ზაზა ბანძელაძე ჯგუფ „სეიშენის“ წევრია, რომელიც წლებია, აშშ-ში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად. მცირე ხნის წინ ის საქართველოში რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ჩამოვიდა და მისი შვილებთან შეხვედრის კადრებმა მთელი სოციალური ქსელი მოიცვა.
ზაზას fortuna.ge აშშ-ში დაუკავშირდა და მისგან ემიგრანტების მძიმე ამბები მოისმინა.
ზაზა ბანძელაძე:
მე და ჩემი მეუღლე წლების წინ რომ აშშ-ში გავემგზავრეთ, მაშინ მხოლოდ ვიზებით შეიძლებოდა გამგზავრება, ყველას არ აძლევდნენ და მკაცრად კონტროლდებოდა. იმ ბედნიერ პროცენტში მოვხვდი, ვისაც ვიზას აძლევდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა. ძველ ხელისუფლებასთან მეგობრობიდან გამომდინარე, ახალმა რაღაცები შემოგვითვალა, კონცერტები გაგვიუქმეს და მომიწია აშშ-ში დარჩენა, თორემ მე და ჩემი მეუღლე ამერიკის სანახავად ვიყავით წასული და არა დასარჩენად. ჩანიშნული საახალწლო კონცერტებიდან რომ ამოგვყარეს, მივხვდი, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მანდ არ დამედგომებოდა და ვერაფერს გავაკეთებდი.
ბავშვების გარეშე სხვა ქვეყანაში დარჩენა რთული გადაწყვეტილება არ იყო?
ეს იყო კოშმარული პერიოდი, მაგრამ როდესაც შევხედეთ შექმნილ სიტუაციას, მივხვდით, რომ ბავშვებისთვის ასე ჯობდა. ჩვენი მიზანია, მათ იცხოვრონ საუკეთესო ქვეყანაში, სადაც კარგ განათლებას მიიღებენ. მგონი, სწორად მოვიქეცით, მაგრამ დიდი მსხვერპლი გავიღეთ. თავს ვიმშვიდებ, რომ მიზანი ბავშვების კარგი მომავლის შექმნაა.
რა თქმა უნდა, აქ ჩამოსულებს გარკვეული თანხა გვქონდა, მაგრამ სამსახურის მოძებნა არ იყო ადვილი. არ ვიცი, რატომ „აბოლებენ“ აქედან ადამიანებს, რომ ამერიკაში ფული ციდან ცვივა. ეს სახელმწიფო გთავაზობს ერთი ხელით კარგს, მეორეთი – ცუდს და არჩევანს თავად აკეთებ. მექსიკიდან რომ მოდიან, ვეღარ ხედავენ ისეთ სიმარტივეს, როგორსაც აქ მყოფები უხატავენ. საშინელება ხდება ახლა – ხდებიან წამალზე დამოკიდებულები და ვინ სად იპარება, ვერ გაიგებ, ზოგი სეირნობისას კვდება, ზოგი – მანქანაში და ზოგიც – ვიღაცის ოთახში. ყველა კატეგორიის ადამიანი შემოდის მექსიკიდან – წამალს აყოლილები, მაგრამ ამერიკა ამას არ გაპატიებს…
საკმაოდ მძიმე ვითარებას აღწერ…
ბოლო ექვსი თვეა, ისეთი უმძიმესი სიტუაციაა, რომ ყოველ თვეში აქედან რამდენიმე ქართველს ასვენებენ – აშშ-ს სჭირდება მხოლოდ მშრომელი, მოაზროვნე ადამიანი. მე ასე ვხედავ, ყოველ შემთხვევაში… ძალიან მააგრი სიტუაცია იყო, სანამ მექსიკიდან ამდენი ხალხის შემოსვლა დაიწყებოდა. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს შეხება და სულ მეხვეწებოდნენ, იქნებ, მუშახელი გვიშოვოო. ახლა პირიქით ხდება, ხალხი მირეკავს, სადმე იქნებ დაგვასაქმოო. რთულია ქირით ბინის აღებაც. საქართველოდან უკან რომ დავბრუნდი, სახლში დამხვდა ჩემი ძმა და მისი რამდენიმე მეგობარი, ექვსი კაცი, რომ ვერ იშოვეს ვერაფერი, ჩემთან ცხოვრობდნენ. გარკვეული პერიოდი ჩემთან იყვნენ, შემდეგ კი გადავიდნენ. როგორც შემეძლო, ისე დავეხმარე. დღეს ზოგიერთი მათგანი ჩემს ბიზნესშია ჩართული, ზოგიც – ჩემი მეგობრის, უბრალოდ, ყველას ვერ დაეხმარები. ჩემ გარშემო ადამიანი არ მეგულება, ვიღაც რომ არ ჩამოუვიდეს მექსიკიდან და ყველა იბრძვის იმისთვის, რომ ის დაასაქმოს, ბინა აქირავებინოს. მეორე შემთხვევაც არის – როცა ჰპირდებიან და მერე არაფრით ეხმარებიან – ეს ხალხი რჩება ქუჩაში, იქ სძინავთ და ჭამენ, ქართველების მანქანებს ტეხენ იმიტომ, რომ უბრალოდ დაიძინონ. ჩემს მეგობარს გაუტეხეს მანქანა, როდესაც დაინახეს, რომ საქართველოს დროშა ეკიდა. შიგნით ნახა საჭმლის ნამცეცები. სკამებზე სძინავთ სკვერებში.
ანუ შენ არ ურჩევ ადამიანს აშშ-ში გამგზავრებას ახლა?
გააჩნია, თუ ჰყავთ პატრონი, შეიძლება, თუ არა – ძალიან გაუჭირდებათ. ადრე იყო შესაძლებლობა, რომ ვიღაც გიპატრონებდა ან თავად შექმნიდი მომგებიან ბიზნესს. რამდენიმე დღეა მე და შენ ვათანხმებთ ინტერვიუს და ახლა მოვიცალე, იმდენად არ მაქვს დრო. საქართველოში ვერ წარმოუდგენიათ ალბათ, მაგრამ დილის ხუთ საათზე, გავიღვიძებ თუ არა, უკვე მეჩქარება. ყოველი დღე მაქვს დაკავებული, ჩემი თავისთვისაც ვერ ვიცლი. ყველა ჩამოდის სახლებ-გაყიდული, დალომბარდებული, პროცენტით ნასესხები ფულით. ზოგი ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. ბევრის შესახებ გავიგე, რომ უკან წამოვიდნენ, ის ვალებიც აღარ აინტერესებდათ, ოღონდ აქ არ დარჩენილიყვნენ, ეს რა ვნახეთ, ისევ საქართველოში გვინდაო. ის ხალხი, ვინც დახმარებას ჰპირდება და მერე არაფერს უკეთებენ ასეთ ადამიანებს, უნამუსოები არიან. ცოდოა ის ხალხი, ვინც ამხელა ვალს იღებს, რისკის ფასად მოდის და უიმედობა და უპერსპექტივობა ხვდება. გადაჭედილია ყველანაირი სამსახური და ბინაც, რომელიც ემიგრანტებზე ქირავდება.
აქ თავის დამკვიდრება რთულია. თავიდან მძიმე სამუშაოთი დავიწყე – სანამ დიდ მანქანაზე დავჯექი და ტექნიკას ვეზიდებოდი და ეს ჩემი პირველი ნორმალური სამსახური იყო, მანამდე საკმაოდ ბევრი სამუშაო ადგილი გამოვიცვალე. დავინახე, აშშ-ში შემოსავალი რა არის, მანქანით ტექნიკას რომ ვეზიდებოდი, მაშინ გავიგე, თუმცა მძიმე პირობები იყო. ზოგჯერ სახლში ვერც ვბრუნდებოდი და ბაზაზე ვიძინებდი, რომ მეორე დღისთვის ენერგია მქონოდა. ამ შრომამ შედეგი გამოიღო. წელიწადნახევრის შემდეგ ბენდს დასჭირდა ვოკალი და გაიგეს, რომ „სეიშენის“ ბიჭი ამერიკაში იყო, დამიძახეს, ახლა უკვე ჩემი ბენდი მყავს, ვმღერით საღამოებზე ქართულ რესტორანში. ჩემი ბიზნესიც მაქვს გადაზიდვების… აქ ძალიან ბევრი წარმატებული ქართველია. ჩემს სამეგობროში ბევრს საკუთარი სახლები აქვს, შვილები კოლეჯებში სწავლობენ. ისეთი სამეგობრო წრე შეიკრა, თითქოს ქართულ უბანში ვცხოვრობ.
რვაწლიანი არყფნის შემდეგ საქართველოში რომ ჩამოხვედი, პირველად ნახე შვილები… წაიყვანე თან?
სამი დღის წინ ბავშვების საბუთებზე მომივიდა უარი. ახლა გავრბივარ ადვოკატთან, რომ თავიდან შევიტანო განცხადება, ყველა დოკუმენტი მოვაგროვე… მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შენი შვილები აქ გეყოლებაო, მპირდება ადვოკატი. მანამდე მე და მეუღლე ვივლით საქართველოში…
ინტერვიუ: ნინო მურღულია