LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს გარანტირებულად აამაღლებს, არ არსებობს – ეკა ყიფიანი

159
page
საჭიროა თუ არა ვიტამინები იმუნიტეტის გასაძლიერებლად, რომელი ვიტამინის მიღება არის აუცილებელი 3 წლამდე ბავშვებისთვის და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბავშვი უჭმელია – აქტუალურ თემაზე სასწრაფო პედიატრის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა და „კავკასიის მედიცინის ცენტრის“ ექიმმა, ეკა ყიფიანმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

გადაცემის ჩანაწერი: 

რომელი ვიტამინებით უნდა გავუძლიეროთ ბავშვებს იმუნიტეტი?

ეს თემა ყველა სეზონზე აქტუალურია, განსაკუთრებით ზამთარში. ვიტამინი მედიკამენტია, ის არის ქიმიურად სინთეზირებული, არ არის ბუნებრივი დანამატი, სამწუხაროდ არ არსებობს კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ არსებობს  ვიტამინების წყარო, რომელიც ჩვენი შვილების გარანტირებულ ჯანმრთელობას მოგვცემს და მათ იმუნიტეტს აამაღლებს. თანამედროვე ნუტრიციოლოგები გვეუბნებიან, რომ ვიტამინები უნდა მივიღოთ მხოლოდ საკვებიდან.

თუკი არსებობს გარკვეული დეფიციტი, რომელიც დგინდება ანალიზით, მაშინ შესაძლოა დაგვჭირდეს მედიკამენტურად ამის მართვა, სხვა მხრივ, მშობლებს ნამდვილად ვერ მივცემ რჩევას, რომ თვითნებურად რაიმე სახის ვიტამინი მისცენ ბავშვს. ჰიპერვიტამინოზი  ანუ ჭარბი დოზით ვიტამინების დაგროვება ორგანიზმში, იწვევს გაცილებით რთულ პრობლემებს. ვიტამინები ორი ტიპის არის, ცხიმში და წყალში ხსნადი, თუ ჩვენ ცხიმში ხსნად ვიტამინებს ჭარბად ვაწვდით, ის ღვიძლში აკუმულირდება და ძალიან სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

ერთადერთი ვიტამინი დანამატის სახით, რაც აღიარებულია და რაზეც მთელი მსოფლიო სამედიცინო სფერო შეთანხმდა, ეს არის D ვიტამინი. სამ წლამდე ბავშვებისთვის მისი მიღება აუცილებელია.

როდესაც ბავშვი უჭმელია და ბუნებრივი საკვებიდან ვერ იღებს იმ რაოდენობით ვიტამინს, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ,

როდესაც საუბარია კახექსიურობაზე და ბავშვი არაფერს იღებს, ამას მხოლოდ ვიტამინები ვერ უშველის, კომპლექსური ჩარევაა საჭირო, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბავშვი, რომელსაც არ უყვარს ხილი, თუმცა ხორცეულს მაინც იღებს. ან პირიქით. ასეთ შემთხვევაში მშობლებს უნდა ჰქონდეს გარკვეული ცოდნა და შერჩეული უნდა ჰქონდეს რაციონი სწორად.

დოზებზეც გვესაუბრეთ, ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ დღის განმავლობაში ბავშვმა საკვების გარკვეული დოზა,  ულუფა უნდა მიიღოს, რამდენად ეთანხმებით ამას?

გააჩნია ასაკს, როდესაც თვეების ბავშვზეა საუბარი დიახ, ნორმის კონტროლია საჭიროა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველ კვებაზე ბავშვმა ზუსტად ერთი და იგივე ოდენობა მიიღოს. შეიძლება ზოგჯერ მეტი, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალდატანებით ჭამა. ჭამა სიამოვნებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. შედარებით უფროს ასაკში საჭიროა დღიური რაციონის შევსება და დაბალანსება.  როგორც წესი, ჭარბი წონა უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე უჭმელი ბავშვი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები