LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოქსართროზი აღარ არის ასაკოვანი ადამიანის დაავადება… გულდასაწყვეტია, როდესაც ახალგაზრდას უწევს ხელოვნური სახსრის ჩაყენება…“ – ორთოპედ-ტრავმატოლოგი, თემურ კვეტენაძე მკურნალობის ეფექტურ მეთოდებზე გადაცემაში „პულსი“

4122
თემურ-კვეტენაძე

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ორთოპედ-ტრავმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თემურ კვეტენაძე სტუმრობდა. სტუმარმა დეტალურად ისაუბრა კოქსართროზის განვითარების მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე.

ბატონო თემურ, მენჯ-ბარძაყის სახსარი – პრობლემური და აქტუალური საკითხია, რომელიც პრაქტიკულად ბევრს ადამიანს აწუხებს, დავიწყოთ თავად პრობლემის სტატისტიკით და ეპიდემიოლოგიით, რა ვითარებაა ამ მხრივ მსოფლიოსა და საქართველოში?

თანამედროვე ცხოვრებაში ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო 20-30 წელი, როდესაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა და როდესაც ამდენი მაღალენერგიული ტრავმები ხვდება ადამიანს, როდესაც ცხოვრების ხარისხი შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც ხდებოდა წინა საუკუნეებში. პირველ რიგში საუბარია ფიზიკურ აქტივობაზე. ადამიანს თანამედროვე ცხოვრებაში შედარებით ნაკლები ძალები სჭირდება, რომ შეიქმნას ის კომფორტი, ვიდრე სჭირდებოდა 50 და 100 წლის წინ.

ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სამხრეთთან მიახლოებულ ქვეყნებში, ზღვისპირეთის ქვეყნებში, რომლებიც უფრო მწვავედ დგანან ამ პრობლემის წინაშე, თუმცა სხვა ქვეყნებსაც საკმაოდ აწუხებთ ეს პრობლემა.

რატომ სამხრეთი და რატომ ზღვისპირეთი, ამას აქვს რაიმე ახსნა?

ერთ-ერთი სტერეოტიპი რაც არის, საუბარია ნესტზე. ჩემი პირადი მოსაზრებით კი როდესაც რბილი და თბილი კლიმატია, იქ ნაკლები ფიზიკური აქტივობაა, როდესაც ადამიანს სცივა და წელიწადში 10 თვე ყინავს გარეთ, იქ უფრო იძულებულია ადამიანი, რომ იმოძრაოს.

მოდით გადავიდეთ ქართულ რეალობაზე, თქვენი დეპარტამენტის მაგალითზეც შეიძლება მსჯელობა, თუ რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემა ჯანდაცვის წინაშე. გვითხარით რა ასაკის პაციენტები გყავთ ყველაზე ხშირად და ვინ წარმოადგენს დაავადების განვითარების რისკფაქტორს?

სტერეოტიპად ჩვენი ძირითადი პაციენტები იყვნენ პენსიონერები, ახლაც მასობრივად პენსიონერები არიან. ბოლო 2-3 წელია, რაც ეს პრობლემა გახშირდა ახალგაზრდებშიც და ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ახალგაზრდებში საგრძნობლად იმატა ამ პრობლემამ კოვიდის პანდემიის შემდგომ. ერთ-ერთ რაც ხშირად ემართებათ, ეს არის ასეპტიური ნეკროზი, რომელიც უშუალოდ იწვევს კოქსართროზს და მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებას. ბოლო პერიოდში გვყავდა 10-მდე პაციენტი, რომელთა ასაკი 40 წელზე დაბალია, გვყოლია 30 წლამდე ახალგაზრდა პაციენტებიც ამ პრობლემით.

ანუ გამოდის, რომ კოქსართროზი სულაც არ არის ასაკოვანი ადამიანის დაავადება…

სამწუხაროდ ასეა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც 30 წლის ასაკში, ახალგაზრდას უწევს ხელოვნური სახსრის ჩაყენება.

უსახსრობა, ეს არის უუნარობა ძალიან ბევრი რამის, პრაქტიკულად ეს არის ინვალიდიზაცია და მეორეს მხრივ ამის საპირწონედ XXI საუკუნეში გვაქვს მკურნალობის ძალიან ეფექტური საშუალებები, გვიამბეთ რა ხდება დიაგნოსტირების თვალსაზრისით და მეორეს მხრივ რამდენად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს მკურნალობის სფეროში?

ტრავმატოლოგია-ორთოპედია ითვლებოდა ისეთ დარგად, რომელსაც განვითარება ნაკლებად ეხებოდა. საბედნიეროდ ბევრი რამე შეიცვალა და კიდევ შეიცვლება იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და რაც უფრო დაგვეხმარება ტექნოლოგიები, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ.

რაც შეეხება დიაგნოსტიკას, მთავარი ჩვენი ოქროს სტანდარტი არის რენტგენოლოგიური კვლევა.

ერთ-ერთი პრობლემა, ასეპტიური ნეკროზი ახალგაზრდებში და დასაწყის სტადიაში, ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოკვლევის მეთოდია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, როდესაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ის ცვლილებები ძვლის სტრუქტურაში, რომელიც არ ჩანს რენტგენოლოგიურად. ეს დაგვეხმარება ნაადრევ დიაგნოსტიკაში და უფრო ფართო არჩევანი გვექნება არაოპერატიულ მკურნალობაში. ეს ყოველთვის დიდი პლუსია. ეს შეიძლება რამდენიმე თვე, წელი და შეიძლება ათწლეული იყოს პაციენტისთვის, რომელიც თავის სახსარს შეინარჩუნებს.

რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, რამდენად განვითარდა, რა შესაძლებლობები და პოტენციალი აქვს თანამედროვე მედიცინას მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოში და კონკრეტულად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში?

რაც არ უნდა თანამედროვე მიდგომა იყოს, ყველა თანამედროვე ტექნოლოგია მედიცინაში არის მიზანმიმართული კლასიკურ, ძველებურ მიმართულებაზე, ანუ ნებისმიერი ჩვენი განვითარება ძირითადად არის ის, რომ ნაკლები დავაზიანოთ და მეტი შედეგი მივიღოთ, ანუ ის მედიცინის პოსტულატი, რომ „არ ავნო“, სწორედ ყველაფერი თანამედროვე უყურებს ამ ამოსავალ წერტილს. ნაკლები ჩარევა და მაქსიმალური შედეგი, რომ ჩვენ არ შევუშალოთ ხელი ორგანიზმს, რომ გააკეთოს თავისი საქმე, უბრალოდ დავეხმაროთ რესურსების მობილიზებაში.

ამ შემთხვევაში, ოპერაციული მკურნალობის დროს როგორ უნდა შევძლოთ, რომ არ ვავნოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს დღეს არსენალში?

ალბათ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ნახტომი მენჯ-ბარძაყის სახსრის გამოცვლის ოპერაცია, ეს არის ქირურგიული მიდგომა, განაკვეთი, რომელიც კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავატაროთ სახსრის ენდო-პროთეზირება. ამ მიდგომას ჰქვია წინა მიდგომა, 2 წელი და ნახევარია, რაც ეს ჩვენ დავნერგეთ და პირველად გავაკეთეთ ეს ოპერაცია საქართველოში. ამ ოპერაციას აქვს ძალიან ბევრი უპირატესობა და ხანდახან მეც გაოცებული ვარ თუ რა შედეგები მოაქვს ამ ოპერაციას პაციენტისთვის.

ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს ყველა საკუთარი კუნთის შენარჩუნებას ანუ არ ზიანდება არცერთი კუნთი, შესაბამისად რეაბილიტაცია მიდის საოცარ ვადებში. ოპერაციის პირველივე დღეს შეგვიძლია პაციენტი დავაყენოთ ფეხზე და თუ მას ხელს უწყობს კუნთოვანი მასა და ხელს არ უშლის სხვა მასა, რაც ხდება ხოლმე, მესამე-მეოთხე დღეს ვუშვებთ პაციენტს სახლში და 2 კვირაში პაციენტი ბრუნდება ცალი ჯოხით და ერთ თვეში, მაქსიმუმ 1.5 თვეში, უკვე ყველანაირი დამატებითი საშუალებების გარეშე მოდიან პაციენტები. ეს არის ის შედეგი, რომელსაც მეც ნელ-ნელა ვეჩვევი, საუბარია იმ შედეგზე, რასაც ამ ოპერაციის შემდგომ ვხედავთ.

რა არის ეს მეთოდიკა, რას წარმოადგენს მისი არსი?

ეს არის განაკვეთი, რომელიც კეთდება წინიდან, მცირე ინვაზიური ჩარევა. ამ ჩარევაში მონაწილეობს სპეციალური დანადგარი, რომელიც შექმნა და გამოიგონა ერთ-ერთმა კომპანიამ. ეს დანადგარი ამოძრავებს კიდურს და აყენებს იმ პოზიციებსა და კუთხეებში, რომ ჩვენ კუნთების დაზიანების გარეშე შევძლოთ პროთეზის იმპლანტირება. სულ რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, როდესაც დამჭირდა ოპერაციის შემდგომ პაციენტისთვის სისხლის გადასხმა, რადგან ისედაც მცირე დანაკარგია. ეს მოხდა 500 ოპერაციიდან მხოლოდ რამდენჯერმე, რაც უკვე ძალიან სერიოზული წინსვლაა.

ყოფილან პაციენტები, რომლებიც განყოფილებიდან წასულან ჯოხის გარეშე ოპერაციიდან 3 დღეში. ერთი პაციენტი მყავდა, რომელიც ოპერაციის შემდეგ თავისი ფეხით, სამარშრუტო ტაქსით წავიდა ბათუმში. ამის გამო ვეჩხუბე, თუმცა შედეგი, რაც ოპერაციის შედეგად დადგა ძალიან მესიამოვნა. მითხრა, რომ ძალიან კარგად გრძნობდა თავს. ასეთი სამაგალითო მაგალითი გვყავს. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ერთ თვეში ჩამოვიდა, მეორე ფეხიც გასაკეთებელი მაქვსო. მართლაც სასწაული შედეგები აქვს პაციენტს.

ის გამოცდილება, რაც ჩვენ დავაგროვეთ ამ წლების განმავლობაში ოპერაციების რაოდენობის კუთხით, მე მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ალბათ ეს არის მომავალი და ნელ-ნელა ის კლასიკური გვერდითი განაკვეთი, რაც კეთდება საქართველოში ყველგან ჩაბარდება ისტორიას.

და ბოლოს, რამდენად ჰარმონიზებულია ინტელექტუალური და ტექნიკური პოტენციალი თქვენს ცენტრში, რომელიც ერთობლიობაში პაციენტების ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული?

ჩვენ უკვე ამ ოპერაციებთან დაკავშირებით ისეთი სისტემა შევიმუშავეთ, რომ აბსოლუტურად ყველა რგოლი ჩართულია, მთელი კლინიკა თავისი ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისებით, მენეჯმენტით და პაციენტი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ოპერაციულ მკურნალობაზე და ჩვენ გვატყობინებს, ამ დროს ყველა ეს რგოლი ერთვება საქმეში, მიდის დიაგნოსტიკა, პაციენტის მომზადება და ოპერაციის დღის ჩანიშვნა, ანუ ისეთ მაღალ დონეზეა ეს ყველაფერი აყვანილი, რომ მექანიზმი მუშაობს იდეალურად.

ჩვენმა კლინიკამ, მე პირადად, როგორც ქირურგს ისე დამილაგა და ამიწყო ეს პროცესი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვარ ქირურგი, დასვენების დროც მაქვს ხანდახან და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქირურგიის ეროვნული ცენტრი, ერთ-ერთი წამყვანი კლინიკა არის ტექნოლოგიური აღჭურვილობით.

რა რეკომენდაციას მისცემდით ჩვენს მსმენელებს?

მეტი ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ის, რაც ჩვენს შეხვედრას გადაავადებს.

ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველას დავეხმაროთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები