ზედმეტი ძილი, შესაძლოა ისეთივე საზიანო იყოს ადამიანისთვის, როგორიც ძილის ნაკლებობაა

მოზარდებისთვის რვა საათიანი ღამის ძილი აუცილებელია, მოზრდილებისთვის კი რეკომენდირებული. ძილი ამაზე მეტი დროით, კარდიოვასკულარულ დაავადებებთან ასოცირდება, რომელიც შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ ახალ კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც European Heart Journal-ში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგებზე წერს CNN.

ექსპერიმენტში შვიდი რეგიონიდან 21 ქვეყანა მონაწილეობდა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც ძილში რეკომენდირებულ საათებზე მეტ დროს ატარებენ, 41%-ით ზრდიან გულის დაავადებით გამოწვეულ სიკვდილის რისკს.

კვლევამ ასევე, გამოავლინა, რომ დიდი რისკის წინაშე დგას ის ხალხიც, რომლებიც დღის განმავლობაში იძინებენ.

პროფესორი შუანგში ვანგი, რომელიც კვლევას უძღვებოდა, ამბობს რომ გულის დაავადებებს წარმოშობს და ამწვავებს ღამის განმავლობაში 6 საათზე ნაკლები ძილი და ასევე, დამატებითი დღის ძილი, მაშინ, როცა ღამით საკმარისად გვძინავს.

„თუ ღამის განმავლობაში რეკომენდირებულ მინიმუმზე ნაკლები გძინავთ, დღისით ძილი, შესაძლოა, გარკვეულწილად ანაზღაურებდეს ამ დანაკლისს (თუმცა არა ბოლომდე), ამ შემთხვევაში დღის ძილი სახიფათო არ არის, მაგრამ თუ ღამით 8 საათი გძინავთ, დღისით ძილი უკვე საზიანო ხდება,“ – აღნიშნავს პროფესორი.

 

შესაძლოა ბევრი ძილი, უბრალოდ მიგვანიშნებს პრობლემაზე, რომელიც უკვე არსებობს 

პროფესორი ფრანჩესკო კაპუჩიო, რომელიც ამ კვლევაში არ იყო ჩართული, თუმცა სწორედ ძილის ეფექტებს იკვლევს, აცხადებს, რომ ბევრი ძილი არ იწვევს დაავადებებს. მისი თქმით, თუ ადამიანს დიდხანს სძინავს, ეს უკვე მიგვანიშნებს მის ჯანმრთელობის პრობლემებზე.

„შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს დაავადების შესახებ. დიდხანს ძილის საჭიროება სწორედ მიგვანიშნებს იმაზე, რომ შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს სიმსივნე, (ან სხვა დაავადება) ამის გამო უფრო მარტივად იღლებოდეს, იყოს გამოფიტული და სჭირდებოდეს მეტი ძილი,“ – განმარტავს პროფესორი კაპუჩიო. მისი მოსაზრება მხოლოდ ვარაუდია, ვანგის მიერ ჩატარებულ კვლევას მიზეზები არ გამოუვლენია.

ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ ძილის რეკომენდებული საათები 6-დან 9 საათამდეა – არც მეტი და არც ნაკლები, ორგანიზმისთვის კარგი არ არის.

კვლევის ავტორები, საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ კარგი ძილისთვის სულ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია გაითვალისწინონ:

  • თავი შეიკავეთ საღამოს ნიკოტინისა და ალკოჰოლის მიღებისგან
  • მოერიდეთ კოფეინის მიღებას, ღამის საათებში
  • ეცადეთ იკვებოთ დაბალანსებულად
  • ივარჯიშეთ

 

 

ტეგები: მსოფლიო ამბები ძილი
თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები