LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგური, როგორც სიცოცხლის საზღვარი/ ვაშლიჯვრის მეწყრული ზონის საევაკუაციო გეგმა/ Covid-19 & ვაქცინაცია – “კვირის თემის” პოდკასტი

4
კვირის თემა8 აპრილი
  •  ენგური, როგორც სიცოცხლის საზღვარი – რა რეალური გზები  არსებობს პრობლემის გადასაჭრელად?

          სტუმარი: უჩა ნანუაშვილი – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი

 

  •  ვაშლიჯვრის მეწყრული ზონა – რა გეგმას აქვს მთავრობას მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის?

           სტუმარი: ავთანდილ ცინცაძე – თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი 

 

  • Covid-19 & ვაქცინაცია – რა მთავარი მითებია გავრცელებული და როგორი უნდა იყოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია პანდემიის დასამარცხებლად

          სტუმარი: ნინო ბენდელიანი – COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia) -ს თანადამფუძნებელი 

 

 

მხოლოდ 3 თვეში, 3 ათასზე მეტი გალელი დააკვეს, რუსი სამხედროების რაოდენობა კი 4 000-ს აღწევს: უჩა ნანუაშვილი საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობს

 

რეალურად რუსული ოკუპაცია არის წყარო, სათავე იმ პრობლემის, რომელიც დღემდე გრძელდება და მაქსიმალურად ზღუდავს ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის გალში,– ასე აფასებს მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი.

“ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” ნანუაშვილმა რუსული ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედია გასულ წლებშიც არაერთხელ მომხდარა. მისივე თქმით, კიდევ ერთი პრობლემა გადასასვლელების დახურვას უკავშირდება.

 

 

ნანუაშვილმა “ფორტუნას” ეთერში იმ საგანგაშო სტატისტიკაზეც ისაუბრა, რომელიც ოკუპანტების მხრიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავებებს უკავშირდება.

“2016 წლიდან ფაქტობრივად, უმეტესი პუნქტები დაიხურა. ჩვენ დღეს ორი პუნქტი გვაქვს. იყო პერიოდი, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 7 გადასასვლელით სარგებლობდა. წლების განმავლობაში, ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც შეზღუდვები გამკაცრდა. გაივლო მავთულხლართები და ვხედავთ, რომ საუკუპაციო ძალის მხრიდან კონტროლი უფრო და უფრო იზრდება. 4 000-ს მიაღწია რუსი სამხედროების რაოდენობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იქ მაცხოვრებელი ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით არაეფექტურ პოლიტიკას აწარმოებს და ამის კონკრეტული მაგალითები მოყავს.

“ეს არ არის მხოლოდ კარანტინთან დაკავშირებული საკითხი. პანდემიამ ზედაპირზე ამოიტანა ძალიან ბევრი პრობლემა. ეს სამწუხარო ფაქტიც, არის გაგრძელება ერთი მხრივ რუსული პოლიტიკის, მეორე მხრივ იმის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ვერ იღებს იმ საჭიროებას, რაც ადგილზე სჭირდებათ –  მეტი დახმარება, მეტი რესურსი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. თუ შევადარებთ ბოლო ინფორმაციას, მიმდინარე წელს, მხოლოდ სამ თვეში, სამი ათასზე მეტი გალელი იქნა დაკავებული რუსი მესაზღვრეების მხრიდან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. 3 000 ადამიანი, მხოლოდ 3 თვეში. თუ წინა წლების სტატისტიკას შევადარებთ, დაკავებების რაოდენობა გასამმაგებულია.

 

რატომ მოდის ეს ხალხი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე? რა აიძულებთ მათ, რომ ასეთი რისკის ფასად გადაწყვიტონ, რომ გადმოვიდნენ? 

 

“რატომ მოდის ეს ხალხი თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე? რა აიძულებთ მათ, რომ ასეთი რისკის ფასად გადაწყვიტონ, რომ გადმოვიდნენ? ეს არის ის კითხვა, რომელსაც სამწუხაროდ, ხელისუფლება პასუხს ვერ სცემს. რატომ არ ხდება შესაბამისი პროგრამების ამუშავება თუნდაც ადგილზე, რომ მოსახლეობას პანდემიის პირობებში ჰქონდეს დამატებითი რესურსი იმისთვის, რომ თავი გაიტანოს. გალში ადგილობრივები ვერ იღებენ სერვისებს, გადმოდიან იმისთვის, რომ აიღონ პენსია, დევნილის შემწეობა, იყიდონ მედიკამენტები, რომლებიც არ არის მანდ ან არის ძვირი”.- აცხადებს ნანუაშვილი.

წამყვანის ნინი ხუგაშვილის შეკითხვაზე, ხელისუფლებას აქვს თუ არა ბერკეტი შესთავაზოს თანამოქალაქეებს სერვისის გაუმჯობესება, უჩა ნანუაშვილი პასუხობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებისთვის მთავრობას შესაბამისი ბერკეტი ნამდვილად გააჩნია.

“გალში და საბერიოში არსებობს ორი დაწესებულება, რომელსაც აფინანსებს საქართველოს ხელისუფლება, რათა სამედიცინო სერვისი გაეწიოს ადგილობრივებს. როცა ასეთი მოცემულობა და რესურსია, კარგი იქნებოდა ამ სერვისების გაფართოება, უფრო ნაკლებ ადამიანს სჭირდებოდეს გადმოსვლა. იგივე შეიძლება ითქვას სხვა პროგრამებზე, თუნდაც დროებითი დახმარების პროგრამების ამუშავება.

 

გალელები იგივე პროცედურებით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ნებისმიერი უცხოელი ტურისტი

 

როცა ვსაუბრობთ კარანტინზე, გალელები იგივე პროცედურებით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ნებისმიერი უცხოელი ტურისტი. არანაირი განსხვავება არ არის და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა. მესმის, რომ ეპიდსიტუაცია უნდა გაკონტროლდეს,მაგრამ აუცილებელია მათთვის უნდა იყოს გამარტივებული რეჟიმი.

გალში ნებისმიერი ოჯახის გაძლიერება ქართული სახელმწიფოს ინტერესია და ამაში ყველა რესურს უნდა დებდეს ხელისუფლება, რომ ისინი არ ტოვებდნენ გალს. ახალგორიც იცლება ყოველწლიურად ქართული მოსახლეობისგან” – განაცხადა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” უჩა ნანუაშვილმა.

 

 

“პრეცედენტი, რომ კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგეს ენგურზე საზღვრის კვეთისას დაღუპულების გამო, არ არსებობს” – რა გზას გადიან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლისას მოქალაქეები

 

როგორ მიმდინარეობს გაადადგილების პროცესი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და რა გზებით უწევთ ადამიანებს ე.წ. საზღვრის კვეთა ? უჩა ნანუაშვილის განმარტებით, უმძიმესია მონათხრობი იმ ადამიანებისა, რომელთაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა უწევთ.

“ბევრს ვიცნობ, რომელსაც მოუწია გადმოსვლა. მინახია, ვისაც მავთულხლართების კვალი ჰქონდა – დაზიანებები სხეულზე. არის შემთხვევები, როცა ჰყვებიან როგორ გამოეკიდნენ რუსი მესაზღვრეები, ძაღლები. გადმოდიან დილის საათებში, როდესაც ნაკლებია იმის შანსი, რომ ვინმემ შენიშნოს.

ხშირად ხდება, რომ გზა ერევათ და ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს დამხარებას. არიან ასე ვთქვათ, “პროფესიონალი გიდებიც”. განსაკუთრებით უჭირთ ბავშვებს, ხანდაზმულ ადამიანებს. ზოგან მავთულხლართების რამდენიმე წყებაა.

უმძიმესი სურათია, როდესაც მდინარეზე უწევთ გადმოსვლა, თან ჩქარობ, თან ფიქრობ უსაფრთხოებაზე. ხურჩაში იყო შემთხვევა, როდესაც რუსი სამხედროები გადმოვიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით, 500 მეტრი რადიუსზე და დააკვეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ამ დროს არანაირი საგუშაგო, პოლიციის პატრულირება, რომელიც წესით იქ უნდა არსებობდეს, რომ მსგავს შემთხვევაში დაიცვას ადგილობრივების უსაფრთოხება, დამატებითი პრობლემაა”- განაცხადა ნანუაშვილმა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიღებული სტრატეგიები და გადაწყვეტილებები აცდენილია, რაღაც საკითხებში მუშაობს, მაგრამ რაც დრო გადის მდგომარეობა რთულდება და ხელისუფლება უნდა ახერხებდეს, რომ მოახდინოს ადაპტირება ახალ გამოწვევებზე.

გამოსავლის გზებზე საუბრისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ენგურის ხიდზე მოხდეს არა მხოლოდ ტესტირება, არამედ დახმარების სხვა სერვისების განთავსება.

“მთლიანობაში, გამოსავალი, კარანტინთან დაკავშირებით, სწრაფი ტესტების დანერგვა უშუალოდ რუხის ხიდზე, ერთ-ერთი ცდა იქნებოდა იმის, რომ მოსახლეობას გაუმარტივდეს გადმოსვლა. იგივე აფთიაქის მოწყობა, როგორც ეს ერთხელ უკვე განხორციელდა, სხვა სერვისები იყოს მიმდებარე ტერიტორიაზე. დამხარების აღმოჩენა.

ვხედავ, რომ ხელისუფლებას ბევრი ხარვეზი აქვს ამ მიმართულებით. პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ მოსახლეობას დაეხმაროს, გაუმარტივოს იქ ცხოვრება.

წამყვანის კითხვაზე მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებზე დამდგარა თუ არა ვინმეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ნანუაშვილი აცხადებს, რომ პრეცენდენტი, რომ კონკრეტულმა პირებმა აგეს პასუხი, დღეს არ არსებობს.

„სამწუხაროდ, არ ყოფილა რაიმე შედეგი. აღიძრა ბევრი საქმე, მაგრამ რეალურად შედეგამდე არ მისულა. საოკუპაციო რეჟიმთან რთულია ბრძოლა, მაგრამ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები, იგივე სტრასბურგის სასამართლო, რომლის გამოყენება უნდა მოხდეს ასეთ დროს”. – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა “კვირის თემაში”.

 

შეგახსენებთ, მაშველებმა მდინარე ენგურში დამხრჩვალი 4 ადამიანის ცხედარი 7 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონასთან იპოვეს. ოკუპირებული გალის რაიონის 4 მცხოვრები მდინარე ენგურის გავლით ცდილობდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

საქართველოს მთავრობამ ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა დააკისრა რუსეთს და მის საოკუპაციო რეჟიმს.

დაღუპულთა საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

 

 

 

იწვევს უშვილობას, ხდება მოსახლეობის გენოციდი – მართალია თუ არა მითები, რომლის გამოც მოსახლეობას ვაქცინის ეშინია

 

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის აცრილთა რაოდენობა ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რა მითებია გავრცელებული და როგორი უნდა იყოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია პანდემიის დასამარცხებლად, თემაზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ COVID-19 & ვაქცინაცია (V-Talk Georgia) -ს თანადამფუძნებელმა ნინო ბენდელიანმა ისაუბრა.

„ვიცით, ვაქცინაციის პრობლემა არსებობს, არამარტო საქართველოში არამედ მთელს მსოფლიოში. ადამიანებს აქვთ კითხვები, რომლზეც მყისიერად პასუხებს ვერ იღებენ და შესაბამისად  ეს განაპირობებს უნდობლობას აცრის მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, პლატფორმა შეგვეთავაზებინა ფეისბუქის მომხმარებლებისთის, სადაც მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გამოქვეყნდება.

სამედიცინო კვლევები, რომლებსაც აზიარებენ წამყვანი მედიასაშუალებები და თავად მედიკოსები და სამეცნიერო დაკვირვებები“. 

 

 

მან ასევე ისაუბრა მითებზე, რომელიც ვაქცინაციის პროცესში ბევრს აშინებს.

„ყველაზე მეტი მითი არის აცრის ეფექტიანობაზე. მეორე ესაა ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესება,რომელიც შეიძლება, ვაქცინაციას მოჰყვეს.  დღესდღეისობით ნახევარ მილიარდზე მეტია მსოფლიოშ აცრილი, შეიძლება ითქვას, რომ დაკვირვება მიმდინარეობს მუდმივად და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაცია და წამლის სააგენტოები აკვირდებიან და ყოველდღიურად მედიაში ჩნდება ის გარკვეული რეაქციები, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ აცრას.

ყველაზე გავრცელებული მითია, რომ აცრა იწვევს უშვილობას. ეს არც ერთი კვლევით დადასტურებული არაა და ამაზე აპელირება არაფრით არაა გამყარებული.

ასევე ვრცელდება მითები, რომ აცრა არაა ეფექტიანი და მსოფლიო მოსახლეობის გარკვეული გენოციდი ხდება.

ამბობენ, რომ  ჩიპის შეყვანა ხდება ვაცქცინაციის დროს, რაც აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს.

ნებისმიერი მითი, რომელიც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში შეიძლება იწვევდეს იუმორისტულ დამოკიდებულებას და ხუმრობის მიზეზი გახდეს, პასუხი უნდა გაეცეს, რადგან ვიღაცისთის ის  შეიძლება იყოს ხუმრობის მიზეზი, სხვა ადამიანს შეიძლება, ამის სჯეროდეს.  ჩვენი ჯგუფის მიზანია, რომ ვესაუბროთ ამ ადამიანებს და გავაგებინოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია და მერე, რა თქმა უნდა, დასკვნას და გადაწყვეტილებას აცრისა შესახებ ყველა ინდივიდუალურად მიიღებს“. – ამბობს ბენდელიანი.

მისი თქმით, მთავარი ინფორმაციის სწორად მიწოდებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

„ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება  მოხდეს დივერსიფიცირებული არხებით, რადგან ინტერნეტთან ძალიან ბევრს არ აქვს წვდომა, ასევე შეიძლება ინფორმაცია ვერ მიიღონ გარკვეული ასაკის ადამიანებმა და ამიტომ მასშტაბური კამპანია აუცილებელია, რომელიც სათქმელს მიიტანს მოსახლეობამდე და მათ ყველა ინფორმაციას მიაწვდიან ვაქცინაციის სიკეთეებზე“. – განმარტა ბენდელიანმა.

 

 

 

“ევაკუაციის გეგმა ნამდვილად არსებობს” – რა კეთდება ვაშლიჯვრის ფერდობის გადასარჩენად

 

რამდენიმე კვირაა ვაშლიჯვრის ფერდობს საფრთე დაემუქრა. მეწყრული ზონა გზის მშენებლობის პარალელურად გაჩნდა. თბილისში ყველას 13 ივნისის ღამე გაახსენდა და იმაზე დაიწყეს მსჯელობა, როგორ შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება. ადგილობრივი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს.
რა გეგმას აქვს მთავრობას ვაშლიჯვრის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, თემაზე თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა ავთანდილ ცინცაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ისაუბრა. 

 

 

„ვაშლიჯვრის ფერდობზე გაჩენილი მეწყრული პროცესი  გუშინდელი და დღევანდელი პრობლემა არაა, ეს არის ათწლეულების პრობლემა. როდესაც პრობლემამ თავი იჩინა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა პრევენციული სამუშაოები გაატარეს, შემდეგ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც  დაკომპლექტდა შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.  მოვიწვიეთ გერმანელი სპეციალისტები და ერთობლივი გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს სამუშაოები“. – აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ ნინი ხუგაშვილის გადაცემაში „კვირის თემა“.

სიცრუე, რომელიც ვაშლიჯვრის მცხოვრებლების ევაკუაციას ეხებოდა, პანიკის დათესვას ემსახურებოდა – კახა კალაძე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო

მისი თქმით, ფერდობის გადარჩენაში ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება.

„ჩვენი პოზიცია თბილისის მერმაც დააფიქსირა და უამრავი განცხადებები გაკეთდა, ჩვენი კარი ნებისმიერისთვის ღიაა. შეუძლია ნებისმიერი მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა ფერდობის გადარჩენაში. რა თქმა უნდა, მერიის ზედამხედველობის გარეშე, ვისაც რა მოუნდება, იმას ვერ გააკეთებს, მაგრამ შეუძლიათ მოვიდნენ, გაეცნონ სიტუაციას და ნებისმიერ პროცესში მიიღონ მონაწილეობა“. – აღნიშნა ცინცაძემ. 

ცინცაძე განმარტავს, რომ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არაა.

„ადგილზე დამონტაჟებულია მონიტორინგის ტექნიკა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მივიღოთ დაზუსტებული ინფორმაცია ფერდობზე მიმდინარე პროცესებზე. სპეციალისტებზე დაყრდნობით, მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით დღეს არანაირი ევაკუაცია საჭირო არაა.

მე თავად ვაშლიჯვარში ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. არასად არ წასულვარ, დღესაც აქ ვიმყოფები. თუ რაიმე სახის მინიშნება მაინც იქნება და რაიმე სახის საჭიროება იქნება, რომ მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, პირველი ვიქნებით ჩვენ, ვინც გამოვალთ და ამას ვიტყვით“. – ამბობს ცინცაძე „კვირის თემასთან“ საუბარში.

ცინცაძე განმარტავს, რომ აჟიოტაჟი მოყვა ევაკუაციის გეგმას.

„მოყვა აჟიოტაჟი იმას, რომ არსებობს ევაკუაციის გეგმა. ნამდვილად არსებობს ევაკუაციის გეგმა, შესაბამისი სამსახურები ამ საკითზე მუშაობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გახდება საჭირო. ღმერთმა ქნას ევაკუაციასაჭირო არ გახდეს.  თუმცა, თუ გახდება საჭირო, შესაბამისი სამსახურები ნებისმიერ ადამიანს გააცნობენ  გეგმას და ამ გეგმის შესრულება დაიწყება. დღეს ყველანაირი პრევენციული სამუშოები მიმდინარეობს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

დღევანდელ დღესაც ათეულობით ადამიანი ამ ღერძზე დგას და მუშაობს. გარკვეული მიწის მასების მოხსნა მიმდინარეობს, შემდეგ მიდის ცემენტიზაცია. პირველ რიგში ჩვენი ამოცანა იყო, რომ თვითოეული ადამიანისთვის ყოფილიყო უსაფრთხო სამუშოები და მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად ჩავკეტეთ.

მომავალ კვირას ველოდებით გერმანელ სპეციალისტებს, ჩამოვლენ და ერთობლივი სამუშაობის საფუძველზე გვექნება იმისი გეგმა, თუ შემდგომში რა სამუშაოები უნდა განხორციელდეს. ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები,  მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავხსნათ მაჭავარიანის ქუჩა.

მინდა მივმართო ვაშლიჯრის მოსახლეობას და ვთხოვო, რომ ნუ აყვებიან ცრუ ინფორმაციას. სამწუხაროდ მიზანმიმართულად ვრცელება ტყუილი ინფორმაცია და ჩვენ ნამდვილად არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში და უბრალოდ მოატყუონ. შემიძლია, ხამაღლა ვთქვა, რომ ატყუებენ. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმისთვის, რომ თვითოეულმა ადამიანმა თავი არ იგრძნოს უსაფრთხოდ“. – განმარტა ცინცაძემ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები