LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე რთული პრობლემა არის კადრების გადინება ქვეყნიდან… ჩვენ ანაზღაურება გავზარდეთ” – ნიკოლი

261
nikoli (1)

“კადრების დეფიციტის პრობლემას მწვავედ განვიცდით. ამის მიზეზი მრავალი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ”, – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი „ნიკოლის“ დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა ნიკოლაშვილი.

კომპანიას ამ ეტაპზე 40-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ნიკა ნიკოლაშვილი სამუშაო ძალის ქვეყნიდან გასვლაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ კომპანია მუდმივად ახალი კადრების მოძიების პროცესშია.

“ყველაზე რთული და აშკარა პრობლემა არის კადრების გადინება ქვეყნიდან, კონკრეტულად შემიძლია გამოვყო პოლონეთის მოთხოვნა ქართველების დასაქმების კუთხით. ჩვენ გარკვეული გეგმა გვაქვს, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ კადრები. გვესმის ჩვენი დასაქმებული ადამიანების, რომ ყველაფერი გაძვირდა და ეს აისახება ყოველდღიურ ხარჯებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ანაზღაურება გავზარდეთ. ვცდილობთ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ კადრების შესანარჩუნებლად. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ჩვენს კომპანიაში ახალი კადრების მოძიების პროცესი. ქვეყნიდან გადინება ყველაზე მთავარი პრობლემაა. აღარ გვაქვს საუბარი კვალიფიციურ და გამოცდილების მქონე კადრებზე, შევცვალეთ მიდგომა. აქამდე თუ მხოლოდ გამოცდილ კადრებს ვეძებდით, ახლა ვცდილობთ ისეთი ადამიანებიც მოვძებნოთ, ვისაც უბრალოდ სურვილი აქვს და გამოცდილება არ აქვს და ჩვენ თავად გადავამზადოთ და ჩამოვაყალიბოთ პროფესიულ კადრად”, – ამბობს ნიკოლაშვილი.

ქართული ბრენდის დამფუძნებელი კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ქართულ ბაზარზე ნედლეულის სიმცირეს ასახელებს.

“კადრების დეფიციტის გარდა, გამოწვევა არის ნედლეულის სიმცირე ჩვენს ბაზარზე და დამოკიდებული ვართ მეზობელი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ინფლაციაზე, რომელიც საკმაოდ მწვავეა. ჩვენზეც ცუდად მოქმედებს კურსის არასტაბილურობა, ეს დიდი პრობლემაა. სამწუხაროა, რომ საქართველოში არ არსებობს ნედლეულის წარმოება, ეს დიდი ხელშეწყობა იქნებოდა”, – აცხადებს ნიკა ნიკოლაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.