LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერვენციული კარდიოლოგია და დარგის მთავარი გამოწვევები საქართველოში – ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზვიად კერესელიძე გადაცემაში „პულსი“

1808
ზვიად-კერესელიძე

რადიო ფორტუნასდა თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას პულსი, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ინტერვენციული კარდიოლოგი, ზვიად კერესელიძე სტუმრობდა. სტუმარმა გადაცემაში ინტერვენციული კარდიოლოგიის პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

-ბატონო ზვიად, ღონისძიება, რომელიც თქვენი ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა სულ რამდენიმე დღის წინ – მესამე საერთაშორისო კონგრესი საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული და უკვე ტრადიციულად ქცეული. რა მიზნებს ისახავდა ეს კონგრესი, რატომ დაარსდა და რამდენად კმაყოფილი ხართ უკვე გამართული კონგრესის შედეგებით?

ჩვენი ასოციაცია 2018 წელს შეიქმნა, რომლის პირველი პრეზიდენტი იყო შალვა რცხილაძე. შემდეგ, 2022 წელს მე ამირჩიეს პრეზიდენტად. სამწუხაროდ კოვიდმა ძალიან შეგვიშალა ხელი მთავარი მიზნების ასრულებაში. ამ ასოციაციის შექმნის მთელი არსი, ეს არის ის, რომ შიგნით კომუნიკაცია შემდგარიყო და გვემოძრავა ერთი მიმართულებით, ეს არის განათლების მიმართულება, რომ დაგვენერგა თანამედროვე მეთოდები დარგის განვითარებისთვის. ჩვენი ასოციაციის მიზანიც სწორედ ესაა, რომ ავამაღლოთ განათლების დონე ახალგაზრდებში, მივცეთ მათ საშუალება დაეწიონ თანამედროვე ტექნოლოგიებს და სწორედ ამან განაპირობა ასოციაციის შექმნა. კონგრესი კი იყო მნიშვნელოვანი კომპონენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. უცხოელი კოლეგების და დასავლური მედიცინის ჩართულობის გარეშე კი ეს ვერ მოხდებოდა – შესაბამისად კოვიდის დასრულების შემდეგ, ბოლო სამ წელში ჩვენ მივაღწიეთ, რომ უკვე ტარდება აღნიშნული კონგრესები და სულ უფრო წარმატებული ხდება.

-ბატონო ზვიად, სპიკერები, დარგის ლიდერები რომლებიც მოწვეული გყავდათ უცხოეთიდან კონგრესზე, ვინ იყვნენ ისინი, რამდენად საინტერესო იყო მოხსენებები და რაც მთავარია, რამდენად სასარგებლო იყო დამსწრე აუდიტორიისთვის?

საკმაოდ წონადი ექსპერტები იყვნენ მოწვეული კონგრესზე. პირველ წელს მხოლოდ გერმანელებთან კოლაბორაცია გვქონდა. გერმანიიდან წარმოდგენილი იყო ინტერვენციულ კარდიოლოგთა საზოგადოება. ასევე რადიალური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ჩვენთან სტუმრად. ეს არის ინტერვენციული კარდიოლოგი, გერმანელი ექსპერტი სტრუქტურული დაავადებების მიმართულებით, თომას შმიდსი. ასევე ჩამოსული იყო როსტისლავ პროგი, დიმიტრი სულიმოვი, როსტომ კორდამაშვილი – ჩვენი კოლეგა რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს დიდი ხანია.

წელს იყო კოლაბორაცია კიდევ ორ ქვეყანასთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის. სომხეთიდან ჩამოსული იყო კარდიოლოგთა ინტერვენციის საზოგადოების მაღალი თანამდებობის პირი, გამგეობის წევრი, ხოლო აზერბაიჯანიდან ასოციაციის ხელმძღვანელი, სპიკერი ულევი მირზოევი. ასევე გვყავდა თურქეთიდან ინტერვენციული კარდიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე ევროპის ასოციაციას წარმოადგენს თურქეთიდან – თეომან კილიჩი. ასევე ჩვენი ადგილობრივი მაღალი დონის სპეციალისტები – ირაკლი გოგორიშვილი, ლაშა ოსიაშვილი, ლაშა ჩანტლაძე, ინგა ბოჭორიშვილი, ლევან ამაღლობელი, აკაკი არჩვაძე, მურმან ქანთარია და ასე შემდეგ.

-ბატონო ზაზა, თქვენ, ექიმი, რომელიც ძალიან კარგად იცნობთ ვითარებას საერთაშორისო არენაზე, როგორ შეაფასებდით, რა დონეზეა დღეს ქართული ინტერვენციული კარდიოლოგია, რაში ხედავთ დარგის მთავარ გამოწვევებს?

ჩვენი დარგი ძალიან განვითარდა ბოლო10-15 წლის განმავლობაში, რასაც ვხედავთ დასავლურ მედიცინაში, საკმაოდ რთული კლინიკური შემთხვევების მოწესრიგება და მოგვარება ხდება ინტერვენციული კარდიოლოგიის გზით (კორონალური სტენტირების, კომპლექსური კორონალური სტენტირების გზით) ეს ყველაფერი კი დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების შემოსვლასთან. ფაქტია, რომ ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, რომელიც აქვს საქართველოს, ამის თქმა თავისუფლად შეგვიძლია, არის საკმაოდ დიდი რესურსი, რომ ეს ყველაფერი ჩვენთან განხორციელდეს, თუმცა ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა პოლიტიკური ნება და დაფინანსების სისტემის ხელშეწყობა, რაც მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. 

ტრენინგთან დაკავშირებით, ნამდვილად არ გვაქვს პრობლემა, რადგან ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ჩვენი ინტერვენციული კარდიოლოგები დაკავშირებული ყოფილიყვნენ დასავლურ მედიცინასთან. მათ შორის ბევრმა უკვე გაიარა გერმანიასა და თურქეთში აღნიშნული ტექნოლოგიების დაუფლების კურსები. ადგილზეც შეიძლება ამ კურსების შესწავლა.

პირველი – ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს ინტელექტუალური რესურსი და ამას ვერ ვახერხებთ რადგან აღნიშნულ მომენტში არ გვაქვს ამის საშუალება – ეს დამთრგუნველია ექიმისთვის და ეს პაციენტისთვისაც დიდი პრობლემაა, რადგან მას ისე ვერ ვეხმარებით, როგორც საჭიროა და შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ.

მეორე საკითხი- რეგიონები,  სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი განვითარების იმ ეტაპზე არიან გადასული, რასაც ჩვენ (საქართველო) ჩამოვრჩებით და რეალურად ეს მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიებთან არის დაკავშირებული და არა ადამიანური რესურსის ფაქტორი.

-რაში ხედავთ გამოსავალს, რამდენად გადაწყვეტადია პრობლემა, რამდენად შეუწყობს ხელს ამ პრობლემის გადაჭრა ზოგადად ჯანდაცვის სფეროს ქვეყანაში. მე ვიცი, რომ ამ მხრივ საკმაოდ კარგი მოდელი აქვს აჭარას?

აჭარაში წინ გადადგმული ნაბიჯები აღსანიშნავია. რასაც აჭარაში ახერხებს ჯანდაცვის სამინისტრო მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს და დარწმუნებულ ვარ ეს ტემპი გაგრძელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი ასოციაცია რა პრობლემებსაც ხედავს ესეც ფაქტია. ჩვენ კონკრეტული ჯგუფი, კონკრეტული ექიმი ვერ მოვახერხებთ დაფინანსების სისტემის კონკრეტულ პაციენტზე მორგებას, აქ გვჭირდება სამინისტროს ჩართულობა და DRG – ის სისტემის (დაფინანსების) პირობებში გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს ასოციაციამ იცის, ინფორმაცია აქვს სამინისტროსაც. ჩვენი მთავარი მიზანია,  როგორც დამოუკიდებელი, არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციის, ჩართული ვიყოთ ამ დარგის განვითარების პერსპექტივებში. ჩვენ მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს ეს თანამშრომლობა გარკვეულწილად მიმდინარეობს. რადგან მათ გარეშე წარმატებების მიღწევა ვერ მოხდება ვერც ერთ ქვეყანაში. საჭიროა სისტემური რეფორმა, რომელიც არ არის მარტივი, თუმცა რეალისტურია. ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა, რათა დაბალანსდეს გარკვეული კონფლიქტთა ინტერესი დამფინანსებელსა და დაფინანსებულს შორის.

-რაც შეეხება ხარჯთეფექტურობას და ფინანსურ ეკონომიას – რამდენად ხარჯთეფექტურია ეს ყველაფერი, თუნდაც ხანგრძლივ ვადიან პერსპექტივაში, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ?

ჯანდაცვის დაფინანსება არასდროს არ არის გაყინული ერთ ბიუჯეტზე, ის მზარდია. თუ განვითარებულ ქვეყნებს შევადარებთ ყოველთვის მზარდია. ხარჯთეფექტურობის მიმართულებით უნდა აღინიშნოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც დანერგილია- ყოველთვის ფასდება მათი ხარჯთეფექტურობა. ხარჯთეფექტურობა პირველ რიგში ეს არის არა მარტო ის, რომ იმ მომენტში თანხა დაიზოგოს, არამედ ის, რომ პაციენტი გადაარჩინო ინვალიდობას და მას მისცე საშუალება, რომ იმუშაოს და მან შემოიტანოს დოვლათი. 

თანამედროვე დიაგნოსტიკური თუ სამკურნალო პროცედურები უკვე რეკომენდებულია ცნობადი გაიდლაინების მიერ და ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად აწონილ-დაწონილია ხარჯთეფექტურობა. თუ გადავხედავთ დიდ ოპერაციებსა და მცირე ოპერაციებს შორის ბალანსს – ნახავთ, რომ პროპორცია დიდი ოპერაციების თვალსაზრისით უფრო დიდი წილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სკანდინავიურ ქვეყანაში მცირე ინვაზიური პროცედურების წილმა მოიმატა, ხოლო დიდი ოპერაციების წილმა დაიკლო, რაც ნამდვილად ხარჯთეფექტურობაა მიუხედავად იმისა, რომ მცირე ოპერაციების თანამედროვე მოგვარების გზებში არსებობს გარკვეული ფინანსური ინვესტიციების ჩადება. არსებობს კვლევები და ჩვენ ეს ყველაფერი მიწოდებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g