LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანკა ვასაძე: „მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს თავისუფლებას ვაძლევთ… მე უარს ვამბობ გართობაზე…“

111
ანკა-ვასაძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ანკა ვასაძე, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

ისეთ ოჯახში დაიბადე, აუცილებლად უნდა გკითხო ბავშვობაზე…

ჩვენი სახლის შენარჩუნება მოვახერხეთ. დღემდე იქ ვიკრიბებით ხოლმე ოჯახი. მრავალფეროვანი და კარგი ბავშვობა მქონდა. წარმოსახვით ვთამაშობდი ხოლმე, სულ სადღაც ვიყავი, ვიღაცის როლში. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი, მოცემულობა იყო ასეთი. ჩემი ერთადერთი ინტერესი გახლდათ. ჩემები წინააღმდეგები იყვნენ, რაიმე სტუდიაში შევეყვანე. ეშინოდათ, რომ არ „დავშტამპულიყავი“.,ამიტომ სწორი იყო ის, რომ თეატრალურში, გააზრებულ ასაკში დავიწყე სწავლა. ჭორის დონეზე მომსვლია ხმები, ვინ არ ჩააბარებინებს, ის ხომ აკაკი ვასაძის შვილიშვილიაო. ძალიან დიდხანს ვემზადებოდი თეატრალურში ჩასაბარებლად, ფეხები მიკანკალებდა. ძალიან ვღელავდი. ის, რომ აკაკი ვასაძე ჩემი ბაბუა იყო, უფრო მეტი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. ინტერვიუების დროს ძალიან ვღელავდი, თუმცა გამოცდილებამ თავისი გააკეთა. ჩემი ქმარი მელოდებოდა გამოცდების დროს მანქანით და გამოსვლის შემდეგ რომ დავინახე, ისე გამიხარდა, პირდაპირ ჩაწეულ ფანჯარაში შევხტი.

პირველი სერიოზული როლი, რომელიც შეასრულე…

ჩემი პირველი როლი იყო სპექტაკლში „სამი და“. მესამე კურსზე მარჯანიშვილის თეატრში „ტარტიუფში“, ლევან წულაძემ დამაკავა, მარიანას როლზე. ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის. ემოციური იყო. შემდეგ ლევანმა შტატში ამიყვანა. იმდენად ვნერვიულობდი, ისეთი დაძაბული ვიყავი, ვერაფერს ვაკეთებდი. შემდეგ უკვე მთელ დღეებს იქ ვატარებდი, ახლა სახლივითაა.

მეუღლე სხვა სფეროს წარმომადგენელია და როგორ ეგუება შენს პროფესიასა და რეჟიმს?

რა თქმა უნდა, პროტესტი ყოფილა, სამ სპექტაკლზე ერთდროულად რეპეტიციები მქონდა ხოლმე. ახლა უკვე ნაკლებად. პირველი შვილი წამოიზარდა. არის რაღაცები, რაზეც უარი უნდა თქვა, მე უარს ვამბობ გართობაზე. მე და ჩემს მეუღლეს საკმაოდ მოქნილი გრაფიკი გვაქვს. ერთმანეთს თავისუფლებას ვაძლევთ. სიყვარული ისაა, როცა გინდა, შენს საყვარელ ადამიანს უყურო ბედნიერს. ის ოჯახი იმარჯვებს, სადაც ორივე მხარე თანაბრად მიდის დათმობაზე.

შენ მიიღე წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის ტიტული, რა გრძნობაა? 

საოცარი გრძნობაა, თუმცა, რომ გითხრათ, ამით განვსაზღვრავ, ვინ არის კარგი მსახიობი და ვინ – არა, მოგატყუებთ. უამრავი საუკეთესო მსახიობია, ვისაც ეს ჯილდო არ მიუღია.

თეატრი თუ კინო…

სცენაზე უფრო ბევრი საშუალება გაქვს გამოსწორების, ვიდრე კამერების წინაშე. ჩემთვის თეატრი ცხადია, დიდი სიამოვნებაა, თუმცა სერიალში ამ ყველაფრის „მუღამი“ გავიგე. მივხვდი, რომ ორივე ჩემი საქმიანობაა. „სიყვარულს მიღმა“ არის ჩემი პირველი სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობ. მომიტანა ხალხის დადებითი ემოციები, სიყვარული. უფერულ დღეს ზოგჯერ ისე გაგილამაზებენ ხოლმე ადამიანები, იფიქრებ, რომ ღირს წვალება. ზოგადად, „ფეისბუქზე“ არც შევდივარ ხოლმე, ძირითადად, „ინსტაგრამზე“. ჩემს პერსონაჟზე წერენ ხოლმე. ცოტას „დაგასპოილერებთ“, სერიალის ბოლო სერია იქნება ისეთი, ისე დასრულდება, რომ შესაძლებელია, ძალიან ინერვიულოთ…

როგორც ვიცი ,ადრე გქონდა შემოთავაზება საზღვარგარეთიდან, რომელსაც არ დათანხმდი…

ეს შემოთავაზება იყო პოლონეთიდან, თეატრიდან. მაშინ მე მარჯანიშვილის თეატრში უკვე ძალიან დატვირთული ვიყავი.  ჰოლივუდიდან რომ ყოფილიყო, რატომაც არ დავთანხმდებოდი.

ბაია დვალიშვილი შენი ოჯახის წევრია, რამდენად კომფორტულია ოჯახის წევრთან ერთად სცენაზე დგომა?

ვერ გეტყვით, რომ კომფორტულია, ან არ არის კომფორტული, მაგრამ როდესაც მე „ტარტიუფში“ ვითამაშე, მაშინ ბაია სცენაზე ჩემ გვერდით იდგა, ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. ძალიან მიხარია, როცა ბაიასთან მიწევს ხოლმე სპექტაკლში თამაში, თუმცა სცენაზე იმდენად სულ ერთია ეს ყველაფერი, იმდენი სხვა საფიქრალია…

რა როლზე ოცნებობ?

დიდად არ ვოცნებობ ხოლმე, მაგრამ ბიჭის როლის შესრულება მინდა.

რამდენად კარგი მზარეული ხარ?

იცი, ვიყავი ადრე, ახლა არა. იმ დროს, რასაც სახლში ვატარებ, არ მინდა, ქურასთან ვიდგე.

რა სიახლეებს სთავაზობს მაყურებელს?

ჩვენ ახლა ვმუშაობთ მიუზიკლზე, „ჩიკაგო“, ეს მართლა ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან. ვმღერით, ვცეკვავთ, ისეთი მასალაა, რომ ამაზე მუშაობა ძალიან რთულია.

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, ეროტიკულ როლს ვერ ვითამაშებო…

კი. ვთქვი, რომ ვერ აკეთებენ აქ-მეთქოი, მაგრამ შემდეგ სიტყვები უკან წავიღე. ასე ცალკე აღებული, უბრალოდ, ეროტიკა არ არის ჩემთვის საინტერესო. მარტო ეროტიკის გადაღებისთვის აქ მზად არ არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები