,,იმედი მაქვს არასდროს მომიწევს არჩევა... ოჯახს თავისი ადგილი აქვს, კარიერას - თავისი" - დათო და ანდრია გველესიანები ,,არტ-Fm"-ში

გადაცემის ლაივი LIVE

16 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ FM“ -ს მუსიკოსები დათო და ანდრია გველესიანები სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარ ოჯახსა და ერთმანეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს.

– ანდრია, სულ მალე მამა გახდებით. რას გრძნობთ პატარას მოლოდინში და დაარქმევთ თუ არა ბაბუის ან ბებიას სახელს?

– სიმართლე ვთქვა, ჯერ საკმაოდ ადრეა, ამიტომ ნაკლებად განვიხილავთ ბავშვის სახელს. თუმცა, იმ ახალი სახელის დარქმევა გვინდა, რომელიც ჯერ არავის ჰქონია ჩვენს ოჯახში, რადგან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სახელს და მინდა რომ ახალი ადამიანი სრულიად ახალი, განსხვავებული სახელით მოევლინოს სამყაროს.

– (დათო გველესიანი) როცა ჩემს ბაბუებთან ურთიერთობას ვიხსენებ, ვერც კი წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს ამაზე ტკბილი. ბაბუას გაზრდილი ვარ, ამიტომ მეც მოუთმენლად ველი შვილიშვილის დაბადებას.

– ანდრია, როგორი მამაა დათო გველესიანი?

– რა პასუხს ელით?! რა თქმა უნდა, ძალიან კარგი. ჩემთვის ძალიან ძვირფასია მასთან გატარებული ყველა წუთი და ძალიან ვაფასებ ყველაფერს, რაც ჩემთვის გააკეთა.

– ბატონო დათო, როგორი შვილია ანდრია, გაამართლა თქვენი იმედები?

– მამას ყოველთვის მაქსიმუმი უნდა შვილისგან, მაგრამ რეალურად თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ მისით, რადგან უარი არ თქვა საკუთარ ნიჭზე და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს.

– ანდრია, ოდესმე თუ აუკრძალია მამას ის, რაც ყველაზე მეტად გინდოდა?

– ადრეულ ასაკში გავხდი დამოუკიდებელი, ამიტომ ოჯახში ყველა პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას. ძალიან მომწონს ამგვარი დამოკიდებულება, დარწმუნებული ვარ, რომ მეც ზუსტად ასე აღვზრდი საკუთარ შვილს.

– (დათო გველესიანი) ხუთი წლის იყო, როცა ცურვაზე მივიყვანე. საკმაოდ კარგი მოცურავე გამოდგა, რადგან 11 წლისას უკვე მესამე თანრიგი ჰქონდა. თუმცა, ულტიმატუმი წამიყენა თუ სამ თვეში მეორე თანრიგს მივიღებ ფეხბურთზე შემიყვანეო. დიდხანს ვცდილობდი მის გადარწმუნებას, რადგან მართლა პერსპექტიული მოზარდი იყო, თუმცა მაინც ვერ დავიყოლიე. ანდრია ძალიან მიზანდასახული და პრინციპულია, ამიტომ მის გადაწყვეტილებასაც ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ.

– ანდრია, რა რეაქცია ჰქონდა მამას, როცა გამოუცხადე, რომ ცოლი მოგყავდა?

– ძალიან ჩვეულებრივი, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან მანამდეც იცოდა, რომ შეყვარებული ვიყავი.

– მთავარი შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამ საკუთარ თავს?

– უამრავი კითხვა მაქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ჩემს განვითარებას ეხება. ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს ახალი რა ვისწვლე და რა შევიძინე.

– პროფესიული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, თუ წარმატება პირად ცხოვრებაში?

– ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია, ამიტომ იმედი მაქვს არასდროს მომიწევს არჩევა. ოჯახს თავისი ადგილი აქვს, კარიერას – თავისი. სწორედ ბალანსის დაცვაა ნამდვილი წარმატება, რაც არც ისე მარტივი მისაღწევია. მართალია, არსებობს თეორია თითქოს ხელოვანებს უჭირთ ერთად ცხოვრება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად საპირისპიროს ვამტკიცებთ. ჩემი მეუღლე მსახიობია, ამიტომ კარგად გვესმის ერთმანეთის და ყოველთვის ადვილად ვპოულობთ საერთო ენას.

– არსებობს როლი, რომლის შესრულების უფლებას არასდროს მისცემ მეუღლეს?

– არა, რა თქმა უნდა. უაზრობად მიმაჩნია სხვისი თავისუფლების შეზღუდვა და ძალიან ვეწინააღმდეგები ამგვარ აკრძალვებს.

– ბატონო დავით, რით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– იტალიაში ცხოვრებისას, როცა წერილები გავგზავნე სხვადასხვა თეტრში და მოსმენებისთვის ვემზადებოდი, სახლში დავრეკე და დედას ვესაუბრე. ძალიან დამწუხრებული იყო, მითხრა, რომ საშინელი სიტუაცია იყო საქართველოში, ძალიან წვალობდა მამა და ძალიან უჭირდათ ანდრიას გაზრდა. მერე კი, ფრთხილად მთხოვა, იქნებ დაბრუნდე და დაგვეხმაროო. ყველაფერი მივატოვე, ყველა მოსმენაზე უარი ვთქვი, რამდენიმე დღეში ბილეთი ავიღე და უკან დავბრუნდი. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რადგან არჩევანი არა კარიერის, არამედ ანდრიას სასარგებლოდ გავაკეთე.

– ოდესმე თუ გინანიათ საკუთარი გადაწყვეტილება?

– ალბათ ბევრ კარგ რამეს გავაკეთებდი იტალიაში რომ დავრჩენილიყავი. თუმცა არ ვნანობ, რადგან მართლა ძალიან საჭირო იყო ჩემი დაბრუნება.

– მართალია, დღეს ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი ხართ, მაგრამ ოპერაში სიმღერის გამოცდილებაც გაქვთ,

– ბათუმის და თბილისის საოპერო თეატრებში ვსოლირებდი. ამასთანავე, იტალიაში შესწავლილი მეთოდებით პედაგოგიურ მოღვაწეობას ვეწევი ესტრადის მსახიობებთან ვოკალის დარგში, რადგან თვითონ ვოკალის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ ჯაფარიძის კლინიკაში შემომთავაზეს ხმის თერაპევტად მუშაობა. ცალკე კაბინეტი გამიხსნეს, სადაც ხმის გამოკვლევა და დიაგნოსტიკა ხორციელდება, მე კი, მსურველებს ხმის სწორად წარმოშობას ვასწავლი.

– სამი ვარსკვლავი ხართ ერთ ოჯახში, რადგან დედაც ოპერის მომღერალია. როგორია ერთად ცხოვრება?

– (ანდრია გველესიანი) მართალია, ერთად აღარ ვცხოვრობთ, მაგრამ ერთობას მაინც ვინარჩუნებთ.  თუ კარიერაზეა საუბარი, აუცილებლად მშობლებს ვეკითხები რჩევას. წლების წინ, როცა „ჯეოსტარში“ ვმონაწილეობდი, მაშინაც მამა მომაზადა. ვფიქრობ, ძალიან დიდი ბედნიერებაა, როცა ასეთი მშობლები გყავს.

– ანდრია, რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?

– ალბათ სცენის გარეშე. ვთვლი, რომ არტისტი ვარ, საკუთარ პროფესიაში ვაერთიანებ სიმღერასაც და ცეკვასაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სცენა.

– ბატონო დავით, რას ვერ ელევით, რისი დატოვება გიჭირთ წარსულში?

– ძვირფას ურთიერობას ვერ ველევი. შეიძლება წლების მანძილზე ვერ ვნახო მეგობარი, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ თვალს მოაკლდა ნამდვილად ვერ შეველევი მასთან ურთიერთობას, რადგან ყოველთვის ჩემს გულში იქნება.

– ანდრია, სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ჩემი მეგობრისგან ნუცა ბუზალაძისგან ვისესხე ერთი კარგი ჩვეულება – ყოველთვის ფურცელზე წერს საკუთარ მიზნებს, რაც ძალიან ეფექტურია, რადგან მომავლის დაგეგმვაში გეხმარება. იმედი მაქვს საავტორო სიმღერების პირველ კრებულს ჩავწერ, ოთხი სიმღერა უკვე მომზადებული მაქვს, დანარჩენზე კი ახლა ვმუშაობ. ძალიან მინდა ვიდეოს გაკეთება სიმღერაზე „ჩვენ“, რომელიც მეუღლეთან დუეტში ჩავწერე. იმედი მაქვს მალე თეატრალური ცხოვრებაც განახლდება და ძველი პროექტების დასრულებას შევძლებთ.

– რომელი უფრო სულსწრაფი ხართ?

– (დათო გველესიანი) რა თქმა უნდა, ანდრია.

– (ანდრია გველესიანი) მამა უფრო მშვიდია, ამიტომ დინჯად მიუყვება ცხოვრებას.

– განსაკუთრებულ კერძს რომელი ამზდებთ?

– (ანდრია გველესიანი) არ ვიცი, ალბათ მამა.

– (დათო გველესიანი) ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული კერძების მომზადება მეხერხება.

– რომელი უფრო ყურადღებიანი ხართ?

– (დათო გველესიანი) მამის გულს ვერაფერი შეედრება. შვილს თავისი საქმე, ინტერესები აქვს და შეიძლება ყოველთვის ვერ მოიცალოს, მამა კი, ყოველთვის შვილზე ფიქრობს. ამაში დარწმუნებული ვარ და ვერავინ შემეკამათება.

– (დათო გველესიანი) ვფიქრობ, მეც ძალიან ყურადღებიანი ვარ.

– რომელი უფრო სწრაფად ბრაზდებით?

– (დათო გველესიანი) ანდრია უფრო სწრაფად ბრაზდება, თუმცა მეც ვიცი გაბრაზება.

– (ანდრია გველესიანი) მართლაც ფეთქებადი ხასიათი მაქვს. თუმცა, გაბრაზებაც სწრაფად ვიცი და ბრაზის დავიწყებაც.

გადაცემის აუდიოჩანაწერი