LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაგვლეკავს თუ არა ჩინური პროდუქცია – რას მიიღებს საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობით?

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ჩინეთთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა. ამით ქვეყნისთვის უზარმაზარი ბაზარი გაიხსნა, თუმცა არა ცალმხრივად.

წესით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საბაჟო ბარიერებს ორივე მხარისთვის ხსნის, მაგრამ ამ შემთხვევაში ხელშეკრულება უფრო მეტად საქართველოს მიერ გატანილ პროდუქციაზე იქონიებს გავლენას.

ისინი ვინც საუბრობენ ჩინური პროდუქციით ქართული ბაზრის “წალეკვაზე”, არ ითვალისწინებენ ერთ რამეს – ბაზარი რამდენადაც შესაძლებელია, უკვე გაჯერებულია ჩინური პროდუქციით, რადგან საქართველოს იმპორტის კუთხით რეგულაციები 11 წელია ისედაც ლიბერალური აქვს.

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ლიბერალიზაციის ხარისხის გათვალისწინებით, ეს ხელშეკრულება არ მოახდენს მნიშვნელოვან გავლენას ჩინეთიდან იმპორტის ზრდაზე და შესაბამისად, არც ეროვნულ მწარმოებლებს შეუქმნის დამატებით პრობლემას.

 

„ცალსახად დადებითი ხელშეკრულება“

ქართველი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკას და ადგილობრივ წარმოებას ახალ შანსებს და გზებს უხსნის. ამ ხელშეკრულების ცალსახად დადებით მხარეებზე ყველა ეკონომისტი თანხმდება.

“ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს” დამფუძნებლის პაატა შეშელიძის განცხადებით, თუ ჩინეთიდან რაიმე იაფი საქონელის შემოტანაა შესაძლებელი, ის უკვე შემოსულია. ამ ხელშეკრულებით კი საქართველოს მიეცა შანსი, რომ ჩინეთის ბაზარზე გაიტანოს პროდუქცია.

გარდა ამისა, შეშელიძის თქმით, იაფი პროდუქცია აუცილებელია მომხმარებლებისთვის.

„ჩინეთიდან პროდუქტი 11 წელია ლიბერალიზებული რეჟიმით შემოდიოდა. არსებითად, ამ ხელშეკრულებით ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა. ამაზე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტი: მომხარებელს სჭირდება რაღაც იყიდოს იაფად. იაფი პროდუქცია მათთვის ყველა ვარიანტში მომგებიანია“, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

რომან გოცირიძის თქმით კი, ეს დაწყებული საქმის სწორად გაგრძელებაა, და საბოლოოდ ამ პოლიტიკით, საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალ ვაჭრობასაც უნდა მიაღწიოს.

 

მიიღებს თუ არა ჩინეთი ქართულ პროდუქტს?

როგორც „ფორტუნასთან“ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა და ეკონომიკის ექსპერტმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია და არ შეიძლება მხოლოდ კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტაცია.

„ნებისმიერ ბაზარზე შესაძლებელია საქონლის გატანა იმ შემთხვევაში თუ ფასით და ხარისხით ჩაჯდები სტანდარტებში და მოერგები რეალობას. არამგონია, რომ ჩინეთი ერთ

ან ორ საქონელზე ორიენტირებულ ბაზრად უნდა წარმოვაჩინოთ. გიგანტური ბაზარია და ყველაფერზე შეიძლება ფიქრი. ჩინელები ყველაფერს ქმნიან, ისინი მთელ მსოფლიოში ყიდიან პროდუქციას, მაგრამ ჩინეთშიც რომ შეხვალთ, მთელი მსოფლიოს საქონელს ნახავთ იქ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ „ფორტუნასთან“.

 

ჩაი

რას ფიქრობენ თავად მწარმოებლები, ამის გარკვევა „ფორტუნამ“ რამდენიმე კომპანიასთან სცადა.

რამდენად ემუქრება საფრთხე ქართულ ჩაის, რომელიც ისედაც „არ ყვავის“ და ხედავენ თუ არა ჩაის მწარმოებელი კომპანიები ჩინეთის ბაზარზე პერსპექტივებს?

როგორც ჩაის კომპანია „გურიელის“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა განაცხადა, ქართულ ჩაის ჩინეთის ბაზარზე თავის დამკვიდრების შანსი აქვს.

ჭკუასელის თმით, ჩინური ბაზარი მისთვის საინტერესოა და ფიქრობს რომ ჩინეთისთვისაც საინტერესო იქნება ქართული პროდუქცია.

 „პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ჩინეთში იწარმოება არ არის ეკოლოგიურად ისეთი სუფთა, როგორიც ქართული პროდუქტი. ჩვენ მთავარია ხარისხის უფრო მაღალი მაჩვენებლები შემოვიღოთ, რაც პროდუქტის უსაფრთხოებასთან და კვებით ღირებულებასთან არის დაკავშირებული. ჩინეთში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა, ასეთ პროდუქციას კი თავად ნაკლებად ამზადებენ – ჩვენ ამ ნიშის დაკავება შეგვიძლია“, – აღნიშნა ჭკუასელმა.

მისი თქმით, ეს ხელშეკრულება მომგებიანია მომხმარებლებისთვისაც.

„თავისუფალი ბაზრის პიროებებში, არასდროს იქნება კომპრომისი ხარისხთან და მწარმოებელი ყოველთვის შეეცდება მაღალხარისხიანი პროდუქცის დამზადებას, ასევე შეეცდება ფასითაც გაუწიოს კონკურენცია სხვებს. მომხმარებლისთვის კი ბაზარზე ბევრად უფრო სამართლიანი არჩევანი იქნება. თან ხარისხიან პროდუქტს ის უკეთეს ფასში აირჩევს“, – აღნიშნა მიხეილ ჭკუასელმა.

 

სასმელები

ყველაზე დიდი მოლოდინები ამ მხრივ ღვინის კომპანიებს აქვთ. „ბადაგონის“ საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალში ჩინეთი მეორე ადგილზეა. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მფლობელები არ გამორიცხავენ, რომ ჩინეთი ბადაგონის  მთავარი საექსპორტო ბაზარი გახდეს.

„ჩვენთვის, ეს რა თქმა უნდა, მომგებიანია. რა ფასშიც გაგვქონდა, ისევ იმ ფასში გავიტანთ ღვინოს, თუმცა ისინი უფრო იაფად იყიდიან და შესაბამისად ექსპორტის რაოდენობა გაიზრდება. არ არის გამორიცხული, რომ მეორე ადგილიდან ჩინეთმა ჩვენი კომპანიის საექსპორტო ბაზრის პირველ ადგილზე გადაინაცვლოს“,– განაცხადა „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გია შენგელიამ.

ჩვენი რესპონდენტების ამ მოსაზრებებს ამყარებს ასევე, 2015 წელს „პი-ემ-სი კვლევითი ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევა.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას დიდი პოტენციალი აქვს.

ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ მოკლევადიან პერიოდში საქართველოს საქონლის ექსპორტი ჩინეთში გაიზრდება, რაც შეეხება ჩინეთიდან საქონლის იმპორტს მოსალოდნელია მხოლოდ, 1.7%-იანი ზრდა. ამ მონაცემებით არც ბაზრის ჩინური პროდუქციით „წალეკვის“ საფრთხე გვემუქრება.

ასე რომ, ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობის მიერ მიღწეული შედეგი ცალსახად დადებითია და მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკური კუთხით, პოზიტიური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა.

 

რომ არ იყოს თავისუფალი ვაჭრობა და იმპორტზე ლიბერალური განაკვეთი…

„ფორტუნამ“ აზრი ისეთ ეკონომისტსაც ჰკითხა, რომელსაც არც ბიზნეს და არც პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნია. გივი მომცელიძის განცხადებით, ჩინეთის წვლილი საქართველოს იმპორტში 7%-ს შეადგენს და ამ წილის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსალოდნელი არ არის.

„წაგვლეკავს იაფიანი ჩინური პროდუქცია“- ამის თქმა, ცოტა გადაჭარბებული მგონია. ექსპორტის მხრივ პროდუქციის საქართველოდან გატანა გაადვილდება, რაც ქართველი მწარმოებლებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც ძალიან კარგია. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, თან ღარიბი. იმპორტის გაძვირება რომ დავიწყოთ, ეს პირველ რიგში, ყველაზე მეტად ღარიბებს დაარტყამს. ჩინეთიდან პირველადი მოხმარების საქონელიც შემოდის, მათ ფასებს რომ 25% დავამატოთ, პირველ რიგში ისევ მომხმარებელი დაზარალდება, თან ყველაზე ღარიბი ფენა – ვინც ყველაზე იაფიან პროდუქციაზეა

ამიტომ ვთვლი, რომ ამ მხრივ ქვეყანას სწორი პოლიტიკა აქვს“, – განაცხადა გივი მომცელიძემ.

 

რა არის თავისუფალი ვაჭრობა?

თავისუფალი ვაჭრობა ქვეყნებს შორის საქონლისა და მომსახურეობის დაუბრკოლებელ მიმოცვლას ნიშნავს. ვაჭრობის ამ რეჟიმის მომხრეები, ძირითადად, ლიბერალური პარტიები და მიმდინარეობები არიან, ხოლო მის მოწინაღმდეგეებად მემარცხენე მიმდინარეობები, ადამიანის უფლებათა და გარემოს დამცველები და პროფკავშირები გვევლინებიან.

თავისუფალი ვაჭრობა იწვევს კონკურენციის ზრდას, რაც შესაბამისად, ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას, ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი ფაქტორია.

 

საქართველოს ლიბერალური სავაჭრო განაკვეთი

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოში განხორციელდა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა რეორგანიზაციას, ლიბერალიზაციასა და სავაჭრო რეგულირების გამარტივებას. ეს რეფორმები განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 2003 წლის ნოემბრის შემდგომი პერიოდიდან და ინსტიტუციური ცვლილებების შედეგად საქართველოს სავაჭრო საზღვრები კიდევ უფრო გაიხსნა: გამარტივდა ექსპორტ-იმპორტის პროცედურები, შემცირდა გადასახადის განაკვეთი და სახეები, გამარტივდა სატარიფო და არასატარიფო რეგულირება.

***

ასე რომ „ჩინური პროდუქციით წალეკვის“ საფრთხე უკვე გადასულია. ახლა ქართველ მწარმოებლებს დიდი გამოწვევა აქვს წინ – 1400 მილიონიანი ბაზარი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეუშვებს, იმ ქართველ მწარმოებლებს, ვინც თავის ჩინურ ნიშას იპოვის.

თამთა უთურგაშვილი

პოპულალურები