.

თქვენი აზრით, რატომ მოხდა ასე, რა ქონდა ამ მულტფილმს განსაკუთრებული?

ძალიან ემოციურია. ამ მულტფილმზე ბავშვებიც და დიდებიც ტირიან. ამბავი, პერსონაჟები და მუსიკა სამივე იმდენად შერწყმულია ერთმანეთთან. სხვათა შორის, გოგის ძალიან უნდოდა გაგრძელების გადაღება. თუმცა, არ დასცალდა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის დროს ყველაფრის დამტკიცება მოსკოვში ხდებოდა და უფლება არ მისცეს.
ერთი ამბავი მახსენდება, სკოლიდან გადმომყავდა ხოლმე ბავშვები მულტფილმების საჩვენებლად. იმ პერიოდში “გუნდა” დასრულებული იყო, “ნუკრიზე” ვმუშაობდით. მაშინ მთავარ რედაქტორად ახალი მოსული იყო ირაკლი გოცირიძე და კოლექტივის გაცნობა უნდოდა. გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა სკოლიდან, სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ბავშვები მოეწვია. დიდ დარბაზში, უფროსების და მასწავლებლების გარეშე შეუშვა, რამდენიმე ფილმი აჩვენა, თან მისცა სია და დავალება, რომ მათ ყველა ფილმისთვის ნიშნები დაეწერათ. მაშინ 2-დან 5-მდე იყო. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ “მე წვიმად მოვალ” ერთადერთი ფილმი იყო, რომელზეც უკლებლივ, ყველა ბავშვს ხუთიანი ეწერა.

რამდენად სათანადოდ დაგაფასათ საზოგადოებამ ან რამდენად დაფასდა თქვენი ნამუშევრები. გული ხომ არ გწყდებათ რამეზე?

თავიდან მულტსტუდია, კინოსტუდია “ქართულ ფილმს” ეკუთვნოდა. წელიწადში ერთი ფილმი კეთდებოდა. ერთი რეჟისორი თავის ფილმზე რომ მუშაობდა, ამ დროს მეორე რეჟისორი უმუშევარი იყო. შემდეგ დაგვემატა და წელიწადში თითქმის 15 ფილმს ვაკეთებდით. სწორედ ამ დროს, როდესაც სამუშაოს ზენიტში ვიყავით, მაშინ დაგვხურეს. ამაზე ძალიან მწყდება გული.

ბოლო ნამუშევარი რომელი იყო?

გოგიტა ჭყონიას “პორტრეტი”. ძალიან კარგი ფილმი იყო, მაგრამ ბოლომდე ვერ დაამთავრა. შვიდნაწილიანი უნდა ყოფილიყო და მხოლოდ ერთი გააკეთა.

არასდროს არ ყოფილა მცდელობა, რომ აღედგინათ ეს ყველაფერი და თუნდაც გამზადებული ფილმები, რაც გადასაღები დარჩა დასრულებულიყო?

გადასაღები ფილმები ყველა რეჟისორს სარედაქციო კოლეგიაში წინასწარ ქონდა შეტანილი, რომ ფილმები მერე გადაღებულიყო, მაგრამ სტუდია დაიხურა. არა მარტო დაიხურა, არამედ რა, სად წავიდა წარმოუდგენელია. აპარატურა ჯართში ჩააბარეს, ფილმებიც, ზოგი მოსკოვში დარჩა, ზოგი ხანძრის დროს დაიწვა და განადგურდა. რაც შეეხება აღდგენას და ცვლილებას, ხალხიც აღარ იყო, სპეციალისტები ვინც ამას გააკეთებდნენ.

დღეს მულტსტუდია არსებობს?

სტუდიის სახით არ არსებობს, მაგრამ ცალ-ცალკე ენთუზიასტები არიან, ვინც ინდივიდუალურად ასწავლის. თუმცა, ყველაფერი კომპიუტერზე კეთდება.

რომელია თქვენი საყვარელი მულტფილმი, რომელზეც გითქვამთ, რომ სიამოვნებით იმუშავებდით?

ორ ბულგარელ რეჟისორთან ვიმუშავე. თუმცა, დისნეის თითქმის ყველა მულტფილმზე სიამოვნებით ვიმუშავებდი. განსაკუთრებულად “ბემბი” მიყვარს.

 

ნანკა ქოქიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები