LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე ნაკლებად ველი, ევროკავშირმა ხელცარიელი დატოვოს საქართველო“ – EU-ს პასუხის 3 სავარაუდო სცენარი

135
BeFunky-collage (37)

საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში – სამი ქვეყნის შესახებ პასუხის რა სცენარები არსებობს და მოვლენების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი? – საკითხზე „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომარემ, ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, კითხვას – რას მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან, გადამჭრელ პასუხს დღეს ვერავინ გასცემს, ვინაიდან საბოლოო პოზიცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჯერჯერობით შეჯერებული არა აქვთ, მათ შორის არც უკრაინის შემთხვევაში.

„მსჯელობა და დუღილი ახლაც მიდის, აზრთა სხვადასხვაობაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ერთ კონკრეტულ სახელმწიფოში ერთი აზრია დომინირებული, თავად სახელმწიფოებს შიგნით არის აზრები გაყოფილი და განიხილება რამდენიმე ვერსია, შემიძლია, მოკლედ ჩამოგითვალოთ“, – აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ და ვინაიდან, ბევრი ვარიაცია განიხილება, სავარაუდო სცენარები დაასახელა.

  1. ერთ-ერთი ცუდი და რადიკალური ვერსიაა, რომ არცერთს არ მისცენ, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, დღეს არსებული, ახალი გლობალური მოცემულობიდან გამომდინარე.
  2. არის მეორე მოსაზრება, რომ სამივეს მოგვცენ, მაგრამ დათქმებით. სამართალში არის პირობით ვადამდე ხელშეკრულების ცნება და დაახლოებით ამ ტიპის. ანუ გვაძლევენ, ოღონდ ეს სტატუსი ამოქმედდება გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში და უკვე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული, რა ვადაში შეასრულებს ამ პირობებს.
  3. არის კიდევ ერთი ვერსია, რომ გაიყოს ქვეყნები. ვთქვათ, უკრაინას პირდაპირ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი, ხოლო მოლდოვა და საქართველო მოიტოვონ გვერდზე ან საერთოდ არაფერი მისცენ, ან დიდი ალბათობით, მისცენ პირობით კანდიდატის სტატუსი, ხოლო კანდიდატის სტატუსის ათვლა დაიწყება მაშინ, როდესაც პირობებს დავაკმაყოფილებთ. შეიძლება, მოლდოვას და უკრაინას მისცენ კანდიდატობა და საქართველოს პირობით კანდიდატობა, ან საერთოდ არაფერი და მხოლოდ პერსპექტივა დაუფიქსირონ.

მთავარი არის მიდგომა, რომელ მიდგომას გამოიყენებენ. ეს იქნება იმ კრიტერიუმების შეფასება, რომელიც ტრადიციულად უნდა გაიაროს კანდიდატობის ქვეყანამ, უამრავი სფეროა, დაწყებული სასამართლოთი, გაგრძელებული ეკონომიკით, ადამიანის უფლებები და ა.შ. ასევე, არის მეორე მიდგომა, პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური, რომელიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა და ერთგვარი მორალური წუხილი ევროპელების.

მე სულ ვამბობ, რომ ჩვენი მთავარი მესიჯი უნდა ყოფილიყო, რომ 2008 წელს MAP-ის არ მოცემამ განაპირობა ის გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელიც დღეს არის ევროპაში. ეს ეხება არა მარტო საქართველოს და უკრაინას, არამედ შეეხო ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, თუნდაც იმ სანქციების სახით, რომლის დაწესებაც მოუხდათ რუსეთისთვის. ეს სანქციები რეალურად, არა მხოლოდ რუსეთს აზარალებს, არამედ მნიშვნელოვნად ევროპას.

ამიტომ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო მთავარი მესიჯი, რომ კიდევ ერთი შეცდომა არ დაუშვან იმგვარი, რომელიც ამ ქვეყნებსაც ჩატოვებს რუსეთის გავლენის სფეროში, მეორეს მხრივ, ამას აუცილებლად ექნება გვერდითი ეფექტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად დაზიანების კუთხით”, – განაცხადა „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომარემ „ფორტუნას“ ეთერში.

ხათუნა ლაგაზიძე საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოლოდინებსა და შეფასებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ახლა არ არის ერთმანეთისთვის ტალახის სროლის, თუნდაც რეალური ნაკლოვანებების აფრიალების დრო”.

„მე არ ვიცი, საერთოდ, რატომ არ გვყავს ოპოზიცია ბრიუსელში, თუმცა მინდა მჯეროდეს და ვფიქრობ, რომ ასეც არის – ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს იცავს და არა საკუთარ ვიწროპარტიულს.

ვფიქრობ, ოპოზიცია მთლიანად არის მომართული იმისკენ, რომ გაკეთდეს ყველაფერი, რაც ოპოზიციის ხელშია, რომ ეს სტატუსი მოგვენიჭოს. ასევე, მობილიზებულია კულტურული თუ სამეცნიერო საზოგადოების ნაწილი და ამ მხარდაჭერის გამოსახატად მთელი აქციებია დაგეგმილი.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი მესიჯები საერთოდ აცდენილია რეალობას. რომ არ იცოდეთ რომ ამ ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი კანდიდატობაზე, ვიფიქრებდით, რომ ეს ხელისუფლება ხმალამოღებული ებრძვის ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივას ევროკავშირის მიმართულებით.

დღეს ყველა ჩვენგანის მომავალი წყდება, სიღარიბიდან სიმდიდრეში გადასვლის ხიდზე შევდივართ, გაუნათლებლობიდან განათლების ხიდზე ვდგავართ, ყველაზე წარმატებული ეკონომიკის გზაზე ვდგავართ, ჩვენ თვითონ არ უნდა ჩავტეხოთ ეს ხიდი, ყველა ამას უნდა ვაცნობიერებდეთ და ეს უნდა იყოს ჩვენი უპირველესი ამოცანა”, – აღნიშნა ლაგაზიძემ.

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომარემ წამყვანის კითხვის პასუხად, ასევე, დასძინა, რომ ყველა მის მიერ ჩამოთვლილი სავარაუდო სცენარი და კომბინაცია, სხვადასხვაგვარ რეაქციას მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან.

„თუ მოგვცეს კანდიდატურა გადასარევი, თუ მოგვცეს.

არ ვთვლი, რომ პირობით სტატუსი, ცუდი სცენარია. პირიქით, მოტივაციას გაზრდის იმისათვის, რომ რეფორმების კურსი დაჩქარდეს და წნეხი გაიზარდოს ამ მხრივ ხელისუფლებაზე. ეს არ არის სტატუსი, რომელმაც შეიძლება დაგვამწუხროს.

პერსპექტივის კარი თუ გაგვიღეს, ეს რა თქმა უნდა, პირობით კანდიდატურაზე ნაკლებია, მაგრამ სულ არაფერს ჯობია.

ყველაზე ნაკლებად ველი, საერთოდ, ხელცარიელი დატოვონ საქართველო. ვფიქრობ, დღეს, სწორედ უკრაინის გამო, ევროპაში მორალური პოლიტიკის მხარდამჭერი ბევრი პოლიტიკოსია და ეს მორალური შინაგანი ღერძი ჩაირთვება ამ გადაწყვეტილების მიღებისას და მოგვცემენ იმგვარ რამეს, რაც ხელის ჩაქნევის უფლებას არ მოგვცემს”, – განაცხადა „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომარემ, ხათუნა ლაგაზიძემ „ფორტუნას“ ეთერში.

საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში – რა უნდა გავაკეთოთ დარჩენილ დროში, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები გაიზარდოს

 

პოპულალურები