LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის პროფესია და უწყვეტი განათლება – ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის წარმომადგენლები, ბაია ბეზარაშვილი და ელისაბედ კუჭავა გადაცემაში „პულსი“

425
ბაია-ბეზარაშვილი-&-ელისაბედ-კუჭავა

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ალერგოლოგ იმუნოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, სრული პროფესორი, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის დამფუძნებელი, ბაია ბეზარაშვილი და ლიგის სამედიცინო მიმართულების ხელმძღვანელი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ელისაბედ კუჭავა სტუმრობდნენ. გადაცემაში სტუმრებმა ექიმის პროფესიასა და ამ პროფესიისთვის უწყვეტი განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბაია, გუშინ თქვენს მამას, ბატონ დიმიტრი ბეზარაშვილს, პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალერგოლოგიის ერთ-ერთ დამფუძნებელს საქართველოში, 91 წელი შეუსრულდა და ალბათ ის არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რომ მართლაც უწყვეტად სჭირდება განათლება ექიმს. რატომ არის აუცილებელი ექიმისთვის უწყვეტი განათლება და მუდამ საკუთარ თავსა და პროფესიაზე მუშაობა?

ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, არ შემიძლია მეც მადლიერება არ გამოვხატო თქვენს მიმართ, მთელი შემოქმედებითი კოლექტივის მიმართ, რომლებიც ყურადღებას, თქვენს შრომას, თქვენს დროს არ ზოგავთ თუნდაც ღვაწლმოსილი ექიმების დასაფასებლად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ექიმების ოჯახის მესამე თაობას წარმოვადგენ… თუ არ გიყვარს შენი პროფესია, მაშინ ექიმობაზე ალბათ უარი უნდა თქვა. ექიმობა, გარდა იმისა, რომ იცოდე თეორიულად და თუნდაც პრაქტიკული ჩვევები გქონდეს გამომუშავებული ამა თუ იმ საკითხის სწორად მართვის შესახებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გათიშული ტელეფონი ჩემთვის არ არსებობს, ამას არც მშობლები არ მაპატიებენ და არც ჩემი პირადი პასუხისმგებლობა. ექიმობა არის ხელოვნება, რომელიც უნდა გიყვარდეს, შენი უნდა იყოს და მთლიანად იხარჯებოდე ამ საკითხისთვის.

ლიზა, რატომ არის საჭირო მუდამ საკუთარ თავზე მუშაობა? მედიცინა ვითარდება, ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ განვითარებას და სულ პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი – რატომ არ შეიძლება, რომ ექიმი სხვაგვარად ცხოვრობდეს?

ჩვენი პროფესია ვერ იტანს ინფორმაციის დაბერებას, მუდმივად განახლებადია, ეს მსოფლიო სტანდარტია. უწყვეტი პროფესიული განათლება ამ მხრივ არის უმნიშვნელოვანესი, რადგან არა მარტო სიახლეებს ვიგებთ, არამედ ძალიან კარგი კონტაქტი გვაქვს კოლეგებთან და არა მხოლოდ ერთი სპეციალობის არამედ, მულტიდისციპლინური. მედიცინაში პრაქტიკულად არ არსებობს სპეციალობა, რომელიც დამოუკიდებლად ვითარდება და არ წაიყოლებს სხვა სპეციალობებს.

ეს ყველაფერი ადამიანის ჯანმრთელობას ეხება, რომლის განხილვაც ფრაგმენტულად არ შეიძლება და სწორედ ამ მიდგომის ფარგლებიდან ამოდის ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა თავისი საქმიანობიდან, როდესაც მართავს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, რომლებშიც უწყვეტი პროფესიული განათლებაა ლაიტმოტივი. ჩვენ აკრედიტებული პროგრამები და ღონისძიებები გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვა ოფიციალურად აღიარებს ამ ღონისძიებებს და ნებადართულად თვლის სხვადასხვა სამედიცინო პროფესიაში, რომ გაიარონ და მოისმინონ ეს ღონისძიება და მიიღონ შესაბამისი კრედიტ ქულა. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის ღონისძიებები და მოთხოვნები, რომლებსაც სამწუხაროდ ყველა ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებს, ლიგა თავისი არსებობის ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკეთებს იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია პროფესიული დონის ამაღლება და უწყვეტი პროფესიული განათლება.

ბაია, როგორ და რატომ შეიქმნა ლიგა, რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ორგანიზაციის შექმნის საკითხი?

12 წლის გავხდით და ამ წლების სტაჟი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე თავაწეულებმა ვიაროთ იმიტომ, რომ დიდი პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჯერ სულ რაღაც 12 წლის ვართ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ყველაფერი წინ არის. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მთავარ ღირებულებად დასახული გვაქვს ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ერთობის გაძლიერება, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა ჩვენი კოლეგებისთვის. ჩვენს მისიად იქცა მსოფლიოში არსებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სიახლეები მივაწოდოთ არამხოლოდ ცენტრალური ქალაქებში მომუშავე სამედიცინო პერსონალს – ექიმებს, ექთნებს, არამედ მივიტანოთ სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირების, მკურნალობის, პრევენციისა და დიფ-დიაგნოსტირების მეთოდები სოფლის ექიმამდეც. ვის თუ არა, სოფლის ექიმებს უწევთ მყისიერად გადაწყვეტილებების მიღება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

ჩვენს მისიად იქცა აგრეთვე ახალგაზრდების ხელშეწყობა. მე ძალიან ვამაყობ იმ ფაქტით, რომ საქართველოს 59-ი ახალგაზრდა მოქალაქე, აბსოლუტურად უსასყიდლოდ, ჩვენი ურთიერთობებისა და მეგობრობის ხარჯზე, გაგზავნილ იქნენ როგორც ევროპის, ასევე თურქეთის წამყვან კლინიკებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად და იღებდნენ სტიპენდიებს. ეს ჩემთვის მართლაც რომ საამაყოა. სადაც სიკეთეა იქ არის იმედი და სიკეთე როგორც ექიმი ვსვამ დიაგნოზს, რომ არის გადამდები დაავადება. ვისურვებდი, რომ მთელი სამყარო სიკეთის დაავადებით იყოს დაავადებული და ექიმები შევძლებდით რაღაცნაირად ბალანსის აღდგენას.

გარდა ჩატარებული კონფერენციების, ტრენინგებისა 400 000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე უანგაროდ, ჩვენი გუნდის ჩართულობით უსასყიდლოდ გვყავს გასინჯული, რაც მე მეამაყება.

ძალიან ხშირად ეს გასინჯვები კომერციულ დატვირთვას ატარებს, რეალურად ასეთი უანგარო სიკეთის კეთება, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, არის განსაკუთრებული რეგიონში მცხოვრებთათვის და ამ სიკეთის შეფასება შეუძლებელია კონკრეტული ციფრებით. ბაია ახსენეთ დიფ-დიაგნოსტიკა, ლიზა, თქვენ მინდა გკითხოთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო სამეცნიერო ღონისძიება ჩაატარა ლიგამ 21 თებერვალს, გულმკერდის მიდამოს პათოლოგიები და მათი დიფერენციალური დიაგნოსტიკა. გვიამბეთ ამ ღონისძიებაზე?

ეს იყო ღონისძიება, რომელიც აერთიანებს დიდი მასშტაბის სამედიცინო პროფესიებს. არა მარტო ექიმებს, არამედ რეზიდენტებსაც, ექთნებსაც და სტუდენტებსაც. ყველა იმ ადამიანისთვის იყო საინტერესო, რომელიც იღებს მონაწილეობას ადამიანთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ეს ღონისძიება მეორედ გაიმართა და მან თავი მოუყარა სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს. ეს იყო იმდენად დიდი მასშტაბის ღონისძიება და მოხსენებებსაც, რომ გადახედოთ იყო საოცრად საინტერესო პროგრამა. მოხსენება ეხება გულმკერდის მიდამოს პათოლოგიებს და ეხმარება ექიმებს დიფ-დიაგნოზი გაატაროს ზედმიწევნით ზუსტად. აქ იყო შემოთავაზებული უახლესი გაიდლაინები და პროტოკოლები, გამოცდილებების განხილვა. რაც მთავარია, მომხსენებლები იყვნენ სრულიად საქართველოდან. მონაწილეობდნენ როგორც მედიცინის კლინიკური ნაწილის, ასევე მეცნიერების კორიფეები.

ბაია ბეზარაშვილი: ამიერკავკასიის ექიმთა ლიგა მულტიპროფილურია და აერთიანებს ყველა პროფილის ექიმსა და მედპერსონალს. ჩვენი რესპირაციული მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც ლიგის დაარსებიდან გვერდში გვიდგას ბატონი კახა ვაჭარაძე. ონკოჰემატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო შარაშენიძე. ონკოლოგები – მარიტა გუგუნავა, მიმართულების ხელმძღვანელი, ლაშა ხმალაძე. გასტროენტეროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი ირაკლი ხმალაძე. რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი, მანანა თოდუა – მთელი გუნდია შეკრებილი. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ჩვენი თურქი კოლეგის მიმართ, რომელიც მართლაც მოვლენაა სამყაროსთვის, რადგან არა მარტო თურქეთში, არამედ ამერიკაშიც მოღვაწეობს და რომელიც დიდი ენთუზიაზმით ჩამოვიდა ჩვენთან მოხსენების გასაკეთებლად და თავისი გამოცდილების გასაზიარებლად.

ეს არ იყო კრედიტ ქულების ასაღებად ღონისძიება. მხოლოდ 100 ექიმზე შეიძლება გაიცეს კრედიტ-ქულა და გვესწრებოდა 178 ადამიანი გარდა მოწვეული სტუმრებისა. ხალხი იყო ჩამოსული რეგიონებიდან, გვეუბნებოდნენ, არ გვინდა კრედიტები, მოვისმენთ… ეს იყო ჩვენთვის უდიდესი სიამოვნება.

ელისაბედ კუჭავა: გადავაჭარბეთ თითქმის ყველა ლიმიტს, ღონისძიება 2 საათით გვიან დასრულდა. ვისხედით დარბაზში და მიმდინარეობდა საინტერესო ფაქტების განხილვა. ეს იყო ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება სრულიად საქართველოსთვის. თურქი სპეციალისტი იყო გაოცებული ჩვენი გუნდური მუშაობით და მედიცინის დონით. ლიგა ყოველთვის ღიაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მართლა შეუძლია რაღაც სიახლეები თქვას.

ახლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ვემზადებით, ეს არის კონგრესი, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ეს არის სამედიცინო საზოგადოებაში წლის ღონისძიება, ეს არის ზეიმი. ეს არის ჰიბრიდული ღონისძიება, რომელიც იწყება კონფერენციით, გრძელდება წარმატებული ექიმების დაჯილდოებით, არა მარტო ექიმების, არამედ სამედიცინო პერსონალის და არა მარტო ქართველების, არამედ უცხოელი სამედიცინო პერსონალის. ღონისძიება სრულდება გალა კონცერტით. ექიმთა დაჯილდოება ძალიან საინტერესო ფორმატით არის. მას წინ უძღვის დიდი ხნის მოძიება, თუ რომელ კადრს უნდა გადავცეთ ჯილდო. ეს არ არის კომერციული პროექტი.

ბაია ბეზარაშვილი: ჩვენი მისიაც ეგ არის, რომ დამსახურებულ ექიმებს პატივი მივაგოთ და მთელი ბორდის გადაწყვეტილებით ამა თუ იმ ექიმს, თავისი ღვაწლის მიხედვით მივანიჭოთ გარკვეული სტატუსი, რაც მათ აქვთ, თუმცა ჩვენი მხრიდანაც გამოვხატოთ ყურადღება და წავახალისოთ ახალგაზრდებიც აუცილებლად. მინდა დავაანონსო, ჩვენი კონგრესი ჩატარდება 6-7 ივნისს ქალაქ თბილისში, ასე რომ ყველას გელოდებით.

ელისაბედ კუჭავა: ეს ნამდვილად წლის მასშტაბური ღონისძიებაა, ეს არის მედიცინის ზეიმი, სრულდება ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით, ასევე ნიჭიერი ექიმი ვარსკვლავებიც მონაწილეობენ. ღონისძიება ტარდება მაღალ დონეზე. ყველას ვინც ამ ღონისძიების ჩატარებაში მონაწილეობს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მინდა ვახსენო ჩვენი პროექტის კოორდინატორი, გიორგი ადამია. რომ არა ეს ადამიანები, ჩვენ უბრალოდ ამდენს ვერ მოვახერხებდით.

ბაია ბეზარაშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, მაია გვენცაძეს, რომელიც პირველი დღიდან ჩვენს გვერდით არის და ასევე ჩემს დას, მარიამ ბეზერაშვილს, რომელიც პირველივე დღიდან ჩართულია ამ ყველაფერში სრულიად უანგაროდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g