„ემბისი“ (MBC) საფინანსო ორგანიაზაციაა, რომელიც საქართველოში უკვე 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მიზანს, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი, დაკრედიტების გზით მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, მათთან გრძელვადიანი და გამჭვირვალე ურთიერთობის ჩამოყალიბება წარმოადგენს. „ემბისის“ გაყიდვების დირექტორი გიორგი ღვალაძე „ბიზნესნიუსში“ კომპანიის ათწლიან საქმიანობას აჯამებს.
– კომპანიის აქტივები უკვე 110 მილიონ ლარს შეადგენს, სასესხო პორტფელმა კი 98 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც „ემბისის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი ციფრია. ამ 10 წლის განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე ვიდექით, მაგრამ მაინც შევძელით თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, როგორებიცაა Incofin, Triple Jump, Simbiotic, BIB. ჩვენს პარტნიორებს შორის, ასევე, უნდა აღვნიშნო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ფინანსური განათლების პორტალი, საქართველოს პრო ბონო ქსელი და სხვები. ჩვენ აქტიურად ვართ წარმოდგენილი სხვადასხვა ბაზრებზე, ვთანამშრომლობთ როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო მიმართულებით. 2022 წელი „ემბისისთვის“ განსაკუთრებული იყო – გავიმარჯვეთ ისეთ კონკურსებზე, როგორებიცაა Meliora (პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი) და BARTA (ამ უკანასკნელზე ზედიზედ ორჯერ, 2021-2022 წლებში, მოვიპოვეთ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის საპატიო ჯილდო), გერმანულმა სარეიტინგო კომპანიამ Scope მოგვანიჭა B+ სტაბილური საკრედიტო რეიტინგი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარღვევა იყო ჩვენი კომპანიის ისტორიაში. ამ პროცესების შედეგად „გალტ & თაგარტმა“ 15 მილიონი ლარის ოდენობის აქციები გამოგვაშვებინა, რომლებიც ამავე წელს განვათავსეთ. ასევე, European Bank-ისგან Finance in Motion გრანტი მოვიპოვეთ და აგრომიმართულებით დაკრედიტების რისკიანობის შეფასება განვახორციელეთ.
– ბატონო გიორგი, კომპანია ვერ მიაღწევდა ასეთ წარმატებას და ვერ განვითარდებოდა ისე, როგორც განვითარდა, რომ არა მომხმარებლები. როგორ მოიპოვეთ მათი ნდობა?
– მომხმარებლების ნდობა, როგორც წესი, კომპანიის გრძელვადიან ხედვებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამჟამად 8000-ზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით. მათ შორის არიან საშუალო და მცირე მეწარმეები, ინდივიდუალური მეწარმეები, ფერმერული და საოჯახო მეურნეობები. გრძელვადიანი თანამშრომლობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების გამოყენებით ხელს ვუწყობთ, როგორც მომხმარებელთა ბიზნესის სტაბილურობასა და განვითარებას, ისე თავად მომხმარებლების განვითარებას იმ საქმეში, რომელსაც უძღვენიან.
– „ემბისის“ მიმდინარე პროდუქტებსა და სიახლეებზეც შევაჩეროთ ყურადღება.
– მოგეხსენებათ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საბანკო სექტორისგან განსხვავებით მრავალფეროვანი პროდუქტები არ აქვთ, მაგრამ მთელი რიგი წინააღმდეგობები დავძლიეთ და ბაზარზე წარმოდგენილები ვართ როგორც საკრედიტო, ისე არასაკრედიტო პროდუქტებით. საკრედიტო პროდუქტების მიმართულებით უნდა აღვნიშნო ბიზნეს, აგრო და იპოთეკური სესხები, არაუზრუნველყოფილი სესხები 20 ათას ლარამდე (ეს უკვე გაზრდილი ლიმიტია) და ავტოსესხი. გვაქვს საკრედიტო ბარათებიც და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მიკროსაფინანსო ბაზარზე ეს პროდუქტი ჩვენ გარდა ამ ეტაპზე არავის აქვს. რაც შეეხება არასაკრედიტო მიმართულებას, საოპერაციო პროდუქტებში წარმოდგენილები ვართ ფულადი გზავნილებით, ვალუტის გადაცვლით, კომუნალური და სხვა გადახდებით. სიახლის მხრივ კი უნდა აღინიშნოს ციფრული მომსახურება, რომელიც 2023 წელს დავნერგეთ და რომლის ფაგრლებშიც მომხმარებელს შეუძლია ვალუტის გადაცვლა, ონლაინ საკრედიტო განაცხადების შევსება. ამ სერვისით მომხმარებლის ონლაინ იდენტიფიკაციაცაა შესაძლებელი. გარდა იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად ვდგავართ, ბაზარზე საკმაოდ აქტიურები ვართ როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობაში, ისე პროდუქტების მოდიფიცირებაში. სწორედ ამან მისცა კომპანიას, მისთვის საიუბილეო წელს, ქვეყნის წარმატებულ მიკროსაფინანსო ორგანიაზაციებს შორის მეოთხე საპატიო ადგილზე მოხვედრის საშუალება.
– „ემბისი“ მიკრობანკობის სტატუსის მისაღებად ემზადება. უპირველესად, განვმარტოთ, რას ნიშნავს მიკრობანკი და შემდეგ ვისაუბროთ, რა ნაბიჯებს დგამთ სტატუსის მოსაპოვებლად.
– მიკრობანკი შუალედური საფინანსო ინსტიტუტია მიკროსაფინანსო ორგანიაზაციასა და ბანკს შორის. ეს არის სრულიად ახალი სიტყვა, რომელიც ქართულ ბაზარზე ჯერ არ თქმულა. ამ სტატუსით არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის შევძლებთ მიმდინარე ანგარიშების გახსნას, დეპოზიტების მიღებას 30 ათას ლარამდე, სასესხო პორტფელის ლიმიტის 100 ათასი ლარიდან მილიონამდე გაზრდას, შეგვეძლება გარანტიის და დაზღვევის გაცემა, სრულფასოვანი ინტერნეტბანკით მომსახურება. ამ გამოწვევებს კომპანია ძლიერი გუნდის დამსახურებით პასუხობს.
– ბატონო გიორგი, საფინანსო ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის მტკიცე კავშირს კვალიფიციური კადრები განაპირობებენ. ამ მხრივ რა ეთქმის „ემბისის“ და ზოგადად, რამდენად ზრუნავთ ახალგაზრდების თქვენს სექტორში მოზიდვაზე?
– იმის გამო, რომ შრომით ბაზარზე კადრების დეფიციტია, კომპანიაში საკუთარი სკოლა გვაქვს შექმნილი და სტუდენტებს პირველი კურსიდანვე ვთავაზობთ ჩვენთან სტაჟირებას. კურსის გავლის შემდეგ მათ შეუძლიათ დასაქმდნენ ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა მოლარე, დაკრედიტების ექსპერტი, საოპერაციო მიმართულების სპეციალისტი და ა.შ. ყოველთვის მოხარულები ვართ გუნდში, მით უფრო კომპანიის ტრანსფორმაციის გზაზე, ახალი თანამშრომლები მივიღოთ და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაშიც შევიტანოთ წვლილი. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ „ემბისი“ ბაზარზე მნიშვნელოვანი დამსაქმებელია, ჩვენს კომპანიას 240 თანამშრომელი ჰყავს.