LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილო ბეროშვილი: „ძალიან ბევრ კასტინგზე ვარ ნამყოფი, თუმცა ყველა მიწუნებდა…“

14
ილო-ბეროშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი, რომელმაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

გადაცემის ლაივი LIVE

ილო, მოდი, გავიხსენოთ შენი პირველი წარმატება… 

თავიდან იყო პროექტი „კაცი, რომელიც ლაპარაკობს“. მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი. ვსწავლობდი ფილოლოგიის ფაკულტეტზე„კავკასიის უნივერსიტეტში“. ძალიან ბევრ კასტინგზე ვიყავი, სადაც ყველა მიწუნებდა. ძალით გაღიმებული სახით მეუბნებოდნენ, დაგირეკავთო. შემდეგ ჩემმა მეგობარმა „სთენდ აფ“ კაფე გააკეთა, იქ ვიყავი. პროექტში „კაცი, რომელიც ლაპარაკობს“, 16 საათის განმავლობაში ვისაუბრე. ვსაუბრობდი ყველაფერზე. ამან გაამართლა. ყველანაირი გემოვნების ადამიანი მიყურებდა. პატარა რომ ვიყავი, მომღერლობა მინდოდა, ჩელენტანოს და ტოტო კუტუნიოს პაროდიებს ვაკეთებდი ხოლმე.  მამიდაჩემმა წამიყვანა თეატრში, სადაც გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე დამხვდნენ, მამიდაჩემმა დამაყენა და გააჯავრეო ვინმეო. მეც დავდექი, არ ვიყავი მორიდებული საერთოდ.

რაც შეეხება ფეხბურთს, ტრავმა მივიღე და ვეღარ გავყევი, ვფიქრობ, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. სხვათა შორის, „იუმორინაშიც“ მომიწია მონაწილეობამ.  10 წუთი ვიყავი და სცენიდან გასვლა აღარ მინდოდა. ერთი პერიოდი „ფეისბუქზე“ სულ ჩემი ვიდეოებს ვაწყდებოდი.

შენს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა იყო, თუ შეგიშალა ხელი ამან?

რა თქმა უნდა, შემიშალა ხელი. იყო ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა ვარ 40 წლის, მივხვდი, რომ პრიორიტეტებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვერაფერს მიაღწევ შრომისა და მსხვერპლის გარეშე. ადამიანები, რომლებსაც ჰქონიათ აღნიშნული პრობლემები, დამეთანხმებიან, რომ ასაკთან ერთად სულ უფრო და უფრო იწყებ ჯანსაღი ცხოვრების დაფასებას. მინდა ვთქვა, რომ ანიმ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩემი ცხოვრება.

„ღამის შოუ“ იყო ერთ-ერთი პროექტი, რომელმაც ასევე მოგიტანა წარმატება…

სწორედ ამ პროექტმა მომიტანა სატელევიზიო წარმატება და კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „ჩემი ცოლის დაქალები“. არ არის გამორიცხული, რომ ის გაგრძელდეს. რაც შეეხება „მთავარ არხს“, ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში გქონდეს სტაბილურობის განცდა. „მთავარ არხზე“ ეს ძალიან რთულია, რატომაც ვამბობ ამას, ეს ყველამ კარგად ვიცით. რთული პერიოდია ქვეყანაში. როცა შვილები გყავს, სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თანაც ახლა მეორე შვილს ველოდებით მე და ანი…უნდა ეცადო, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია იყო. როცა ბევრ რაღაცას აკეთე ერთდროულად, ეს რთულია. მე მიყვარს კონტრასტული რაღაცების კეთება, ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე ტიპი ვარ. შეიძლება, ბევრი ვიწუწუნო, მაგრამ გავართვა თავი მაინც. არ მაქვს უფლება, რომ არ ვიმუშაო, რომ ნიჰილიზმში გადავვარდე. მადლობა ღმერთს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მენდობიან, რომ ადამიანებში არ ვიწვევ აგრესიას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით, შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. იყავი კრიტიკული, თამამიც, თუმცა ეს ყველაფერი ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული.

შენს მეორე ოჯახზე გვესაუბრე, ანი უკვე ტელევიზიაში მუშაობს. როგორი მამაა ილო ბეროშვილი?

მთავარ ენერგიას ბავშვებისა და ანისგან ვიღებ. ეს მაძლევს ძალას, რომ ვიყო პროდუქტიული. კარიერა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ოჯახი სხვაა. 40 წლის ვარ, დავღვინდი, ფასეულობებიც სხვა მაქვს. თვითკრიტიკული ვარ და უკეთესი მამაც შემიძლია ვიყო. მშობლობა მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობს მოითხოვს. ფინანსური კეთილდღეობა არ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, მას სიყვარული უნდა ჩაუნერგო. სწორი თვითშეფასება უნდა გამოუმუშაო. სხვათა შორის, ჩემს ბიჭსაც აქვს პაროდიების გაკეთების ნიჭი, მას ჩემი და ანის საუკეთესო თვისებები გამოჰყვა. ერთხელ, ქალბატონი მოვიდა ჩვენთან ქუჩაში, მე არც შემომხედა. მასთან მივიდა. ვინც მჩრდილავს, ეს არის ჯერი.

ვინ არის შენი მთავარი შემფასებელი?

ანი, ის საშინლად კრიტიკულია, ზოგჯერ ჩემთვის ისიც კი უთქვამს, რა გჭირს, შენ რა უნიჭო ხარო? რა შენიშვნებსაც მაძლევს, მუდამ ყველაფერში მართალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები