LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს სიმულაციურ ცენტრს მომავალი მედიკოსების ჩამოყალიბებაში – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ირმა მანჯავიძე და სტუდენტური სიმულაციური კლუბის პრეზიდენტი, ივლიანე სურმავა  გადაცემაში „პულსი“

106
ირმა-მანჯავიძე-&-ივლიანე-სურმავა

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ირმა მანჯავიძე და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური სიმულაციური კლუბის პრეზიდენტი, ივლიანე სურმავა სტუმრობდნენ.

ქალბატონო ირმა, რა არის სიმულაციური ცენტრი და რა მნიშვნელობა აქვს მას საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის, ექიმების მომზადებისთვის და რამდენად მაღალ დონეზე აღჭურვილი და მომზადებულია აღნიშნული სიმულაციური ცენტრი?

სიმულაციური ცენტრს ვხელმძღვანელობ 2011 წლიდან, აღნიშნული შემოთავაზება ჩემთვის იყო დიდი გამოწვევა, რადგან პედიატრი ვარ, უნდა მესწავლა ბევრი რამ, უნდა გამეგო რა ხდებოდა მსოფლიოში ამ მიმართულებით. ძალიან რთული იყო, რადგან თბილისში მსგავსი ანალოგი არ არსებობდა. მაშინდელი რექტორის და კანცლერის ხელშეწყობით, წავედი საზღვარგარეთ, ვნახე მსგავსი ცენტრები, დავესწარი „სიმულაციების ევროპული ასოციაციის“ კონფერენციას და სწორედ აქედან მოყოლებული, ჩემი მუდმივი აქტიურობა „სიმულაციების ევროპულ ასოციაციასთან“ და მათი ძირითადი მიმართულებების ქვეშ, ჩვენი გარკვეული გამოცდილების გაზიარებით ხდება.

რაც შეეხება სიმულაციურ ცენტრს, აღნიშნული ცენტრი საქართველოში დაარსდა 2004 წელს, ჩვენს უნივერსიტეტში, ბატონი რამაზ ხეცურიანის რექტორობის პერიოდში ეს იყო ინოვაციური სიტყვა. ამ დროს ევროპის ძალიან ბევრ უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არ არსებობდა ანალოგიური ცენტრი. ჰამბურგიდან ჩამოიტანეს ახალი სიმულატორები, გამოიყო ფართი და შეიქმნა ეს ცენტრი, რომელსაც ძალიან პომპეზური გახსნის ცერემონია ჰქონდა. უკვე 2024 წელს, ბატონი ირაკლი ნატროშვილის რექტორობის პერიოდში ჩვენ ამ ცენტრის დაარსების 20 წელი ვიზეიმეთ.

რა ხდება ამ ცენტრში? – აქ არიან სტუდენტები, რომლებიც ვიდრე კლინიკაში წავლენ, ყველა მანიპულაციას, პროცედურას, სამედიცინო გასინჯვას, ანუ ბაზისურ, საექთნო უნარებს სწავლობენ მეორე კურსზე და უკვე მესამე კურსზე გადადიან ამ ცოდნით შეიარაღებულნი. ჩვენ გვაქვს გარკვეული „სენდვიჩური“ მოდელი, როდესაც მეორე კურსზე სწავლობენ გარკვეულ ბაზისურ უნარ-ჩვევებს, მეოთხე კურსზე უკვე პედიატრიასა და გინეკოლოგიასთან ინტეგრირებული სილაბუსით, დეპარტამენტებთან ინტეგრირებით ვასწავლით და მეექვსე კურსზეც, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტებთან, როგორებიც არის მაგალითად შინაგანი დაავადებების, რადიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიის, საოჯახო მედიცინის, მათთან ერთად გადიან სწავლებას, ანუ ეს არის ადგილი, სადაც თეორია და პრაქტიკა ხვდება ერთმანეთს და სადაც სტუდენტები, როგორც ექიმები პირველად გამოცდილებას იძენენ, სტუდენტები ამბობენ, რომ აქ ვიგრძენით, ექიმობა და ის, რომ სამედიცინოზე ჩავაბარეთო.

როდესაც მოღვაწეობა დავიწყეთ, იყო ორი სილაბუსი… დღეს ჩვენ კი ჩვენ ვმუშაობთ 19 სხვადასხვა პროგრამით, გვაქვს ჩვენი ვებგვერდი, სტუდენტებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი არის ვებგვერდზე მისაწვდომი. ცენტრში არსებული მულაჟების სიმულატორები, თავისთავად არის ძვირად ღირებული. მანეკენები ძალიან დაახლოებულია თავისი მონაცემებით რეალურ პაციენტთან. იმიტომ არის ძვირად ღირებული, რომ მასში თავმოყრილია გულის, ფილტვის აუსკულტაციური მონაცემები. მასზე შეიძლება ინექციების გაკეთება და ასე შემდეგ, რაც მას ხდის ძვირად ღირებულს. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში არსებული წარმატებული კომპანიების – „ლერდალის“, „გუმარდის“ და ასე შემდეგ, ანუ რაც უზრუნველყოფს სასიცოცხლო ნიშნების (პულსის დათვლას, სუნთქვის სიხშირეს) ჩვენ ვაყენებთ და სტუდენტის მიერ ხდება ამოცნობა. ეს ჩვენი მონაპოვარია, უკვე 2014 წლიდან ჩვენ ვატარებთ ობიექტურად სტრუქტურირებულ კლინიკურ გამოცდას.

მუდმივად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, პირველად გავიარეთ ტრენინგები ოსლოს უნივერსიტეტში, დიდი დახმარება გაგვიწიეს იქ გამოცდის ჩატარებაში… ასეთი გზა გაიარა ჩვენმა ცენტრმა თავისი დაარსებიდან დღემდე.

ივლიანე, სიმულაციის კლუბიც კი დაგიარსებიათ, სიმულაციური ცენტრი ალბათ ერთგვარი კარიბჭეა მომავალი ექიმებისთვის, თქვენ როგორ გაიხსენებთ პირველ შეხებას სიმულაციის ცენტრთან?

ჯადოსნური მომენტივით არის – ერთია, რომ თეორიულად სწავლობ, თუმცა მეორეა, როდესაც უშუალოდ შემხებლობაში ხარ პაციენტთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ცენტრი იმდენად რეალისტურია, რომ დანაკლისს არ გიჩენს, იმისა, რომ არ ხარ რეალურ პაციენტთან. მოწვეული პედაგოგი ვარ ქალბატონი ირმას ცენტრში და როდესაც სტუდენტებთან ერთად ვმუშაობთ, სტუდენტები იცით რა დონემდე მიდიან? – იმდენად რეალურად ერთვებიან ამ გარემოში, რომ გულის წყვეტა აქვთ, უკუკავშირს რომ ვერ იღებენ, იმდენად რეალურია ეს ყველაფერი. მეც ასეთივე განცდა მქონდა მეორე კურსზე, როდესაც მქონდა ასეთი საგანი- მოდული, კლინიკური უნარ-ჩვევები და სწორედ ამ ფარგლებში მქონდა შეხება.

რაც შეეხება სტუდენტურ სიმულაციურ კლუბს, ის ცოტა უფრო სხვანაირი დატვირთვით შეიქმნა. 2023 წელს სხვადასხვა ორგანიზაციებში გახლავართ ჩართული, ვარ ხელმძღვანელიც და ასე შემდეგ და ჩემს კოლეგასთან ერთად ვიყავით ქალბატონ ირმასთან მისული ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოწვევის მიზნით, როდესაც აქტიურ სტუდენტებს ხედავს ხოლმე ქალბატონი ირმა, იდეა უჩნდება ხოლმე, რომ რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის და გვქონდა იდეა, რომ რაღაც შექმნილიყო ამ კუთხით და 2023 წლის 7 აპრილს შეიქმნა ჩვენი სტუდენტური სიმულაციური კლუბი, რომელიც ახორციელებს თანასწორთა განათლებას ჩვენს უნივერსიტეტში და სხვა დაინტერესებულ პირებში, რომლებიც მომართავენ ჩვენს ცენტრს ან კლუბს პირველად გადაუდებელ დახმარებაში. გადამზადების შედეგად ხდებიან მენტორი სტუდენტები და შემდეგ შეუძლიათ, რომ ასწავლონ. გარდა იმისა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ შეეხონ სიმულატორებს და მულაჟებს, მათ უვითარდებათ უნარები შემდგომი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.

ვართ ჩართულები სხვადასხვა ფესტივალებში, ღონისძიებებში, რომლებიც უნივერსიტეტის ფარგლებში და მის გარეთაც ტარდება, წელს გვაქვს საზეიმო წელი, რადგან სიმულაციების ევროპული ასოციაციის კომპეტენციის ფინალისტები გავხდით.

რომ განგვიმარტოთ მარტივი ენით, რას აძლევს ეს ყველაფერი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, უნივერსიტეტს და ზოგადად ქვეყანას?

ივლიანე სურმავა: 2011 წელს იყო, როდესაც პირველად SESAM-ის კონგრესზე მივიღეთ მონაწილეობა. ამ წლების განმავლობაში, ეს არის ისტორიაში პირველად, როდესაც უნივერსიტეტი და გუნდი კი არა, არამედ საქართველო წარდგება ახალგაზრდა თაობის სახით ამხელა შეჯიბრებაში, რომელშიც ჩართულია უამრავი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.

ირმა მანჯავიძე: 16 გუნდი მონაწილეობდა, საიდანაც აირჩა 5. ალბათ ჩვენს მსმენელს აინტერესებს, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ – გუნდებს აძლევენ დავალებას გადაუდებელი დახმარების შესასრულებლად, გარკვეული კლინიკური შემთხვევაა და გუნდებმა უნდა ჩაატარონ ქმედებები ისე მიზანმიმართულად და დროულად, რომ ვირტუალური პაციენტი უნდა გადაარჩინონ. ეს არის აზრი, მაქსიმალური შედეგი მცირე დროში და სწორედ ამაში ეჯიბრებიან გუნდები ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, საქართველოდან ჯერ ასეთი დონის შეჯიბრებაში არავის არ მიუღია მონაწილეობა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს.

ქალბატონო ირმა, რეალურად ეს რას ნიშნავს, შემდეგ როდესაც ეს უნარები დასჭირდებათ დიდი მედიცინის ასპარეზზე…

ეს უნარი არის ჩვევა, რომელიც ადამიანის ნაწილი ხდება, რაც მათ ყოველთვის გამოადგებათ სადაც არ უნდა იყვნენ, რა პროფესიის ექიმებიც არ უნდა გამოვიდნენ. ჯერ ეს ერთი, გუნდი შეიკრა, ის რომ ორი სტუდენტი, ივლიანე და ბაჩანა არიან მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ორი გოგონა არის ამერიკული პროგრამის, ანუ სხვადასხვა პროგრამით ნასწავლი ადამიანების გუნდი შეიქმნა და ამათ მოიტანეს ეს წარმატება. სამი ეტაპი გაიარეს, საკმაოდ რთული იყო პასუხის მოლოდინებიც კი.

ივლიანე, მოლოდინი თუ გქონდათ თქვენ, რომ იქნებოდა ის შედეგი, რომელზეც გახვედით?

ასეთ დროს განიხილება არამარტო ის, თუ როგორ გავაკეთეთ ეს მანიპულაციები, არამედ მთლიანად ქვეყნის შეხედულება, მდგომარეობა, ანუ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება ამ პასუხის გაგზავნა, ხარ თუ არა გადასული შემდეგ ეტაპზე. შარშან, როდესაც ასევე ვმონაწილეობდით, როდესაც ქალბატონი ირმა წარსდგა კონგრესზე, იქ აღინიშნა, რომ ერთ-ერთი წამყვანი გუნდი ვიყავით და პასუხი იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ამ გუნდმა შემდეგ ეტაპზე გადასვლა და წარდგენა იმ ქვეყანაში, (შარშან ვალენსიაში იმართებოდა) ამაზე პასუხი არ ჰქონდათ.

წელსაც რამდენიმე დღით ადრე შეიცვალა ფორმატი და კიდევ უფრო ჩაიხლართა ეს ყველაფერი. უფრო მეტად დაძაბულები ვიყავით, რამდენად მოვახერხებდით ადაპტაციას 3-4 დღის განმავლობაში, მაგრამ როგორც ჩანს შევძელით. მეილზე მოგვწერეს რომ გადავედით ფინალში და რომ შევხვდებოდით ლიონში.

დამსახურებული გამარჯვებაა, არაფერი მოულოდნელი ამ შემთხვევაში არ ყოფილა… ქვეყანას წარადგენთ, ქვეყნის სახე ხდებით… ივლიანე, ეს უნარები არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ შეაფასებდით, ის უნარები, რომლებიც უკვე გაქვთ მთელს მსოფლიოში საუკეთესო, როგორ გეხმარებათ?

ერთია, რომ ვიწაფებით იმ მანიპულაციებში რაც გვჭირდება მედიცინის მიმართულებით და ცხოვრებისეულად ყველა ადამიანს სჭირდება, რომ პირველადი გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს მის ირგვლივ მყოფს თუ დაჭირდება, ეს არის ცხოვრებისეული სამჭედლო, როდესაც ამხელა პლატფორმაზე გადიხარ, ურთიერთობ საერთაშორისო ასპარეზზე, რა თქმა უნდა ეს არის ცხოვრებაში ძალიან დიდი გაკვეთილი.

ქალბატონო ირმა, სამომავლო გეგმების შესახებ მინდა გკითხოთ, რა გაქვთ უახლოეს გეგმებში?

ეს არ უნდა დასრულდეს იქ ჩასვლით, მადლობა უნივერსიტეტს, რომ გარკვეული მხარდაჭერა გამოხატა ჩვენს წასვლასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ იქ გაიცნობენ თავიანთ თანატოლებს, ნახავენ საერთაშორისო გამოცდილებას. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ვამზადებთ წიგნს. ქართულ ენაზე არ არსებობს სიმულაციური სწავლების გზამკვლევი და ახლა უკვე დამუშავების პროცესშია ეს გზამკვლევი, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სიმულატორები, რა უნდა ჰქონდეთ სიმულატორების გარდა იმისთვის, რომ აწარმოონ სწავლება და ასე შემდეგ. ეს არ არის მედიცინის სწავლება ეს არის სიმულატორების გამოყენების სწავლება.

მე უკვე მიღებული მაქვს რექტორისგან თანხმობა და მხარდაჭერა, რომ ჩვენი ცენტრი გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ცენტრი და მიიღოს SESAM-ის აკრედიტაცია. ამისთვის მზადებას დავიწყებთ შემოდგომიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g