LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მარტო მკურნალობა მედიკამენტით, კვლევით თუ ახალი ტექნოლოგიით არამედ, სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებით და ემპათიით პაციენტის მიმართ…“ – სოფიო ბაბუციძე და ნიკოლოზ ღუღუნიშვილი გადაცემაში „პულსი“

353
სოფიო-ბაბუციძე-&-ნიკოლოზ-ღუღუნიშვილი

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“, „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალური დირექტორი, სოფიო ბაბუციძე და ამავე კლინიკის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ღუღუნიშვილი სტუმრობდნენ.

ქალბატონო სოფიო, რა არის სამედიცინო მომსახურების ხარისხი, განგვიმარტეთ რას ნიშნავს ეს ცნება თავის თავში და რატომ არის ეს ფაქტობრივად უპირველესი ამოცანა ნებისმიერი მენეჯერისთვის?

ჩემთვის დიდი პატივია ვისაუბრო ამ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის ფუნდამენტური იმ საქმისა, რასაც ჩვენ ვემსახურებით ყოველდღიურად. ზოგადად სამედიცინო ხარისხის სისტემა გულისხმობს იმ სტანდარტების პროცესების და მექანიზმების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პაციენტმა მიიღოს უსაფრთხო, ეფექტური, დროული და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის კლინიკის მუშაობის ისეთი ორგანიზება, სადაც თითოეული პროცესი მიმართულია პაციენტის უსაფრთხოებისკენ, მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ, შეცდომების შემცირებისკენ და მომსახურების მუდმივი განვითარებისკენ.

ზოგადად სამედიცინო პერსონალის მუდმივი განვითარება და გადამზადება, ეს არის ძირითადი ფუნდამენტი მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდების, რისი თანმხლებიც არის ის პროცესები, რომ გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკამ გაიარა TEMOS-ის საერთაშორისო აკრედიტაცია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ხარისხის მენეჯმენტის და ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მიმართულებით, რითაც ძალიან ვამაყობთ. პროცესი საკმაოდ რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ ჩვენს კლინიკას ჰყავს ძალიან მაღალკვალიფიციური გუნდი, ჩვენ შევძელით, რომ მოგვეპოვებინა 3 წლიანი საერთაშორისო აკრედიტაცია, რაშიც ჩართული იყო სრულად ხარისხის მართვის დეპარტამენტი ბატონი ნიკოლოზ ღუღუნიშვილის მეთაურობით.

ბატონო ნიკოლოზ, გვიამბეთ რას ნიშნავს ასეთი მასშტაბის სამედიცინო დაწესებულებაში, როგორიც არის გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა, ხარისხის მართვა, თქვენ როგორ ახერხებთ ამას და რამდენად ობიექტურად იზომება სამედიცინო მომსახურების ხარისხი?

ცნება ხარისხი, თავის თავშივე გულისხმობს ყველაფერს, ხარისხი გვჭირდება ყველაფერში და ხარისხი იწყება პაციენტის ეზოში ფეხის შემოდგმისთანავე მის სახლში გაწერამდე. აქედან გამომდინარე ეს საკმაოდ კომპლექსურად სამუშაო საკითხია, გუნდური სამუშაოა და თითოეული კლინიკის თანამშრომელი თავის მხრივ ჩართულია ამ პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც კლინიკის ინფრასტრუქტურული მოწყობა, ასევე იმ პროცესების ინდიკაცია, რაც კლინიკაში მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის აღრიცხვა და შემდგომ უკვე ანალიზი.

ჩვენი კლინიკა, გლობალმედი TEMOS-ის აკრედიტაციის მფლობელია. ფუნდამენტურად TEMOS-ი, ისევე როგორც სხვა აკრედიტაციის კომპანიები, ფუნდამენტურად ერთ ბაზაზეა აწყობილი, რადგან პრინციპი ერთია და თავად აკრედიტაციები დაფუძნებულია ხარისხის ინდიკატორებზე. ხარისხის ინდიკატორები საკმაოდ მრავალფეროვანია და კონკრეტულ კლინიკას თავისზე მორგებული აქვს და ამ მხრივ შეზღუდვა არ არის. მაგალითად ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობა, მათი დატვირთვიანობა, ბრუნვა, პაციენტების დაყოვნება საწოლზე, რეჰოსპიტალიზაცია. პრიორიტეტული ინდიკატორი საბოლოო ჯამში ეს არის პაციენტის უსაფრთხოება, „არ ავნო“ და პაციენტების კმაყოფილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია.

გადაცემის დასაწყისში გაჟღერდა ფრაზა „არის სამედიცინო მომსახურება თუ დახმარება“, პრინციპში ეს არის ორივე. მაინც სერვისია და მომხმარებელზეა ორიენტირებული. სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ეს არის მეტად უფრო სენსიტიური, მეტად უფრო მოსაფერებელი კონტინგენტი, რადგან მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მარტო მკურნალობა მედიკამენტით, კვლევით თუ ახალი ტექნოლოგიით არამედ, სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებით პაციენტის მიმართ, ყურადღება, ექიმისა და ექთნის გულისხმიერება და ემპათია და ესეც არის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი.

ქალბატონო სოფიო, ემპათია და პაციენტის კმაყოფილება ვახსენეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ სწორედ ამ კონტექსტში, თქვენი წინამორბედი კლინიკის შესახებ, რომელმაც ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული გამოწვევები დაგიტოვათ მემკვიდრეობად – „გერმანული ჰოსპიტალი“, რომელიც იყო თქვენი სამედიცინო დაწესებულების ადგილას და რომელმაც რეპუტაციულად არ დატოვა მთლად კარგი მოგონებები ისევე როგორც პაციენტებზე, ასევე სამედიცინო საზოგადოებაზერამდენად დაძლევადი იყო ეს ფაქტორი?

გამოწვევა ძალიან დიდი იყო, როდესაც კლინიკა გადმოვიბარე, მთავარი სირთულე მხოლოდ ინფრასტრუქტურა ან საორგანიზაციო საკითხები არ ყოფილა. ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისთვის ვთვლი, რომ მთავარი კაპიტალი არის პაციენტის, საზოგადოების ნდობა და კარგად მესმოდა, რომ ეს იყო ის პირველი ნაბიჯი, რაც თავიდან უნდა ამეშენებინა, შესაბამისად როდესაც ახალი სამედიცინო დაწესებულება მკვიდრდება, სამედიცინო სექტორში ძალიან რთულია დამკვიდრება და მით უმეტეს იმ ნდობის მოპოვება, რომელიც განსაზღვრავს შემდგომ პაციენტების შემოსვლას, კლინიკის დატვირთვის უნარიანობას და საბოლოოდ დაწესებულების წარმატებას. ძალიან რთული, იყო… ამჟამად უკვე შემიძლია ამ საკითხზე თამამად ვისაუბრო, საკმაოდ რთული ნაბიჯები გადავდგით, მით უმეტეს იმ პერიოდში. ამჟამადაც კლინიკა იმყოფება რეაბილიტაციის ფარგლებში. რეაბილიტაციის გეგმა წინა წელს დამტკიცდა და ამჟამად ჩვენ, მთელი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რეაბილიტაციის პროცესმა წარმატებით ჩაიაროს.

ფაქტობრივად კლინიკაში ამჟამად არის ყველა საბაზისო დეპარტამენტი, სრული მულტიპროფილური „სტაფი“, ემერჯენსიდან დაწყებული რეანიმაციის ჩათვლით ჩვენ ძალიან ბევრ სერვისს ვემსახურებით. კლინიკაში დავნერგეთ ბევრი ახალი სერვისი. ერ არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც არის ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, თერაპიული, ინფექციური დეპარტამენტები. ასევე პედიატრიული დეპარტამენტი და ჩვენ ჩართული ვართ ბავშვთა იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამაში, რომელიც გულისხმობს ცელიაკიას, ცისტური ფიბროზის და ფენილკეტონურიის მკურნალობას, რაშიც ძალიან დიდი წვლილი აქვს სახელმწიფოს ამ სერვისების დაფინანსების თვალსაზრისით. ასევე დავნერგეთ პლაზმოფერეზის სერვისი, გავმართეთ ახალი კათეტერიზაციის ლაბორატორია, ტრავმატოლოგია… საკმაოდ დატვირთულია და წარმატებით ფუნქციონირებს ბატონი გია მიქელაძის ხელმძღვანელობით.

როდესაც პირველი ნაბიჯები დავიწყეთ 15 პაციენტი იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში და ამჟამად ძალიან ვამაყობ იმ შედეგით, რომ კლინიკა არის 115 საწოლზე გაშლილი და 90-95 პროცენტიანი დატვირთვა გვაქვს ყოველდღიურად. ეს არის ერთი წლის შედეგი და ეს რა თქმა უნდა იმ მაღალკვალიფიციური გუნდის დამსახურებაა, რომელიც ამჟამად ჩემს გვერდით დგას, ასევე დაბალი და საშუალო მედპერსონალის, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობენ იმისათვის, რომ კლინიკა იყოს ძალიან წარმატებული და ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მანამდე ჰქონდა კლინიკას, საუნივერსიტეტო კლინიკამ დაიმკვიდროს ძალიან კარგი სახელი სამედიცინო სექტორში.

ბატონო ნიკოლოზ რა არის ის უმნიშვნელოვანესი და გარდაუვალი აუცილებლობა, რომლის გარეშეც ვერ მივაღწევთ პაციენტის უსაფრთხოებას და როგორ არის ეს ყველაფერი დაცული თქვენს შემთხვევაში?

ხარისხის დეპარტამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ბევრ სხვა საკითხებთან ერთად რაც უკვე ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა ერთ-ერთი არის პაციენტის უსაფრთხოება. პაციენტისთვის ელემენტარულად შენობაში გადაადგილებაც კი უსაფრთხო უნდა იყოს. უნდა იყოს უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები დაცული. ხდება პაციენტის საჭიროებების სწორად შეფასება – სწორი ტრიაჟი, რომ გავარკვიოთ რა სერვისი სჭირდება პაციენტს, რა დროში სჭირდება. ხარისხის ინდიკატორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ უნდა შეფასდეს დაცემის რისკი, ნაწოლების განვითარების რისკი და ასე შემდეგ.

მნიშვნელოვანია აუცილებელი ჰიგიენური ნორმებისა და ინფექციების კონტროლის დაცვა, რადგან როდესაც პაციენტი შემოდის ამა თუ იმ პრობლემით, შენ მეორე არ უნდა დაუმატო. უნდა იყოს ხარისხიანი მედიკამენტი, ექიმის კვალიფიკაცია უნდა შეესაბამებოდეს იმ მომსახურებას, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და ამის კონტროლი ჩვენის მხრიდან მუდმივად მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია აღრიცხვიანობა. ჩვენი სამუშაო გარდა იმისა, რომ მიმართულია, რომ პაციენტს სწორედ უმკურნალოს, ასევე უნდა აღრიცხოს ეს ყველაფერი.

უსაფრთხო და დაცული პაციენტი ეკონომიურია თავად სამედიცინო დაწესებულებისთვის…

დიახ, რეჰოსპიტალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს, რომ იგივე დიაგნოზით ბრუნდება პაციენტი, ანუ ეს ნიშნავს ხშირ შემთხვევაში იმას, რომ ის პაციენტი არ იყო ჯეროვნად და სწორად ნამკურნალები. მსოფლიოში არსებობს უამრავი გაიდლაინი, რომელიც მკურნალობის გზამკვლევია, თუმცა ექიმს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე მას მეტი მომსახურებაც მიაწოდოს, ვიდრე ეს შესაძლოა კონკრეტულ გაიდლაინშია ასახული.

ქალბატონო სოფიო, რა გეგმები გაქვთ, რას აპირებთ ახლო მომავალში?

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ბაზის განახლებაზე, ციფრული სისტემების დანერგვაზე, რაც სწრაფი და ეფექტური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა მიმდინარე წელს ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე უახლესი, ციფრული თაობის ექოსკოპია. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია სრული დიაგნოსტიკური ბაზა, როგორც ლაბორატორიული, ასევე კლინიკური მიმართულებებით. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რომ ჩვენი დიაგნოსტიკური მიმართულება იყოს მაქსიმალურად სრულყოფილი.

გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქციასაც არულებს და სწორედ ცოდნის, გამოცდილების და თანამედროვე პრაქტიკის გაერთიანებას გულისხმობს. ჩვენი ექიმები, პროფესორები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროცესებში. მიმდინარე წელს ვაპირებთ რეზიდენტურის პროგრამების განვითარებას რაც კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება აკადემიური მიმართულებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვამატებთ გარკვეულ სერვისებს როგორიც არის ბარიატრიული და პლასტიკური ქირურგია, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და ვფიქრობ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს პაციენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g