LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალტუბოშო სასტუმრო „არგო“ დაარბიეს – ნაცემია სასტუმროს მფლობელის შვილიშვილი

118
სასტუმრო არგო

წყალტუბოში სასტუმრო „არგო“ დაარბიეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა. სასტუმროს მფლობელების თქმით, ნაცემია მისი შვილიშვილი, რომელიც ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ორი გოგო და ბიჭი გაუსწორდა. ისინი შენობაში შეიჭრნენ და ქვებით შუშები ჩაამტვირეს.

დაზიანებულია ავეჯი და ინფრასტრუქტურა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ წყალტუბოში სასტუმრო „არგოს“ ფასადის დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 3 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ქ., 2000 წელს დაბადებული ქ.ქ. და 2004 წელს დაბადებული თ.თ. დააკავეს,“ – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 ივნისს, წყალტუბოში, სასტუმრო „არგოს“ ფასადი ქვებით დააზიანეს და ამავე სასტუმროს მფლობელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას და დაკავების დროს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები