LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფანტული სკლეროზის სიმპტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა – „ავერსის“ კლინიკის ნევროლოგი მაკა მანია

148
maka-mania

27 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ „ავერსის“ კლინიკის ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ქალბატონი მაკა მანია ნევროლოგი სტუმრობდა, რომელმაც მეტად ვერაგ დაავადებაზე – გაფანტულ სკლეროზზე ისაუბრა.

– ქალბატონო მაკა, ბევრს გაფანტული სკლეროზი მეხსიერების  დაქვეითება ან დაკარგვა   ჰგონია, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. საინტერესოა, სინამდვილეში რას გულისხმობს გაფანტული სკლეროზი და რატომ შეიძინა ამგვარი სახელი?

– გეთანხმებით, ბევრისთვის სკლეროზი მართლაც მეხსიერების პრობლემებთან ასოცირდება, თუმცა, მედიცინაში მას აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს და ნებისმიერ, მათ შორის მიოკარდიომის ან ნერვულ ქსოვილში სხვადასხვა უჯრედის დაზიანებას გულისხმობს, ტერმინი კი, დაავადების სიმპტომატიკის წყალობით გაჩნდა, რომელიც დროსა და სივრცეშია გაფანტული. დროში გაფანტულობა სიმპტომების პერიოდულ გაჩენა-გაქრობით აიხსნება, სივრცეში კი, თავის ტვინში გაფანტული წერტილების დაზიანებით.

– როგორია სტატისტიკური მონაცემები საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოში?

– სამწუხაროდ, საქართველოში არც ეპიდემიოლოგიური კვლევა არსებობს, არც კონკრეტული ციფრები, ამიტომ ზოგად ტენდენციებზე მხოლოდ  მსოფლიო სტატისტიკის გათვალისწინებით შეიძლება საუბარი. აღსანიშნავია, რომ მსოფლი ერთგვარ გეოგრაფიულ – მაღალი, საშუალო და დაბალი სიხშირის ზონებადაა დაყოფილი, საქართველო კი, მაღალს და საშუალოს შორისაა მოქცეული, ანუ ქვეყანაში რამდენიმე ათასი ადამიანი იტანჯება გაფანტული სკლეროზით.

– საინტერესოა, რა სიმპტომებით ვლინდება გაფანტული სკლეროზი?

– მართალია, ზოგჯერ დაავადება იმდენად აშკარა ნევროლოგიური სიმპტომებითაა გამოხატული, რომ პაციენტი იძულებულია გადადების გარეშე მიმართოს ექიმს, მაგრამ მეტწილად მაინც შემპარავად, მხოლოდ სხეულის გარკვეული ნაწილების დაბუჟებით იწყება, რომელიც სწრაფად ქრება და თითქმის ყოველთვის შეუმჩნეველი რჩება.

– რამდენად ახასიათებს დაავადებას გენდერული ან ასაკობრივი თავისებურებები?

– გაფანტულ სკლეროზს 15-დან 50 წლამდე  აღმოცენება ახასიათებს და ქალბატონებს უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს.

– რა განაპირობებს დაავადების განვითარებას?

– მართალია, დაავადების წარმოშობა საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ მთავარ გამომწვევ მიზეზად მაინც  აუტოიმუნური ანთებითი პროცესი ითვლება, როცა ადამიანის იმუნური უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივ, ბაქტერიებს და ვირუსებს ებრძვიან, საკუთარი ნერვული ნივთიერების – მიელინის გარსის წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. რა იწვევს იმუნურ სისტემაში ამგვარ დეფექტს, ჯერჯერობით ნაკლებადაა გამოკვლეული და შესწავლილი.

– რამდენად შესაძლებელია დაავადების ზუსტი დიაგნოზის დასმა?

– დიაგნოზის დასმისას ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა, თუმცა მონაცემების საფუძველზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება მაინც არ შეიძლება, რადგან მსგავსი დაზიანებები ხშირად არასპეციფიურია, არასდროს მწვავდება და სრულიად ჯანმრთელ ადამიანსაც ახასიათებს. ვფიქრობ, სწორი დიაგნოზის დასმას პირველ რიგში, პროფესიონალი სპეციალისტი – რადიოლოგი და ნვროლოგი სჭირდება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს დაზიანების წარმომავლობას და მის ხასიათს.

– როგორ შეიძლება გაფანტული სკლეროზის მკურნალობა?

– რა თქმა უნდა, დაავადების მკურნალობა რთულია, თუმცა ბოლო წლებში სერიოზული პროგრესი შეიმჩნევა, რადგან ინტერფერონის შემდეგ, რამდენიმე ახალი და განსხვავებული სიძლიერის იმუნომოდულაციური პრეპარატი გამოჩნდა.

– რამდენად ეფექტურია იმუნომოდულაციური პრეპარატების თერაპია და ზოგადად რას გულისხმობს მკურნალობის ეფექტურობა?

– რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე დაიწყებს პაციენტი მკურნალობას, მით უფრო დიდხანს შეძლებს აქტივობის და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. დღეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ორი ტაქტიკა არსებობს – როცა მკურნალობა მსუბუქი მედიკამენტებით იწყება და ეტაპობრივად ძლიერდება, ან მეორე, როცა პირდაპირ ძლიერი პრეპარატების გამოყენებით ვიწყებთ მკურნალობას. მონაცემების თანახმად, სპეციალისტთა ნაწილი სწორედ მეორე მეთოდს ანუ  ინდუქციურ თერაპიას მიმართავს, ერთგვარად „აკონსერვებს“ დაავადებას და მხოლოდ წლების შემდეგ ვარაუდობს პრეპარატების შემსუბუქებას. მართალია, საქართველოში არსებობს გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატები, მაგრამ პაციენტთათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან მაღალეფექტური მედიკამენტი ყოველთვის ძალიან ძვირია.

– არსებობს თუ არა ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც გაფანტული სკლეროზით დაავადებულთა მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს?

– სამწუხაროდ, დღეს არც სახელმწიფო, არც  კერძო ორგანიზაციები არ ზრუნავენ პაციენტთა  დაფინანსებაზე, ერთადერთი გამონაკლისი – ერთწლიანი საპილოტე პროგრამაა, რომელსაც აჭარის მთავრობა ახორციელებს 10 ბენეფიციარს აფინანსებს.

– რით შეგიძლიათ დააიმედოთ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები?

– ოპტიმიზმის მიზეზი მართლაც გვაქვს, რადგან მსოფლიოს მედიცინა ძალიან აქტიურად მუშაობს ახალ პრეპარატზე, რომელიც  4-10 წელი სრულად აჩერებს დაავადების განვითარებას. მანამდე მსგავსი მედიკამენტი საერთოდ არ არსებობდა, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები