LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ფილმები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში და ევროპულ გაქირავებაში – გაგა ჩხეიძე ,,არტ-FM”-ში

20
gagachxeidze5

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე სტუმრობდა, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ბატონო გაგა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეთ პანდემიის პერიოდში. როგორ შეძელით მუშაობა ასეთ რთულ პირობებში?

– მართალია, პანდემიამ რამდენიმე პროექტის გადადება გვაიძულა, მაგრამ მაინც არ ვთქვით უარი მუშაობის შეჩერებაზე, ონლაინ-რეჟიმში ვმონაწილეობდით ფესტივალებში, საგანმანათლებლო პროგრამებში და ვატარებდით ვორკშოპებს.

– ძალიან სასიამოვნოა, რომ ბერლინის კინოფესტივალზე ქართული ფილმი მოხვდა,

– გეთანხმებით, თემურ ბაბლუანის ,,უძინართა მზის” შემდეგ სანდრო კობერიძის ,,რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ” პირველი ქართული ფილმია, რომელიც საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. სხვათა შორის, წელს ბერლინის ფესტივალი ძალიან უჩვეულო ფორმატით ჩატარდა, რადგან გამარჯვებულები მარტის თვეში დასახელდა, ივნისში კი, ფილმების ჩვენება მოეწყობა, რომელთა შორის ორი ქართული პროექტი – მხატვრული და დოკუმენტური ფილმი იქნება.

–  რას საქმიანობს კინოცენტრი?

– საბედნიეროდ, ქართული კინოინდუსტრია ფუნქციონირებას აგრძელებს და წარმატებით ვითარდება. მართალია, ჩავარდნები გვაქვს, მაგრამ წარმატებითაც ხშირად ვახარებთ კინომოყვარულებს, რაც გარკვეულწილად ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დამსახურებაცაა, რადგან უამრავი უცხოური კინოსტუდიის მოზიდვა გახდა შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართული ფილმები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ ფესტივალებში და ევროპულ გაქირავებაში.

– რას წარადგენთ კანის კინოფესტივალზე?

– ,,კანის კინოფესტივალი” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური ფესტივალია თავისი პროგრამით, პროექტებითა და მონაწილეებით. წელს ფესტივალის ორგანიზატორები სექციაში, რომელსაც “კანის კინოკლასიკა” ეწოდება და ფესტივალზე პრემირებული ფილმების რეტროსპექტივას ითვალისწინებს, შესაძლოა, თენგიზ აბულაძის “მონანიება” წარადგინონ. ალბათ კინომოყვარულებმა იციან რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აბულაძის ნამუშევარმა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რადგან მისი გამოსვლა ე.წ. “გარდაქმნის” ეპოქას დაემთხვა.

– როგორ ემზადებით ანიმაციური კინოფესტივალისთვის, რომელიც საფრანგეთში გაიმართება?

– მართალია, ანსი, სადაც ფესტივალი იმართება საკმაოდ პატარა ქალაქია, მაგრამ თავად ფესტივალია მასშტაბური, რომელსაც ყოველთვის უამრავი სტუმარი ჰყავს. სამწუხაროდ, წელს ფესტივალი ონლაინ-რეჟიმში გაიმართება, თუმცა კინოცენტრს მაინც ექნება საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ანიმაციური ფილმით “მიტოვებული სოფელი”. რა თქმა უნდა, ანიმაცია ძალიან ძვირადღირებული ხელოვნებაა, რადგან საკმაოდ გართულდა ტექნოლოგიები, თუმცა ჩვენ მაინც მაქსიმალურად ვცდილობთ ავყვეთ მსოფლიო ტენდენციებს და შევქმნათ საკუთარი პროდუქცია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 25 ივნისს ბაკურიანში ვგეგმავთ მორიგ კინოფორუმს, სადაც არა მხოლოდ ქართული ფილმების რეტროსპექტივა მოეწყობა, არამედ შემოქმედებითი ჯგუფებისა და კრიტიკოსების დისკუსიებიც გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები