LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წილოსანი ლომჯარიას: ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ

66
Untitled design

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს უსმენენ.

ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

სხდომაზე ომბუდსმენს უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა მიმართა და აღნიშნა, რომ ლომჯარიამ საზოგადოებას თავი არა სახალხო დამცველად, არამედ მიხეილ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრა:

„მინდა, თქვენს ტრანსფორმაციაზე ვისაუბრო.

2017 წელს თქვენი სიტყვები: ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის სახალხო დამცველად არჩევა იმ განხილვების ფონზე, რაც მიმდინარეობდა. ბევრი კრიტიკული პოზიცია იყო, შესაბამისად, ამ უმრავლესობით ჩემი მხარდაჭერა ძალიან სასიხარულოა;

2022 წელს: მეხუთე წელია პარლამენტში გამოვდივარ და შეგრძნება მაქვს, რომ პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან უბრალოდ არ ესმით, რა ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს. კითხვების ისე დასმა და კომენტარების გაკეთება ისე, რომ მართლა ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სახალხო დამცველის აპარატი.

კრიტიკა რომ გიხაროდათ და თქვენს მხარდამჭერ უმრავლესობას რომ პატივს სცემდით, ეს არჩევისთვის გამოყენებული ეშმაკური ხერხი იყო, თუ ახლაც იგივე აზრზე ხართ, რომ კრიტიკული კითხვები კარგია და სწორია.

2022 წელს: “კობახიძე სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად არ მიმაჩნია, დასავლეთში არანაირი აღიარება არ აქვს“ – თქვენ ვინ მოგცათ უფლება, რომ ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის ლიდერს, თავმჯდომარეს ლეგიტიმაციას უწუნებთ, ან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ და ზოგადად კითხვა მაქვს თქვენთვის საკუთარი ხალხის ლეგიტიმაცია უფრო მნიშვნელოვანია, თუ დასავლეთის მხრიდან ლეგიტიმაცია, რომელიც ასევე აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და თავად ირაკლი კობახიძეს?

2017 წელს თქვით: „ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ხალხთან უფრო ახლოს ვიყო, ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე, რაც საზოგადოებას აწუხებს“. თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქციეთ და ხალხს თავი არა სახალხო დამცველად, არამედ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრეთ.

კანონდარღვევით შემოპარული და უამრავ დანაშაულებში დამნაშავე, ასევე ბრალდებული ექსპრეზიდენტის გამო, თქვენი ციხეში შესვლის რაოდენობა ოდნავ მაინც თუ მიდის ახლოს ხალხისთვის, სხვა ადამიანებისთვის ციხეში თქვენს ვიზიტებთან? ან ყოფილხართ თუ არა საერთოდ ძალადობის მსხვერპლ კრიზისულ ცენტრებში, გიმუშავიათ თუ არა, ხმამაღლა გითქვამთ თუ არა ფემიციდთან დაკავშირებით, რომელიც უბრალოდ სიმბოლურად ანგარიშში აღნიშნეთ?“ – განაცხადა  წილოსანმა.

magti 5g