იაგო ხვიჩიას 7 საყვარელი სიმღერა - რას უსმენენ ცნობილები

25 მარტს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ პოლიტიკოსი, პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს 7 საყვარელი სიმღერა გაუზიარა.

ბატონო იაგო, პირველ რიგში, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩემთვის ყოველთვის  საინტერესოა პოლიტიკოსის სტუმრობა, რადგან თქვენთვის უჩვეულო, არაფორმალური გარემოა…

– უჩვეულო გამოწვევაა. უნდა გამოვტყდე, რომ პირველად ვარ მსგავსი თემატიკის გადაცემაში. ვეცდები, საინტერესო მუსიკალური კომპოზიციები შემოგთავაზოთ.

გასართობ გადაცემებს ხშირად არ სტუმრობთ. როგორ გრძნობთ თავს ჩვენს სტუდიაში?

– მშვენივრად, თქვენი ყავაც ძალიან მომეწონა, ძალიან გემრიელია, რისთვისაც მადლობას გიხდით.

რის მიხედვით შეარჩიეთ მუსიკალური შვიდეული?

– ბევრი რაღაცის მიხედვით, მაგრამ უფრო ცხოვრების ამ ეტაპისა და დღევანდელი ხასიათიდან გამომდინარე. შვიდეულში შევიყვანე სიმღერები, რომელთაც ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში ვუსმენდი და ახლა კიდევ უფრო ხშირად ვუსმენ.

  1. Океан Ельзи- Без бою 

პირველი სიმღერა, რომელიც მსმენელს მინდა შევთავაზო, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის „ოკეან ელზის“ 2013 წელს დაწერილი სიმღერაა. ახლა, ეს ნამუშევარი რუსეთ-უკრაინის ომის ერთგვარი ჰიმნია. მე სხვა სიმღერებით ვიცნობდი ამ ჯგუფს და სხვა სიმღერების გამო მიყვარდა, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, მაგრამ ეს სიმღერა ძალიან სულში ჩამწვდომია ახლა და მგონი, არცერთ ადამიანს გულგრილს არ დატოვებს.

როგორც აღნიშნეთ, მუსიკალურ გადაცემაში სტუმრად პირველად ხართ, თუმცა ყოფილხართ გადაცემაში, სადაც ფეხბურთზე გისაუბრიათ. გიყვართ ეს სპორტი?

-კი, ბავშვობიდან ფეხბურთის ფანი ვარ და ჩემი მთავარი აუხდენელი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა. როცა მივხვდი, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაშინ პირველად გავბრაზდი სამყაროზე.

– რატომ იყო შეუძლებელი, ფეხბურთელობისთვის საჭირო მონაცემები არ გქონდათ თუ გარემო პირობებმა არ შეგიწყოთ ხელი?

სხვებისგან განსხვავებით ვიტყვი, რომ საკმარისი ნიჭი არ მქონდა, მაგრამ არც გარემო პირობებს შეუწყვია ხელი.

– რომელი ფეხბურთელი იყო თქვენი კერპი?

– ცხოვრების ამ ეტაპზე მესის ფანი ვარ და ალბათ, სულ ასე იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფეხბურთელს ვგულშემატკივრობ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ზოგადად, „ბარსელონას“ გულშემატკივარი ვარ, მთელი ცხოვრება ჰოლანდიის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ მესის მერე სულ არგენტინას ვგულშემატკივრობ, რადგან ძალიან დიდ უსამართლობად მიმაჩნია, რომ მესი მსოფლიო ჩემპიონი რომ არ არის.

– საინტერესო იქნებოდა გზა ფეხბურთიდან-პოლიტიკამდე…

– ფეხბურთი ბავშვობის ოცნებაა, ჩემი პროფესია სამართალმცოდნეობაა. ამ ქვეყანაში იურისტობა ადვილი არ არის და როცა მივხვდი, წარმოუდგენელი იყო აქ ამ საქმის კეთება, პოლიტიკაში წავედი, რათა გარემო შემეცვალა და ეს საქმიანობა სხვა ადამიანისთვის მაინც გამხდარიყო შესაძლებელი. იგივე შემიძლია ვთქვა ფეხბურთზეც, მე ამ შემთხვევაში შეიძლება ნიჭის პრობლემაც მქონდა და მხოლოდ გარემო პირობები არ მიშლიდა ხელს, მაგრამ ამ ქვეყანაში გენიოსიც რომ დაიბადოს, გენიოსად ვერ გაიზრდება, თუ სწრაფად არ გაეცლება ამ ქვეყანას. ჩვენ ეს გარემო უნდა შევცვალოთ.

  1. ДДТ – Когда закончится нефть

კიდევ ერთი თანამედროვე პოლიტიკური ჰიმნი მინდა მოვასმენინო მსმენელს. „ДДТ“-ს ცნობილი სიმღერა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მიუძღვნეს. მე „

ДДТ“-ს სხვა სიმღერების გულშემატკივარი ვარ, როგორც წესი, საერთოდ სხვა სიმღერებს ვუსმენ, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე, ძალიან მომინდა  ამ სიმღერას დავბრუნებოდი. შეიძლება ეს ნამუშევარი ბევრისთვის უცნობი იყოს, მაგრამ ძალიან საინტერესო სიმღერაა.

  1. The Rolling Stones – Paint It, Black

ძალიან მინდა ეს სიმღერა ჩემი ნამღერი იყოს, ხომ ამბობენ, „თეთრი შურით მშურსო“, მე შავი, უკუნითი შურით მშურს.

– გარდა ფეხბურთელობისა, მომღერლობის სურვილიც გქონდათ?

– არა, ამის ამბიცია არასდროს მქონია, ნიჭი არ მაძლევდა საშუალებას და თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემგან მომღერალი არ დადგებოდა, უბრალოდ ძალიან მიყვარს მუსიკა.

– თქვენს პარტიაში ან ზოგადად პარლამენტში თუ არის მუსიკალური ნიჭით გამორჩეული წევრი?

– გირჩი არ არის მაინც და მაინც მომღერლების პარტია, მაგრამ ზოგადად პარლამენტში ბევრი მომღერალია და მათი ნამუშევრები „იუთუბზეც“ შეგიძლიათ იხილოთ. პროფესიონალი მუსიკოსებიც კი გვყოლია და გვყავს პარლამენტში. ძალიან მომწონდა ზაზა ხუციშვილის სიმღერები. სამწუხაროდ, ღმერთმა არ მომცა სიმღერის ნიჭი და მთავარი რაც სიმღერაში ხელს მიშლის სინდისია, ვიცი, ჩემი ნიჭით არ შეიძლება, რომ სიმღერისკენ გავიწიო. სხვათა შორის, წინასაარჩევნოდ ჩავწერეთ რობი კუხიანიძის და outsider-ის სიმღერა. რამდენიმე სიტყვა რობიმ მე და ვახო მეგრელიშვილსაც გვამღერა, მითხრა, რომ მეც კი შევძლებდი რაღაცის წამღერებას. ვიმღერეთ ილია ჭავჭავაძის „ბედნიერი ერი“, რა თქმა უნდა, ახალი, თანამედროვე ვერსიაა, შეგიძლიათ „იუთუბზეც“ იხილოთ.

  1. Gangster’s paradise

ეს სიმღერა მგონი ყველამ იცის და ყველას მოსმენილი აქვს. მე ამ სიმღერის ქავერ-ვერსიას გთავაზობთ, რომელიც გოგოს მიერ არის შესრულებული. ახლებურად მოისმენთ ამ სიმღერას, ცოტა განსხვავებული ინტერპრეტაციაა, რეპიდან გადაყვანილია სოულში, მე ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ქულიოს შესრულება საუკეთესოა, მაგრამ ეს იმდენად განსხვავებული და ჰარმონიულია, ძალიან მომეწონა, როცა პირველად მოვისმინე.

3.Nick Cave – Hallelujah

ნიკ ქეივი დიდი ხანია ჩემი სისუსტეა, 10-15 წელზე მეტია ვუსმენ მის რეპერტუარს. ძალიან გამიჭირდა მისი შემოქმედებიდან ერთი სიმღერის გამორჩევა, მაგრამ საბოლოოდ Hallelujah-ზე შევაჩერე არჩევანი. ვინც არ იცნობთ მის შემოქმედებას, დამიჯერეთ, ძალიან ნიჭიერ ადამიანს აღმოაჩენთ. მოსმენის დღიდან აღფრთოვანებული ვარ მისით, დღემდე ასეა და სულ ვუბრუნდები მის შემოქმედებას.

– თავად რადიოს მოსმენას ამჯობინებთ თუ საკუთარი „ფლეილისთი“ გაქვთ?

– რადიოს ხშირად ვუსმენ, თბილისში გადაადგილებისას სულ რადიო მაქვს ჩართული. როცა ქალაქგარეთ მიწევს გასვლა, მირჩევნია საკუთარი „სმარტფონით“ ვუსმინო, რადგან

ქალაქგარეთ ხშირად ირევა რადიო სიხშირეები. „ფლეილისთი“ არ მაქვს, რადგან ძალიან იმპულსური ვარ, უეცრად მინდება კონკრეტული სიმღერის მოსმენა და „სმარტფონი“ მაძლევს საშუალებას სწრაფად ჩავრთო და მოვუსმინო. ბოლო პერიოდი, უკრაინაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, „ოკეან ელზის“ ვუსმენ ყველაზე ხშირად.

  1. TAMADA

„TAMADA“ ახალგაზრდა ქართველი შემსრულებელია. ძალიან მომწონს ქართული მუსიკალური შესაძლებლობების ასეთი უცნაური წარმოჩენა, ერთმანეთში გამიქსულია გერმანული, დასავლური ბითები და  აღმოსავლური ჰანგები. უცნაურად ქართულია „თამადას“ შემოქმედება.

– როგორია თქვენი შეგრძნებები, რამდენად მოგეწონათ ჩვენთან ეთერში ყოფნა?

– მე ზოგადად ძალიან მომწონს, როცა ადამიანები სხვა კუთხით წარმოაჩენენ საკუთარ თავს და დღეს სხვა კუთხით გავეცანი მსმენელს.

  1. David August

შვიდეულს ელექტრონული მუსიკით ვასრულებ. ძალიან რთულია ელექტრონული მუსიკის მსმენელმა ერთი სიმღერა შეარჩიო, მაგრამ ამჯერად ამ სიმღერას გთავაზობთ.