რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები არიან მომღერლები, „ევროვიზიის“ მონაწილეები ნიკოლოზ ხარატი, ანასტასია ვასაძე და ოთო ბაზერაშვილი.
ანატასია, როგორ მოხვდი „რანინაში?“
ანასტასია: ძალიან მიყვარს სიმღერა და „რანინაში“ მოხვედრა დიდი ხანია მინდოდა. ორჯერ გავედი კასტინგზე, მესამე ცდაზე გამიმართლა და ათეულში მოვხვდი. ძალიან დიდი წარმატება და პასუხისმგებლობაა „ევროვიზიაზე“ წასვლა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. კლასელები და მეგობრები მთელი გულით მილოცავდნენ. დიდი მადლობა ყველას.
ოთო, შენ როგორ მოხვდი პროექტში?
ოთო: ძალიან მიყვარს ეს პროექტი, ჩემი ცხოვრება ასე წარმომიდგენია, „რანინამდე“ და „რანინას“ შემდეგ. ეს არის ერთი დიდი ოჯახი, გავიჩინე უამრავი მეგობარი, გავიცანი ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. პედაგოგები ჩვენთვის ძალიან საყვარელ ადამიანებად იქცნენ.
როგორია პოპულარობა ასეთ ადრეულ ასაკში?
ოთო: ძალიან კარგია, როცა ქუჩაში გავდივართ ხალხი გვცნობს, ფოტოებს იღებენ ჩვენთან ერთად, ბებოები გვესიყვარულებიან.
ნიკოლოზი: დიდ მადლობას გიხდით ჩვენი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის.
სიმღერა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, ანრი ჯოხაძესთან დუეტმა უამრავი ნახვა დააგროვა სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზი: ძალიან გამიხარდა, მადლობა ანრის, მისი დამსახურება, რომ ჩვენ აქამდე მოვედით.
ოთო: ეს სიმღერა არის ისტორიული. მას სიდინჯე სჭირდება, გამბედაობაა საჭირო, რომ ის შეასრულო. ანრისთან სიმღერა ძალიან სასიამოვნო იყო.
„ევროვიზიის“ თემას მინდა შევეხო, როგორც გადაწყდა პროექტში თქვენი მონაწილეობა?
ანასტასია: პირველ რიგში, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გადაწყვიტა ასე. ჩემი აზრით, კარგი არჩევანია, ძალიან მეგობრული და ერთგული ბიჭები არიან და აუცილებლად, ჩვენ ერთად, ღირსეულად წარვდგებით ევროვიზიაზე. ჩემთვის ეს პროექტი არის მასშტაბურობა და მსოფლიოს ერთობლიობა.
ნიკოლოზი: თავიდან ანასტასია იყო გამარჯვებული და მხოლოდ ის უნდა წასულიყო „ევროვიზიაზე“, შემდეგ გადაწყდა, რომ მე და ოთოც წავსულიყავით. ძალიან გამიხარდა, რომ ანასტასიას ეს ფაქტი მოეწონა. ეს არის ნამდვილი მეგობრობა. ამ გოგოში ბევრი ისეთი რამაა კარგი, რაც ბევრში არ არის.
ოთო: ზოგჯერ, რომ იგებენ, „ევროვიზიაზე“ სხვაც უნდა გაჰყვეთ, ტირიან ხოლმე. სასიხარულოა, რომ ჩვენში კონკურენცია არ არსებობს.
როგორი იყო კლიპის გადაღების პროცესი?
ანასტასია: კლიპის გადაღების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი გამოდგა. სამი დღე ვიღებდით, სამ ლოკაციაზე. საზოგადოებრივის სტუდიაში, „ექსპო ჯორჯიასა“ და საგურამოში. საბოლოოდ ძალიან ლამაზი კლიპი გამოვიდა. დიდი მადლობა იზა ნადარეიშვილს, ასეთი ლამაზი კოსტიუმების შექმნისთვის.
ოთო: სახალისო იყო ძალიან, კასკადიორებმა ჰაერში დაგვკიდეს. მე და ნიკოლოზი ამოვტრიალდით რამდენჯერმე და ამის გამო ერთმანეთს დავცინოდით.
ნიკოლოზი: საინტერესო იყო ძალიან. გავიგე, რა არის გადაღებები.
ახლა სიმღერაზეც გვესაუბრეთ…
ანასტასია: სიმღერა დაწერეს მებო ნუცუბიძემ და ბეთხომ, აგრეთვე გიორგი ასანიშვილმა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი სიმღერაა. მასში ხალხური და თანამედროვე მუსიკაც არის გაერთიანებული.
როგორ უნდა დაგიჭირონ ადამიანებმა მხარი?
ანასტასია: 24 ნოემბერს, „ევროვიზიის“ ოფიციალურ საიტზე დაიდება ლინკები, რომლებიც გავრცელდება სოციალურ ქსელებში. 26 ნოემბერს, 7 საათზე დაიწყება კონცერტი. ძალიან გვჭირდება თქვენი მხარში დგომა. ეს არის ჩვენი მთლიანი საქართველოს წარმატება.