“ვშიშობ, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ – გაეუქმებინა 19 აპრილის შეთანხმება, საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე ის იყო სამი თვის წინ.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ გადადგა ძალიან მოულოდნელი და დამაზიანებელი ნაბიჯი.
ევროპარლამენტარის თქმით, შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის დამაზიანებელია.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო გადაწყვიტა, გაეუქმებინა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში:
“როგორც ევროპული პარლამენტის, დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის წამყვანმა წევრმა, მივიღე ამოცანა წამყვანი მაღალი დონის მისიაში მონაწილეობისთვის, იმისთვის, რომ მხარი დამეჭირა პარტიებთან დიალოგისთვის და ევროპული გამოცდილება გამეზიარებინა.
მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი მისია ივლისში კოვიდის მაღალი მაჩვენებლების გამო გაუქმდა, გადავწყვიტე შეხვედრები საქართველოს პარლამენტში დელეგაციის სხვა წევრების გარეშე ჩამეტარებინა. ამიტომაც ვიმყოფები აქ, ზუსტად ამ მომენტში.
“ქართულმა ოცნებამ” გადადგა ძალიან მოულოდნელი და ჩემი აზრით დამაზიანებელი ნაბიჯი. მიიღო დამაზიანებელი გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებისთვის და გამოვიდა შეთანხმებიდან. ამის გამო გადავწყვიტე გამეუქმებინა ჩემი შეხვედრები საქართველოს პარლამენტში.
19 აპრილის შეთანხმება იყო და არის საფუძველი ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის აქტიურობისა საქართველოს პარლამენტში და მეტსაც გეტყვით, პირველად არ არღვევს ნდობას და “ქართულ ოცნებას” ისეთ სუბიექტად აქცევს, რომელსაც ნდობა არ გამოეცხადება. შეთანხმებიდან გამოსვლის გამართლება არადამაჯერებელი და არასერიოზულია. “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა მისი მოვალეობები, ეს ეხება მოსამართლეთა დანიშვნას ამბიციური სასამართლო რეფორმის გარეშე და ეს არის ზემოთ თქმულის კარგი დემონსტრაცია.” – თქვა კრამონმა.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებამ სარგებელი მხოლოდ კრემლს მოუტანა:
“გულდასაწყვეტი გადაწყვეტილებაა, რომელიც არ არის სარგებლის მომტანი საქართველოსთვის, მისი ხალხისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის. ამ გადაწყვეტილებამ მოუტანა სარგებელი მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან.” – თქვა კრამონმა.