LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ რაჭველი: „დღემდე არ მაქვს ბინა, მატერიალური ქონებისა და ნივთების დაგროვება ბოლო ადგილზეა ჩემთვის“

6
nikolozrachveli-mtav

„ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია დირიჟორი, პიანისტი და კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც თავისი კარიერის საწყისები, გია ყანჩელთან ურთიერთობის დეტალები და სამომავლო გეგმები გაგვანდო.

როგორც ვიცი, მამა იყო ის ადამიანი, ვინც მუსიკას გაზიარა, გაიხსენე ბავშვობის წლები…

სულ პირველად მაინც დედაჩემმა შემიყვანა თეატრში, ეს იყო პირველი შეხება, მამას საოპერო მუსიკა უყვარდა, ჩვენ დღეგამოშვებით ვსტუმრობდით თეატრს, 6 წლის ვიყავი და „საორკესტრო ნიჟარაში“ აღმოვჩნდი, იქ მინდოდა ხოლმე სულ ყოფნა, ვუყურებდი პროცესს და მაშინვე თავი ორგანულად ვიგრძენი იმ სივრცეში. შემდეგ უკვე უფლებაც კი მომცეს, დამეკრა ამა თუ იმ ინსტრუმენტზე. ერთ-ერთი კონცერტის დროს, ჯანსუღ კახიძეც იმყოფებოდა, შემდეგ მთელი ოპერის თეატრს გამოუცხადა, რომ ის ჩემზე მეურვეობას აიღებდა და ყურადღებას მიაქცევდა ჩემი განვითარების ყველა საფეხურს და ეს  ასეც ხდებოდა. თუმცა მე პირველ კურსზე ვიყავი, როცა ის გარდაიცვალა, გარდაცვალებამდე ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. პარალელურად ამისა, ძალიან გვიჭირდა და ამავე ასაკში მიწევდა სხვადასხვა სარესტორნო სივრცეში დაკვრა, ეს იყო ოჯახში, სადაც მე ვიზრდებოდი, ერთადერთი შემოსავლის წყარო. მაშინ დედა ასაკოვანი იყო უკვე,  ის მწოლიარე ბებიას უვლიდა, მამაკაცური ტვირთი 10 წლის ასაკიდან დამაწვა. 10 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ორკესტრს ვუდირიჟორე. ამ ასაკში ახალი ნაწარმოები წარვადგინე კომპოზიტორთა კავშირის წინაშე, 13 წლის ასაკში კი ევროპის პირველი ტურნე მოეწყო ჩემი და 60-მდე კონცერტი ჩავატარე ქვეყნის გარეთ. ეს იყო 90-იანები წლები, რთული პერიოდი ძალიან, არც წყალი იყო, არც სინათლე. მე ამ დროს ძალიან ვიხარჯებოდი იმ საქმისთვის, რისთვისაც ვიყავი გაჩენილი.

სხვათა შორის, დღემდე არ მაქვს საკუთარი ბინა და სხვაგან ვცხოვრობ. მატერიალური ქონებისა და ნივთების დაგროვება ბოლო ადგილზეა ჩემთვის. არაფერი დამიგროვებია აქამდე, თუ არ ჩავთვლი ძვირფას აუდიოჩანაწერებს, თუმცა ახლა ამანაც დაკარგა ღირებულება ინტერნეტის გამო. ალბათ, სწორი იქნება, მეტი ყურადღება მივაქციო საკუთარ თავს, რათა ჯანმრთელობის პრობლემები არ მქონდეს, მქონდეს სივრცე, სადაც ვიქნები მშვიდად. არ ვარ მიბმული თბილისზე, ვიცხოვრებდი რაჭაშიც, ვიცხოვრებდი ნიუ-იორკში. მიჯაჭვულობა არ მაქვს. ახლა სადაც ვარ, გმირთა მოედანზე, იმიტომ მომწონს, რომ შუაგული თბილისია, ყველგან წასასვლელად ერთნაირი დრო მჭირდება, უკვე 12 წელია, ამ ტერიტორიას შევრჩი. ეს სახლი ამერიკაში მცხოვრები არაჩვეულებრივი ოჯახისაა, ძალიან მიწყობენ ხელს, კი მიწევს ხარჯების გაღება, რომელიც ჯობდა, საკუთარი ბინის სესხში მეხადა, ეს იქნებოდა სწორი პოლიტიკა საკუთარი ფინანსების. თუკი მუსიკაში უფრო რაციონალური და ბევრისთვის მოსაწონი ვარ, პირად, ყოფით საკითხებში ამის საპირისპირო ვარ.

ნიკოლოზი და მარტოობა, ეს ისეთი თემაა, რომელიც ინტერვიუებში ბევრჯერ შემხვდა…

ჩემი ყოველი დილა იწყება ურთიერთობით 150 ადამიანთან, მათთან ერთად ვატარებ დღის დიდ ნაწილს. შემდეგ მოვდივარ და სიმარტოვე მსიამოვნებს, ისე ბალანსდება ყველაფერი, რომ დისკომფორტს არ განვიცდი. ჩემი ბინის კარის გასაღები ჩემ გარდა აქვს ძალიან ბევრ მეგობარს. მათ აქვს უფლება, დაუკითხავადაც მოვიდნენ, ვიქნები მე სახლში თუ არა. ისარგებლონ მაცივარში არსებული პროდუქტებით, ასე რომ მარტოობა, ეს სიტყვა სიმბოლურად ჟღერს.

რა არის შენს სახლში ყველაზე დიდი ოდენობით?

ყველაზე დიდი ოდენობით ჩემ სახლში არის კოკა-კოლა, ვიცი რომ ეს ჯანმრთელობისთვის არც ისე კარგია, თუმცა შესწავლილი მაქვს ეს საკითხი და არც ისეა საქმე, როგორც ამბობენ, თანაც შუშის ბოთლებში მიყვარს სასმელი, ამიტომ ყუთებით მომაქვს ხოლმე.

როგორი იყო პირველი შეხვედრა გია ყანჩელთან?

ერთ-ერთ ღონისძიებაზე, კულისებში მოვხდი და გამაცნეს, 14-15 წლის ვიყავი, ალბათ. მანამდე მახსოვს ძალიან კარგად მომენტი –  6 წლის ვიყავი, დედაჩემს დეიდამ უთხრა, გია ყანჩელთან ხომ არ მივიყვანოთო, ეს ძალიან კარგად მახსოვს. უკვე მოგვიანებით გავიგე, რომ ის დაესწრო ჩემს გამოსვლას, კახიძის ცენტრში. სტუდენტობის დროს გვქონდა შეხვედრები საზღვარგარეთ და მერე უკვე გავხდით უახლოესი მეგობრები,. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა. ის ძალიან ნოვატორი ადამიანი იყო. 2001 წელს, „არტ იმედის“ ინიციატივით გადაწყდა ნატო მეტონიძისთვის გაკეთებულიყო დისკი, გია ყანჩელის ალბომი, გიას რომ ჰკითხეს ურჩია, რომ მე გამეკეთებინა. ასე ჩამომიყვანეს ვენიდან ამ საქმისთვის.

თუ ყოფილა შემთხვევა, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაიმე ჩანაფიქრი ვერ განგიხორციელებია?

ზოგადად, არანაირი რადიკალური პოლიტიკური მოსაზრება არ გამომითქვამს, ამას ვერავინ დამაბრალებს, ზოგჯერ ძალიანაც მინდა ხოლმე, თუმცა თავს ვიკავებ. შემდეგ პასუხისმგებლობა დამემატება. გაეროს, იუნისეფის კეთილი ნების ელჩობა მთავრობასთან ნორმალურ ურთიერთობას გულისხმობს. მე მაქვს ღირებულებები, რომელსაც მთავრობის წევრები გრძნობენ და მაინცდამაინც ვერ ვატყობ, რომ გულშემატკივრობენ ბოლო პერიოდში ეროვნულ ორკესტრს და მისი პრობლემების გადაჭრას ცდილობენ, ასეთი შეგრძნებები მაქვს და ნეტავ, ვცდებოდე. თავს არ ვიქებ, თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბოლო წლებში, ამ ქვეყანაში რამე მნიშვნელოვანი ღონისძიება თუ ყოფილა, არის ჩემი და ჩემი გუნდის დამსახურება. ამ ყველაფერს კი ვაკეთებთ საჭირო და აუცილებელი პირობების გარეშე. მხოლოდ ჩვენს ორკესტრს აქვს ცუდი პირობები, არ აქვს სცენა, ამიტომ მიჭირს დავგეგმო კონცერტები, ღონისძიებები. ამ დროს ვახტანგ კახიძეს როცა უნდა, სადაც უნდა ჩაატარებს კონცერტს, ეს კომფორტი აქვს ოპერის თეატრს, დავით დოიაშვილს, მარჯანიშვილის თეატრს, ეს კომფორტი ვისაც არ აქვს, არის ნიკოლოზ რაჭველი და მისი გუნდი.

ის, რაც 11 აპრილს მოაწყვეთ, უკრაინის მხარდასაჭერ კონცერტს ვგულისხმობ, არა მხოლოდ ქართველი მაყურებლისთვის იყო ხელმისაწვდომი, ამ კონცერტს საზღვრებს გარეთაც უყურებდნენ, როგორ მოახერხეთ ეს? 

ასეთ დროს ჩვენთვის უხილავი ძალა ერთვება ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია მოხდა, ერთი მხრივ იყო მარინა ბერიძე, სოფო ჭყონია, მეორე მხრივ იყო თეონა ჯორბენაძე თავისი გუნდით. რადგან იყო ცაიტნოტი, ლვოველები მხოლოდ წინა დღეს ახერხებდნენ ჩამოსვლას, წინასწარ ვერ შევძელით სანოტო მასალის გაცვლა, წინა დღეს ვნახეთ ყველაფერი. ამავე ტემპში კეთდებოდა ვიდეომასალა, არ გვქონდა საშუალება გენერალური რეპეტიციის გავლის. თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ ეს ყოფილიყო ძალიან მძიმე რეალობის გადმოცემა მუსიკის ენით, პატივის მიგება გარდაცვლილი გმირების, ქალებისა და ბავშვების მიმართ, ეს ყოფილიყო, კონცერტი, რომლის დრამატურგია იქნებოდა სვლა გამარჯვებისკენ, ხორუმი იყო კონცერტის გვირგვინი. დღეს ვარ ბედნიერი, თუმცა ამ ბედნიერებას ჯერჯერობით ბევრი უკლია, აკლია უკრაინის გამარჯვება ომში. მე უკვე ვხედავ, როგორი გამარჯვების კონცერტი შეიძლება გაიმართოს უკრაინაში, მეიდანზე.

თავისუფალი დრო თუ გაქვს?

სრულიად თავისუფალი დრო იშვიათად მაქვს, ასეთ დროს უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს. კონცერტის შემდეგ, დღის ბოლოს, გავაცნობიერე, რომ საშინლად უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, რომ არაფერს ვაკეთებდი. მივეჩვიე სულ საქმეში ყოფნას.

რა გეგმები გაქვს?

მსმენელსა და მაყურებელს ვთხოვ, რომ სიმფონიური ორკესტრის ღონისძიებები არ გამოტოვოს. მე ვაგრძელებ ახალი ნაწარმოებების წერას, მინდა, უკრაინისთვის პლატფორმებზე გადავინაცვლო, ამისთვის გერმანიაში მივდივარ საქმიანი შეხვედრები მაქვს. მინდა, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გვერდზე დგომისთვის დიდი მადლობა გადავუხადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები