„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება.
„ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს.
ხელს ვაწერ სამი რამის გამო:
ახალ დოკუმენტში დევს პოლიტპატიმრების გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები
ვითვალისწინებ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების აზრს
არის შანსი შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციულად და დაბალი ბარიერით, რამაც უნდა დაასრულოს არსებული პოლარიზაცია და ერთპარტიული მმართველობა.
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება კრიზისის განმუხტვა.
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მართლმსაჯულების სისტემას რამე ეშველება.
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საარჩევნო გარემო.
– არ მჯერა, რომ ამ დოკუმენტით მოხდება ძალაუფლების რეალური გადანაწილება ოპოზიციაზე.
– არ მჯერა რომ ამ დოკუმენტით პოლიტიკური დევნა დასრულდება ამ ქვეყანაში.
– არც იმის მჯერა, რომ ივანიშვილი და „ოცნება“ ამ დოკუმენტის პუნქტებს ზედმიწევნით შეასრულებენ.
რისიც მჯერა არის ბრძოლა, მუდმივი ბრძოლა. ეს ქვეყანა არ გახდება თურქმენეთი, არასდროს”, – წერს ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მისივე თქმით, აგრძელებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლითაც მანდატის გაუქმებაზე უარი ეთქვა.
“ასევე: ჩემი ეს გადაწყვეტილება იმედი მაქვს მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელი აღმოჩნდება, რადგან 22-23 აპრილს მაქვს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ვითხოვ საქართველოს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც უარი მეთქვა მანდატის გაუქმებაზე.
ვაპირებ, ეს დავა ბოლომდე მივიყვანო, მანამდე, პარლამენტში მონაწილეობას მივიღებ მხოლოდ შეთანხმების დოკუმენტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა/გატანაში.
და ბოლოს: მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც თვეების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში, განსაკუთრებით აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში. არ მგონია ბოლომდე გვქონდეს გააზრებული რას ნიშნავს ასეთი მეგობრების ყოლა“, – წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ მზადა, გიორგი რურუა შეიწყალოს.
მზად ვარ, მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი რურუას შეიწყალებს
გარიგებაში ვერ და არ შევალ, ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა – მელია მიშელის განახლებულ დოკუმენტზე