LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

19
Copy of ART FM Talk With.

გადაცემის Live

რადიო „ფორტუნას ეთერში გრძელდება მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას  პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძე ესტუმრა, რომელმაც მისთვის ძვირფასი წლები გაიხსენა და 7 საყვარელი სიმღერა წარუდგინა რადიო „ფორტუნას” მსმენელს.

ბატონო მამუკა, რას ნიშნავს რადიო თქვენთვის და რამდენად ხშირად უსმენთ მას?

– იმ დროს რადიო იყო ის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შეიძლებოდა დაგეჭირა BBC-ის გადაცემა და იმ დროს აკრძალული როკი. მახსოვს, როცა გეპეის კაპელაში ვმღეროდი, შევედი დეკანატში და განვაცხადე, რომ მინდოდა ჯგუფის შექმნა. იმდენად მოეწონათ ეს ინიციატივა, რომ აპარატურაც კი იყიდეს და ჩამოვაყალიბე როკ ანსამბლი სახელწოდებით ,,ექსპერიმენტი”. ერთ დღესაც მოგვაკითხა ზაზა შენგელიამ და გვითხრა, რომ სჭირდებოდა ის ანსამბლები და ჯგუფები ,რომლებიც როკს უკრავდნენ და გვექნებოდა დიდი როკ ფესტივალი, რომელსაც ერქმეოდა ,,კულისებიდან სცენაზე”. ეს იყო ჩვენი პირველი გამოჩენა. სწორედ იმ დროს გავიცანი ყველა ის მუსიკოსი, რომელიც დღეს დგას სცენაზე. წარმოიდგინეთ, ,,ბითლზებს” ვუკრავდით და არ ვიცოდით ინგლისური, სამაგიეროდ სმენა გვქონდა (იცინის).

სხვათა შორის, ახლაც ვუკრავ ჩემს მეგობრებთან ერთად. მე, დიმა ტვილდიანი,ზურა ცქიტიშვილი, ლევან მუშკუდიანი, ლევან გაჩეჩილაძე,ზაზა ვეფხვაძე ვიკრიბებით და ახალ ენერგიას ვიღებთ ამ სიმღერებით.

მე- 7 ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ – ფრენკ სინატრას My Way

მე-6 ადგილზე არის ხალხური სიმღერა ,,ზამთარია” . მახსოვს ბატონ ჯემალ ჭკუასელთან ერთად სუფრასთან მე და ჩემი მეგობარი გია ჯავრიშვილი ვიყავით და ვთხოვეთ ბატონ ჯემალს, იქნებ ,,ზამთარია” გვასწავლოთ მეთქი, მოგვიტრიალდა და პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენგან არაფერი გამოვაო. რა თქმა უნდა გვეწყინა და მეორე დღეს წავედით ჩემს ნათლიასთან, ბატონ თემურ ქევხიშვილთან იმისთვის, რომ გვესწავლა. წარმოიდგინეთ ზუსტად 2 თვე ვმეცადინეობდით. შემდეგ სპეციალურად დიდი სამეგობრო მოვიწვიეთ, სადაც იყო ასევე ბატონო ჯემალი და მოულოდნელად დავიწყეთ ,,ზამთარიას,” სიმღერა და სხვათა შორის გადაღებული გვაქვს ვიდეო, როგორ ეცვლება სახე, როცა გვისმენს. ბოლოს ბანიც მოგვცა და ძალიან კმაყოფილი იყო.

მე-6 ადგილზეა – სიმღერა – ,,ზამთარია”

-ბატონო მამუკა გავიხსენოთ ჯაზ ფესტივალი…

ეს იყო პერიოდი, როცა დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ ჩამოგვეყვანა მაღალი დონის შემსრულებლები, ეს იყო ნამდვილი დღესასწაული. ერთხელ ნიუ იორკში როცა ვიყავით, მე და ჩემი მეგობარი დიმა ტვილდიანი, წავედით ბლუ ნოუტში. ეს არის ადგილი, სადაც შესვლაზე სულ რიგია. მივედით და დიმა დაინახეს თუ არა, ჩამოართვეს ხელი და პირდაპირ შევედით. წარმოიდგინეთ ჯაზის იმდენად დიდი მოყვარულია, რომ იქ საკუთარი ადგილი სულ აქვს.

მე-5 ადგილზეა – Michel Petrucciani Trio: Petrucciani – Cantabile (1998)

 

მე-4 ადგილზე წარმოგიდგენთ The beatles-ს. ეს იყო პერიოდი, როცა განაცრისფერებულ ქვეყანაში გაიბრწყინა ამ ჯგუფმა. სიტყვები არ გვესმოდა, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც ახალს გრძნობდი, გაიძულებდა, რომ მოგესმინა და მერხებზე გეწერა მისი სახელი. მოვუსმინოთ ამ ლეგენდარულ ადამიანებს, რომლებმაც სამყარო შეცვალეს.

მე არ ვიცი სიმღერების ამოჩემება, სულ ახლის ძიებაში ვარ. თუმცა, არის სიმღერები, რომელიც  მთელი ცხოვრება მომყვება. უდიდესი შთაბეჭდილება ჩემზე ოთარ რამიშვილმა მოახდინა. ეს იყო კოლორიტი ადამიანი, რომელიც თან სიმღერას წერდა და თან საკუთარი ლექსებით გესაუბრებოდა. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს და სხვათა შორის ამ სიმღერით ჩემს მეუღლეს ავუხსენი სიყვარული. არაჩვეულებრივად ასრულებს ნინო ქათამაძე და ანსამბლი ,,შვიდკაცა”.

მე-3 ადგილზე წარმოგიდგენთ  – ,,შვიდკაცა” და ნინო ქათამაძე  – ,,არ მაძინებს”

შემდეგი სიმღერა გახლავთ ნატო გელაშვილის, ასე იწყება – ,,თეთრ კლავიშებს თითქოს სევდა შეპარვია, უშენობით ყვავილებიც დუმან..”

მე-2 ადგილზე წარმოგიდგენთ – ნატო გელაშვილის ,,თეთრ კლავიშებს”

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ახლა მძიმე პერიოდს გადის, რომელიც არ არის მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქედან ჩვენ ღირსეულად გამოვალთ. ქართველ ხალხს განსაკუთრებული სულის სიმტკიცე აქვს, რომელსაც ყველაზე კრიტიკულ მომენტში ავლენენ. ამიტომ მე მინდა გამოვყო ყველა ქართველისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სიმღერა ,,მრავალჟამიერ”. მინდა ამ ტონალობაში, ამ შემართებით ვუთხრა ყველას რომ მრავალჟამიერ და ყველაფერი კარგად იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები