LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არასდროს მითქვამს, – უკრაინელი ვარ, ბებია და დიდი ბებია უკრაინელები იყვნენ“ – ანდრია გველესიანი სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

15
gvelesiani

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მომღერალი და მსახიობი – ანდრია გველესიანი, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა და მსმენელს ექსკლუზიური ინფორმაციაც გაანდო.

პირველ რიგში, როგორ ხარ?

ბოლო პერიოდი ძალიან რთულია კითხვაზე, „როგორ ხარ?“ პასუხის გაცემა, მაგრამ ვცდილობ, რომ ამ ყველაფრის ფონზე ვიყო ნორმალურად.

მაინტერესებს, რა შეიცვალა ამ პერიოდში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის, რა შეგეხო ყველაზე ცუდად?

საქმეს, რასაც ვაკეთებდი,  ისეთივე ინტენსივობით ვეღარ ვაკეთებდი. ძირითადად, ვიჯექი სახლში. რაც მე განვიცადე, იყო ურთიერთობის დეფიციტი, ბოლო პერიოდში ავმოძრავდით, თუმცა ახლა კი ვიცით, რაც ხდება მსოფლიოში, მოკლედ, არ მთავრდება ეს ყველაფერი. რამდენიმე ჩემი საავტორო სიმღერა გავაკეთე, შრომატევადი იყო სახლიდანაც ეს პერიოდი, მაიკოც მეხმარებოდა, შემდეგ უკვე დაიბადა ალექსანდრე, ის პანდემიის დროს მოევლინა სამყაროს. ეს იყო ყველაზე დიდი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. კომენდანტის საათი იყო, რომ დაიბადა, სხვათა შორის, 1992 წელს, მეც კომენდანტის საათში დავიბადე. მან ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ის ძალიან მუსიკალურია, მყვება ხოლმე სიმღერაში. 6 თვის იყო, გიტარასთან, ჩემთან ერთად ჯდებოდა ხოლმე. პირველი საჩუქარი იყო უკულელე და მასზე ერთობა ხოლმე. იავნანა დავუწერე, თუმცა ჯერ არ ვახმაურებ. ჩემი პირველი ალბომი კი მაიკოს ეძღვნება. ყველა სიმღერა მასზეა.

როგორც მსახიობისთვის, რომელიც სცენის გარეშე დარჩა, გაგიჭირდებოდა ეს ყველაფერი…

ყველა დამეთანხმება, რომ თეატრი უფრო ცოცხალი ორგანიზმია. სხვათა შორის, მქონდა იმ პერიოდში სერიალის გადაღებები, კინოც გადავიღეთ, ეს არის პირველი ქართულ-ყაზახური პროექტი, სადაც მთავარ როლს ბუბა კიკაბიძე თამაშობს. მე ვასახიერებდი ბუბას ახალგაზრდობას. მიუხედავად აქტიური პერიოდისა, თეატრი მაინც სხვა რამაა. ახლა განახლების პროცესშია ჩვენი ბევრი სპექტაკლი.

როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, აპირებთ უკრაინელი მსახიობების ჩამოყვანას.

ორი დღის წინ მქონდა ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელთან, ირაკლი გოგიასთან ამ თემაზე საუბარი, ზოგადად, ჩვენი თეატრი ძალიან ჩაბმულია მიმდინარე მოვლენებში, ბევრი ახლობელი გვყავს კიევიდან. ხშირად ჩავდიოდით ხოლმე უკრაინაში. ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკებები, რომ იქაური მსახიობები ჩამოვიდნენ საქართველოში, თან თავშესაფარიც ექნებათ აქ და პლუს, პროექტზე ვიმუშავებთ ერთად. ეს იქნება ემოციის ზღვა.

ანდრია, გაიხსენე შენი ურთიერთობა უკრაინასთან, არაერთ პროექტში მიგიღია მონაწილეობა.

ჩემი უკრაინა… სენსიტიური თემაა, მინდა, ვახსენო ქართველი გმირები, ვინც იბრძვის. მეც უკრაინელი ვარ, დედაჩემის მხრიდან ბებია და დიდი ბებია უკრაინელები იყვნენ, თუმცა ეს უკრაინაში არასდროს გამიჟღერებია, არ მინდოდა ამ თემით აპელირება. ჩემი პირველი მასშტაბური გამოსვლა, რომელიც უკრაინაში შედგა, იყო „იქს ფაქტორი“, საოცარი მსმენელია უკრაინელი ხალხი. ახლაც, ომში არიან და ღიმილი არ შორდებათ, ამით ვხვდები, რამხელა სიმამაცეა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ძალიან რთულ პერიოდში არიან, თუმცა გრძნობენ ჩვენგან თანაგრძნობას და მადლიერები არიან. მე ჩემს ერს არასდროს დავაკნინებ, თუმცა რაღაცები უნდა ითქვას, ვერ ვიტყვი, რომ მათ ვგავართ, ჩვენ ბევრ რამეს დრამატულად ვუყურებთ. მგონია, რომ ისინი ძალიან მყარად დგანან დედამიწაზე, რეალისტურად აღიქვამენ მოვლენებს, შესაბამისად, ადეკვატური რეაქცია აქვთ. ჯარისკაცის მიმართვას ვუსმინე, რომელიც ერთ-ერთი სოფელს იცავდა, მან თქვა, რომ შიდა დაპირისპირება ბევრი იყო, თუმცა განსაცდელის ჟამს ყველა შეიკრა, ამიტომ მჯერა, რომ ეს ხალხი ფეხზე დაგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები