LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა ბესელიას 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

9
ეკა ბესელიას 7 საყვარელი სიმღერა

6 მაისს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ პოლიტიკოსი ეკა ბესელია სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 რჩეული სიმღერა გაუზიარა. როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა, მას ძალიან უყვარს მუსიკა, საყვარელი კომპოზიციების მოსმენა კი, ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას უქმნის.

– ქალბატონო ეკა, ვფიქრობ, მუსიკალურ გადაცემაში პოლიტიკოსის სტუმრობა განსაკუთრებით საინტერესოა. მადლობა, რომ დათანხმდით ჩვენს გამოწვევას.

– მადლობა მოწვევისთვის. ბევრი არ მიფიქრია, რადგან განსაკუთრებით მიყვარს ხელოვნება, მუსიკა და ძალიან დიდი დოზით ვუსმენ თქვენს რადიოს. მანქანით გადაადგილებისას არ ვრთავ სპეციალურ „ფლეილისტს“ , ვრთავ „ფორტუნას“ და ვუსმენ ძალიან სასიამოვნო სიმღერებს. ვფიქრობ, კარგი ვქენი, რომ მოვედი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დილა იწყება და მთავრდება მუსიკით. როგორც კი ვიღვიძებ, ჩემს საყვარელ სიმღერებს ვრთავ და ეს განსაკუთრებულ განწყობას მიქმნის. მაქვს პერიოდები, როცა შეიძლება 1-2 კვირა ერთი და იგივე სიმღერას მოვუსმინო.

 

  1. Etta James – At Last 

არის სიმღერები, რომელიც მარადიულია დროის და განწყობის მიუხედავად, ყოველთვის შეიძლება მოისმინო, ზუსტად ასეთია ჩემთვის ეს სიმღერა. ეს ქალბატონი არაჩვეულებრივი მომღერალი იყო. მან ფართო შესაძლებლობები აჩვენა, ძალიან ძლიერი შემსრულებელი იყო როგორც ბლუზის, ისე სოულის, ჯაზის, როკ-ენ-როლის და ა.შ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი ბიოგრაფიაც. მას ბევრი სირთულე გაიარა ცხოვრებაში, ბევრი რამის გადალახვა მოუხდა და შესაძლოა ამანაც იქონია გავლენა მის შემოქმედებაზე. ეს ჩემი ერთ-ერთი ძალიან საყვარელი სიმღერაა, რომელსაც ხშირად ვუსმენ ჩემს მეგობართან ერთად.

  1. Edith Piaf – Non, je ne regrette rien

ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფრანგულ სიმღერებს და ფრანგ შემსრულებლებს. ედიტ პიაფი, თავისი გამორჩეული, უნიკალური ხმის ტემბრით და შესრულების მანერით ერთნაირად უყვარდა ყველა გემოვნების მსმენელს და ყველა გემოვნების ადამიანისთვის მისი სიმღერები იყო და დღესაც არის გამორჩეულად ძვირფასი. როდესაც სიმღერა მომწონს, ყოველთვის ვინტერესდები შემსრულებლის ბიოგრაფიით, რადგან ეს ყველაფერი აისახება შემსრულებლის ხმაზეც, ტემბრზეც და იმ ემოციაზეც, რომლითაც ის მაყურებელთან ურთიერთობს. ტრიუმფის მიუხედავად, ბოლოს მაინც მარტოობის შეგრძნება  და ის სევდა დარჩა, რომელიც იმედთან ერთად ჩანს მის სიმღერაში და ეს ჩემთვის განსაკუთრებულ პალიტრას ქმნის.

როგორ გრძნობთ თავს ჩვენს სტუდიაში?

– არაჩვეულებრივად. თბილი, ძალიან დადებითი სიტუაციაა, სიმღერის განწყობაზე მოდიხარ.

  1. ლელა წურწუმია – ვიხსენებ ყველაფერს თავიდან

ძალიან მიყვარს ლელა. ვმეგობრობ მასთან და მისი შემოქმედებაც მიყვარს. ძალიან გამიჭირდა მისი შემოქმედებიდან ერთი სიმღერის ამორჩევა. მომწონს ამ სიმღერის ტექსტიც, მუსიკაც და შესრულებაც. ლელას განსაკუთრებული მანერა, ხელწერა აქვს, რის გამოც ძალიან ძვირფასია მსმენელისთვის.

– ქალბატონო ეკა, ეთერს გარეთ აღნიშნეთ, რომ მეგრული სიმღერის ჩასმაც გინდოდათ ჩამონათვალში. რამდენად გამორჩეულია თქვენთვის მეგრული სიმღერები და თავად თუ ასრულებთ? აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის აღმოჩენა იყო თქვენი ასეთი სიყვარული მუსიკისადმი და ვფიქრობ, მსმენელმაც სულ სხვანაირი ეკა ბესელია დაინახა გადაცემაში „რას უსმენენ ცნობილები“.

– მესმის, რომ ადამიანები პოლიტიკოსებს ძალიან მკაცრი იმიჯის მქონე ადამიანებად აღიქვამენ, ამ დროს, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ვმუშაობ, სულ ვუსმენ მუსიკას. პარლამენტში ყოფნის დროს, როდესაც კომპიუტერთან ვიჯექი და კანონპროექტზე ვმუშაობდი, დაბალ ხმაზე ყოველთვის ჩართული მქონდა კლასიკა, რომელიც განწყობას მიქმნიდა და გამოვყავდი სტრესიდან. რაც შეეხება მეგრულ სიმღერას, რიგითობით ვერსად ვერ გავიმეტე, ჩამონათვალში რომ ჩამესვა, რადგან ჩემთვის მეგრული სიმღერა კონკურს გარეშეა. ჩვენს სახლში, ამ კუთხით ყველაზე ნიჭიერი ჩემი დაა, მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული და როდესაც ის მღეროდა, მე და ჩემი მეორე დაც ვყვებოდით და ვინაწილებდით პირველ და მეორე ხმებს. სხვათა შორის, მუსიკალური მეც დავამთავრე, უბრალოდ სხვა რაღაცებმა გამიტაცა, განსაკუთრებით სპორტმა და სწავლამ. ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერა და მეგრული მაფშალია, რომელიც მეგრელებისთვის ჰიმნივით არის. უტკბესი სიმღერაა და ერთი ფანტასტიკური სიტყვაა ამ სიმღერაში, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ეს არის „გოლვაფირო“, ეს სიტყვა უფრო მეტია ვიდრე შემოგევლე, გენაცვალე, უფრო თბილი, ტკბილი და კომბინირებულია. მიყვარს სამეგრელო, ნახევრად იქ და ნახევრად აჭარაში გავიზარდე. სახლში, ოჯახურ გარემოში დღემდე ვმღერი.

  1. დათო ხუჯაძე- მახინჯი ვარ

დათო ხუჯაძე  ძალიან მიყვარს, მასთან ბევრი წელია ვმეგობრობ. დათო გავიცანი მაშინ, როცა ჯგუფში „სახე“ მღეროდა და პოპულარობის ზენიტში იყო. ერთ დღეს სრულიად შემთხვევით შევხვდი, გავაჩერე და ვუთხარი, რომ მომწონდა მისი შემოქმედება, ასე გავიცანი დათო და უკვე 20 წელია ვმეგობრობთ.

  1. Prince- Purple rain

ამ ნაწარმოებმა შეცვალა იმ პერიოდის მუსიკალური სამყარო. განსაკუთრებული იდუმალება აქვს ამ შემოქმედს. ძალიან შემიყვარდა ეს სიმღერა, როცა პირველად მოვისმინე და მერე კომენტარებსაც გავეცანი ამ სიმღერასთან დაკავშირებით. მახსოვს, პრინსი ამბობდა, რომ თითქოს ეს იყო სამყაროს დასასრული და იმავდროულად რაღაც დიდის დასაწყისი, წვიმა ერთგვარი გამწმენდი იყო. მან რაღაც განსაკუთრებული ჩადო ამ სიმღერაში, თითქოს რაღაც შეაჯამა. ზოგადად ფანტასტიკური შემოქმედება აქვს პრინსს, მაგრამ ეს სიმღერა მაინც განსაკუთრებულია.

  1. ჯანსუღ კახიძე-ოღონდ შენთან მამყოფინა

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი ლეგენდარულ ჯანსუღ კახიძეს და მის ერთ-ერთ ლეგენდარულს სიმღერას „ოღონდ შენთან მამყოფინა“. ძალიან ტკბილი და თბილია ეს სიმღერა.  თავისთავად გენიალურია ეს ადამიანი, მან არა მხოლოდ ქართულ რეალობაში შექმნა ხელოვნება, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გაიტანა. ჯანსუღ კახიძე უკვდავი და მარადიულია.

1.რუსა მორჩილაძე

ეს სიმღერა პირველად ჟღერდება საჯაროდ და განსაკუთრებულად მინდა მისი ისტორიის გაზიარება. ეს არის ჩვენი უნიჭიერესი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის საჩუქარი, რომელიც 2019 წელს გამიკეთა. ვუთხარი, რომ რაღაც განსაკუთრებული მუსიკა მინდოდა, რომელიც ბევრ ემოციას დაიტევდა და ჩემთან იქნებოდა დაკავშირებული. როგორც ჩანს, რუსა კარგად მიცნობს, რომ მოვისმინე ცრემლები წამომივიდა, ვტიროდი. თვითონ რუსა ძალიან ბედნიერი იყო, რადგან ზუსტად დაინახა ის ემოცია, რაც ამ მუსიკაში უნდა ჩაედო. სხვათა შორის, დათო ხუჯაძეც დაგვეხმარა, მან გააკეთა არანჟირება. ვფიქრობ, ამ სიმღერის სახელწოდების ერთ სიტყვაში მოქცევა რთულია, რადგან ის ცხოვრების მთავარ იდეასთან მიდის. ამ მუსიკაში არის ბრძოლის განწყობაც, ემოციურობაც, სიყვარულიც, სევდაც, სიხარულიც, აერთიანებს ყველაფერს და ამიტომაც მგავს მე. ამ სიმღერის ტექსტი ნანა ცინცაძეს ეკუთვნის, უბრალოდ, ჯერ ვერ გავაერთიანეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები