ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში აქციის მონაწილეებმა მთავრობის შენობის მიტაცება სცადეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, თანამდებობას ტოვებენ გუბერნატორები. ქვეყნის პრეზიდენტი, სოორონბაი ჟეენბეკოვი აცხადებს, რომ რამდენიმე პოლიტიკური ძალა აქციის მონაწილეების გამოყენებით ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ცდილობს
„სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ძალოვნებს ვუბრძანე, ცეცხლი არ გაეხსნათ. სიტუაციის ესკალაციის ასარიდებლად ამ დრომდე ყველა ზომას ვიღებთ. ქვეყანაში მშვიდობა და საზოგადოებაში სტაბილურობა საპარლამენტო მანდატზე მაღლა დგას“, – აღნიშნა ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვიმ ვიდეო მიმართვაში.
ბიშკეკში საპროტესტო აქცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, რომლის მიხედვით 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს.
აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 590 კი დაშავდა.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.