7 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ დოკუმენტალისტი, რეჟისორი, სალომე ჯაში სტუმრობდა, რომელმაც „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე“, აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობაზე და იმ რჩეულ დოკუმენტურ ფილმებზე ისაუბრა, რომელსაც მაყურებელი ფესტივალის ფარგლებში იხილავს.
სალომე, ვისაუბროთ დოკუმენტური ფილმების სექციის შესახებ, რა ფილმები შეირჩა „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალისთვის“?
ეს სექცია „დოკუმენტური კინოს ასოციაციის“ სპეციალური პროგრამაა. ასოციაცია მაყურებელს მართლაც შესანიშნავ, მნიშვნელოვან, ნარჩევ დოკუმენტურ ფილმებს სთავაზობს. პირველი ფილმი, რომელიც უკვე ვაჩვენეთ, გახლავთ „მარიუპოლი 2“. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფილმი მარიუპოლიდან, მისი ავტორი მანტას კვედარავიჩიუსი ზუსტად ამ ფილმის გადაღების დროს მოკლეს რუსმა სამხედროებმა. ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ საცოლემ ნახა და თან წამოიღო მასალაც, რითაც ეს ფილმი შეიქმნა. აღნიშნული ფილმის პრემიერა „კანის კინოფესტივალზე“ შედგა და მას სპეციალური პრიზიც გადაეცა. კონტექსტის და იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს უკრაინაში, ეს ფილმი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტაციაა. სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ ამ ფილმის ჩვენების შემდეგ, მაყურებელს საქართველოში უკრაინის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი, ანდრეი კასიანოვი და ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა შეხვდნენ. ფილმის რეჟისორი, მანტას კვედარავიჩიუსიც ლიეტუვიდან იყო და სწორედ ამიტომ, ლიეტუვის საელჩო ჩართული იყო ამ ფილმის ჩვენების ორგანიზებაში.
მეორე ფილმი, რომელიც ვაჩვენეთ, „სამოთხის ფრაგმენტები“ გახლავთ. ეს არის იონას მეკასის ბიოპიკი, მის ბიოგრაფიულ მონაცემებზეა. იონას მეკასი არის ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავანგარდული ფილმების ავტორი, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდებოდა. ფილმში არის პირადი მასალა, რომელიც აქამდე არ გამოქვეყნებულა, არის ინტერვიუები მარტინ სკორსეზესთან, კადრებში ჩანს ენდი უორჰოლიც. მოკლედ, ძალიან საინტერესო ფილმია.
გვაქვს კიდევ 3 ფილმი. 8 დეკემბერს აზერბაიჯანის ამომავალი ვარსკვლავის, ჰილალ ბაიდაროვის ფილმს, „როცა ხურმა მწიფდა“ ვაჩვენებთ. ეს რაღაც ჰიბრიდული ფილმია, ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე დოკუმენტურია. ძალიან საინტერესო ფილმია და მისი ნახვა უფრო მეტად „Art house“ კინოს მოყვარულებს დააინტერესებთ.
9 დეკემბერს ვაჩვენებთ სომხურ ფილმს, რომელიც მთიან ყარაბაღშია გადაღებული მანამ, სანამ კიდევ ერთი ომი დაიწყებოდა იქ. ფილმში ეს აბსურდული გარემოა ნაჩვენები. ნაკლებად გახმაურებული, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმია შინაარსობრივადაც და ვიზუალურადაც.
მეხუთე ფილმი, რომელსაც 10 დეკემბერს ვაჩვენებთ, „რევოლუციის მუზეუმი“ გახლავთ, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე კინემატოგრაფიული ფილმია ჩვენს პროგრამაში. ძალიან საინტერესო, მომხიბვლელი ფილმია, ძალიან მომხიბვლელი მთავარი გმირით, პატარა გოგონათი. მართლაც გირჩევთ ამ ფილმის ნახვას. ფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან და იურისტ ანანო ცინცაბაძესთან, რომლებიც საქართველოში უსახლკარობის პრობლემაზე ისაუბრებენ.
დოკუმენტური ფილმის ასოციაცია ასევე წარმოგიდგენთ პანელ-დისკუსიას სამხრეთ კავკასიაში დოკუმენტური ფილმის შესახებ. ამ პანელ-დისკუსიას „სად ვართ, ვინ ვართ“ დავარქვით.
საქართველოში დოკუმენტური კინო ძალიან სწრაფად ვითარდება, არცერთი წამყვანი კინოფესტივალი არ არის ქართული დოკუმენტური ფილმის ან პროექტის გარეშე, თუმცა ჩვენ კავკასიაში ნაკლებად ვიცნობთ ერთმანეთს და ფაქტობრივად, არ ვთანამშრომლობთ. ეს პრობლემა გასაგებია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული რთული პოლიტიკური, სამხედრო ვითარების ფონზე, თუმცა ამ პანელის მიზანი ერთმანეთის გაცნობაა.
შარშან თქვენი ფილმიც მონაწილეობდა დოკუმენტური ფილმების სექციაში, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში კინოფესტივალის არსებობა?
ძალიან მიხარია, რომ შარშან ჩემმა ფილმმა „მოთვინიერება“ „თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე“ პრიზი, „ოქროს პრომეთე“ აიღო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მას ძალიან ცხადი პასუხი აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნებისმიერი კულტურული მოვლენა, რომელიც საქართველოში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. კინოფესტივალი მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმიტომ, რომ ხელოვნებას ვეზიაროთ, არამედ იმიტომ, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი გავიცნოთ, რადგან ფილმს შეუძლია საკუთარ თავში ჩაგახედოს. ფილმი სამყაროს გაცნობაში გვეხმარება. კინოფესტივალი არის საშუალება, რომ ჩვენს მიღმა გავიჭვრიტოთ, რომ გავიგოთ მეტი სამყაროს, ჩვენს შესახებ და რომ ჩვენი თავი სამყაროსთან დავაკავშიროთ. მიხარია, რომ კინოფესტივალის მაყურებელი მზარდია.