LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ხიზანიშვილს გვერდით ძლიერი მამაკაცი წარმოუდგენია: „კარგა ხანია, შეყვარებული არ ვყოფილვარ…“

27
maka

გადაცემის ლაივი LIVE

8 ივლისს რადიო „ფორტუნა პლუსს“ და გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ ფიტნესინსტრუქტორი მაკა ხიზანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოებას თავი გივი სიხარულიძესთან ენერგიული ცეკვით დაამახსოვრა. გადაცემის სტუმარმა გავრცელებულ ვიდეოზე, თავის საქმიანობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და სწორ კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა.

მაკა, ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა და ინტერესი გამოიწვია ვიდეომ, რომელშიც გივი სიხარულიძესთან ერთად ცეკვავ. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია შენდამი ასეთი ინტერესი და რა იყო ამ ვიდეოს ასეთი გავრცელების მთავარი მიზეზი?

ალბათ, ჩემი ვიზუალი და მეტი არაფერი. „სხვა რაკურსის“ გადაღებაზე ვიყავით, როდესაც ეს ვიდეო გადავიღე და „ტიკ-ტოკზე“ განვათავსე. მეორე დღეს მითხრეს, რომ ორმა პლატფორმამ წაიღო ჩემი ვიდეო. იმის მერე, „ფეისბუქზე“ რომ შევდიოდი, სულ ჩემს ვიდეოებს მიგდებდა. არ ვიცი, საბოლოოდ რამდენმა პლატფორმამ წაიღო ეს ვიდეო, ასე ამბობდნენ, ვირუსივით გავრცელდაო.


დაწერილ კომენტარებს თუ გაეცანი?

არა, რადგან ზუსტად ვიცოდი, კომენტარებში რაც იქნებოდა. კომენტარებს საერთოდ არ ვკითხულობ. ორი წლის წინ ჩემი ფოტო წაიღო ერთ-ერთმა გვერდმა და იქ დაწერილი კომენტარები იყო პირველი შოკი, მაშინ პირველად შევეჯახე ასეთ რამეს. ახლა, ხომ გეუბნებით, ზუსტად ვიცოდი, რა და როგორ იქნებოდა.

მაინტერესებს, შენთან, დარბაზში მოსული ადამიანები თუ გცნობენ და თუ აღნიშნავენ ამ ვიდეოს?

კი, რამდენჯერმე აღნიშნეს. სანამ ეს სიუჟეტი გავიდოდა, მანამდეც ბევრჯერ უთქვამთ, რომ „ტიკ-ტოკიდან“ მიცნობენ. რადგან ფიტნესინსტრუქტორი ვარ, მგონია, რომ ფიტნესიდან უფრო მიცნობენ, მაგრამ რამდენადაც მივხვდი, „ტიკ-ტოკი“ უფრო ყურებადია. ახლა, ქუჩაში რომ გავდივარ, ფოტოებს მიღებენ და ამბობენ, ეს ის არ არისო. უკვე ვეღარ ვხვდები ხოლმე, ადამიანები ჩემი ვიზუალის გამო მიყურებენ, თუ ამ ვიდეოს გამო.

ვიდეო: ვინ არის ქალი, რომელმაც გივი სიხარულიძესთან ენერგიული ცეკვით გაითქვა სახელი

როდის და რატომ გადაწყვიტე, რომ ფიტნესით დაკავებულიყავი?

ჯერ ჩემთვის დავიწყე ვარჯიში და მერე ჩამითრია. ფიტნესი 11 წლის წინ დავიწყე, შეჯიბრებებზე გამოსვლა და ასეთ ვიზუალზე დადგომა 5 წელია. თავიდან ბიკინიზე გამოვდიოდი, მაგრამ ბიკინისთვის დაკუნთული ვიყავი, ამიტომ ბოდი ფიტნესში გადავედი. იმდენს ვვარჯიშობდი და ვშრომობდი, რომ მომინდა, ჩემი სხეული სცენაზეც წარმომეჩინა.

ოჯახის წევრები როგორ აღიქვამდნენ შენს ასეთ გარდასახვას?

ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოვიდა, ამიტომ მათ, ვისაც ჩემთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდათ, ესე უცებ ვერც აღიქვეს. ქუჩაში რომ მხვდებიან, მაშინ უკვირთ ჩემი ვიზუალი, თორემ დარბაზში ვინც დადის, მათ უკვე მიჩვეული აქვთ თვალი. ვისაც ცხოვრებაში არ უვარჯიშია, ისინი, რა თქმა უნდა, გაკვირვებულები არიან და რატომღაც მამაკაცი ვგონივარ (იცინის).

ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ფიტნესცენტრები. როგორ ფიქრობ, რამ განაპირობა საზოგადოების ინტერესის ზრდა?

ეს ტენდენცია უფრო პანდემიის მერე დაიწყო. ხალხი მიხვდა, რომ უნდა ივარჯიშოს და ამით იმუნიტეტი აიმაღლოს. ფიტნესი მხოლოდ გასახდომი და მოსამატებელი საშუალება არ არის, ფიტნესი, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა. ფიტნესი ძალიან ბევრ პრობლემას და დაავადებას შველის. მე ახლა 52 წლის ვარ და აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში მაქვს.

უფრო მეტად რა ასაკის ადამიანები დადიან ფიტნესდარბაზში?

აბსოლუტურად ყველა დადის, დადიან დიდებიც და პატარებიც. ვარჯიში ყველას სჭირდება. პირადად მე 11 წლის პერსონალური მოსწავლეც მყავს.

უფრო ხშირად რა ინტერესით, რა მიზნით მოდიან კლიენტები?

ძირითადად, დაკლება უნდათ. 100 კაციდან დაახლოებით 80-ს დაკლება უნდა, 15-ს მომატება, 5-ს კი უბრალოდ, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემა აქვს.

ბოდიფიტნესის მიმდევარი მაკა ხიზანიშვილი: „52 წლის რომ გავხდი, შვილიშვილები მოვიდნენ, მიმღერეს და ასე მომილოცეს…“

აღნიშნული ვიდეოს შემდეგ, პირადად შენთან სიარულის მსურველთა რაოდენობა თუ გაიზარდა?

მე ფიტნესის სფეროში ისედაც პოპულარული ვიყავი და პერსონალური მოსწავლე ყოველთვის ბევრი მყავდა, მაგრამ ახლა იმდენი მოწერილი მხვდება, რომ ეგრევე ფიზიკურად ვერ ვცემ პასუხს, შეიძლება, შეტყობინებას 3-4 დღის მერე ვუპასუხო. ახლა, ვეღარავინ ამყავს პერსონალურად, რადგან ადგილი აღარ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულია, რაც ფიტნესში მკვდარ სეზონად მიიჩნევა. პოპულარობამ უფრო იმაზე იმოქმედა, რომ ყველა სოციალურ ქსელში მწერენ, ზოგი იმას მწერს, რომ ვარჯიში უნდა, ზოგიც მამშვიდებს და ზოგიც თავისი კომენტარების გამო ბოდიშს მიხდის.

როგორია შენი აზრი მათ კომენტარებზე?

ყველაფერი ხდება, ყველას თავისი აზრი გააჩნია. მე არც „გამტყდომია“ და არაფერი, უბრალოდ,  აზრის გამოხატვის უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება, მეც ბევრი რამ არ მომწონდეს, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი, რომ ჩემი კომენტარებით ვინმე დამემცირებინა.

გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ნელ-ნელა პოპულარული ხდება ის სფერო, რომელსაც ემსახურები, ვფიქრობ, შენი ვიზუალი ასე არ უნდა გაჰკვირვებოდათ.

კი, თუმცა პოპულარული ხდება ვარჯიშის თემაში და არა დაკუნთვის. ალბათ, სულ რამდენიმეს გვაქვს საქართველოში ასეთი ტანი.

როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

05:15 საათზე ვდგები და 06:30 საათზე უკვე ვარჯიშს ვიწყებ. თუ პირველ ცვლაში ვარ, 08:00 საათიდან მუშაობას ვიწყებ და 15:00 საათამდე ვმუშაობ. გამონაკლისია პარასკევი, როდესაც 08:00 საათიდან 22:00 საათამდე ვმუშაობ. ფაქტობრივად, მთელს ჩემს ცხოვრებას ფიტნესდარბაზში ვატარებ. შაბათ-კვირას მაქვს დასვენება, რომელსაც მეგობრებთან, ჩემს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ვატარებ. ერთად მივდივართ აუზზე ან გავდივართ ქალაქგარეთ, გააჩნია, როგორი ამინდია.

ვიდეო: მაკა ხიზანიშვილი გივი სიხარულიძის მერე, „იმედის“ ჟურნალისტთან ერთად აცეკვდა

მაინტერესებს, შვილიშვილებს თუ ავარჯიშებ და თავიდანვე თუ აჩვევ ცხოვრების ასეთ წესს?

არა, ჯერ პატარები არიან.

ხშირად გირეკავენ ტელევიზიებიდან, რადიოებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან და გთხოვენ ინტერვიუს. როგორ იცლი ამ ყველაფრისთვის?

ვუთავსებ ერთმანეთს, მაგრამ ჩემი ვარჯიშის დროს არ უნდა შეეხონ. არ არსებობს, ვარჯიში გავაცდინო. აღსანიშნავია, რომ ჩემი სამსახურიც ძალიან მიწყობს ხელს.

საერთაშორისო მასშტაბის კონკურსებში თუ იღებ მონაწილეობას?

კი, 3 წლის წინ მივიღე და ოქროს მედალოსანი და აბსოლუტური ჩემპიონი გავხდი. 19 ნოემბერს იგივე ორგანიზაცია ატარებს ჩემპიონატს, სადაც ჩემთვის სასურველი პრიზი თამაშდება და ვემზადები, ვნახოთ, რა იქნება.

რამდენად მიზანდასახული ადამიანი ხარ?

ძალიან. სამჯერ მოვემზადე კონკურსისთვის და პანდემიის გამო, სამივეჯერ წყალში ჩამეყარა მზადება.

რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, რომლებიც ვერ ახერხებენ ფიტნესდარბაზში სიარულს, როგორ მოიქცნენ, როგორ იკვებონ სწორად?

ძირითადად, ბოსტნეული მიიღონ. რა თქმა უნდა, უნდა მიიღონ მოხარშული ხორციც. კარგია: ლობიო, თევზი, ბრინჯი, წიწიბურა, ხილი. ხილი არ უნდა ჭამოთ ღამით, მაქსიმუმ შუადღის 4-5 საათამდე უნდა მიიღოთ და არ უნდა მიირთვათ დიდი რაოდენობით.

რა პერიოდი სჭირდება ადამიანს, რომ ვარჯიშის მეშვეობით სხეულის ფორმები შეცვალოს?

ეს ინდივიდუალურია, გააჩნია, როგორ ცხოვრობს და როგორ იკვებება.

ონლაინვარჯიში თუ არის შედეგიანი?

პირადად მე ონლაინ ვერ ვავარჯიშებ. თუ თავად არ შევხედე, როგორ აკეთებს ვარჯიშს, ისე უბრალოდ, არ შემიძლია.

ფეხით ბევრს დადიხარ?

არა, არ მიყვარს ფეხით სიარული, მაგრამ დარბაზში მიწევს ბევრი სიარული. 2 საათში 10 000 ნაბიჯი გამივლია.

ძალიან აქტიური ხარ „ტიკ-ტოკზეც“, სადაც ხშირად დებ იუმორისტულ ვიდეოებს. წინასწარ გეგმავ შენს ვიდეოებს?

არა, ეს ყველაფერი სპონტანურად ხდება,  ჩემი ვიდეოები ძალიან ბუნებრივია, ცეკვებიც კი პირველივე ცდაზეა გადაღებული. ახლა ისეთი პერიოდია, იუმორით თუ გაახალისებ ხალხს, თან ვინც კი ფეხი გაიქნია, ყველა ფიტნესინსტრუქტორი გახდა და იმდენი ვარჯიში დევს, რომ ამოუვიდა ხალხს ყელში, ამიტომ გადავწყვიტე, სხვა სტილის, ცოტა იუმორისტული ვიდეოები დავდო ხოლმე.

უფრო ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ანიჭებ უპირატესობას თუ ქართულს?

ქართულს ჯერ ვერ „ვქაჩავ“, მაგრამ შევისწავლიდი დიდი სიამოვნებით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

15 აგვისტოდან გავდივარ შვებულებაში და სულმოუთქმელად ველი ამ დროს. როგორც უკვე გითხარით, 19 ნოემბერს შეჯიბრი მაქვს და ამისთვის ვემზადები. ვარჯიშს დასვენების პერიოდშიც განვაგრძობ.

მთა თუ ზღვა?

ზღვა. მთაში ორი დღე თუ გავჩერდები და მერე გამოვიქცევი. მე უფრო აქტიური ცხოვრება მიყვარს.

როგორია შეყვარებული მაკა, რომანტიკოსი ხარ?

კარგა ხანია, შეყვარებული არ ვყოფილვარ. რომანტიკოსი ნაკლებად ვარ.

როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია შენს გვერდით?

რა თქმა უნდა, ძლიერი, არა ვიზუალურად, არამედ ხასიათებით. მე თვითონ ჰოროსკოპით ლომი ვარ, ამიტომ ჩემზე ძლიერი უნდა იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები