LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკში ჩნდება მხედველობის პრობლემები და როგორ შევამოწმოთ ბავშვის მხედველობა – მერაბ დვალი გადაცემაში ,,პულსი”

16
pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

18 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას ,,პულსი” თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, კლინიკის “ახალი მზერის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ბატონი მერაბ დვალი სტუმრობდა, რომელმაც სხვადასხვა ასაკში მხედველობის პრობლემებზე ისაუბრა.

– ბატონო მერაბ, ბევრს მხედველობის გაუარესება ასაკობრივი პრობლემა ჰგონია. საინტერესოა, სინამდვილეში რა ასაკში ჩნდება მხედველობის პრობლემები?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ოქტომბრის მეორე კვირადღეს მსოფლიო მხედველობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს ღონისძიება ლოზუნგით “გიყვარდეს შენი თვალები!” გაიმართა. შესაძლოა, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს მსგავსი სლოგანი, მაგრამ სინამდვილეში, არა სიყვარულს, არამედ თვალებზე ზრუნვისკენ მოგვიწოდებს. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ ადამიანის მხედველობა მუცლად ყოფნისას ყალიბდება, შესაბამისად პრობლემებიც მაშინ ჩნდება, ამიტომ მომავალ დედებს მინდა მივმართო და გავაფრთხილო, რომ განსაკუთრებული ყურადღება პირველ ტრიმესტრში გამოიჩინონ და დაიცვან თავი ვირუსული დაავადებებისგან, მათ შორის წითურასგან, რომელიც ახალშობილებში კატარაქტას იწვევს. მართალია, საკმაოდ მარტივია დაავადების ქირურგიული ჩარევით მკურნალობა, მაგრამ ოპერაცია პირველ თვეებში უნდა გაკეთდეს, რაც საკმაოდ არასასიამოვნო პროცესია.

არსებობს კიდევ ერთი – თვალის ბადურის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ჩასახვის პროცესში ვითარდება, მიზეზი კი, ასაკოვანი მამის სპერმის მუტაციაა. აღსანიშნავია, რომ დღენაკლული ბავშვები, რომლებიც ადრე დასაღუპად იყვნენ განწირული, ახლა ჟანგბადის მიწოდების წყალობით ახერხებენ გადარჩენას, თუმცა მოგვიანებით სწორედ ჟანგბადი ხდება მათი სიბრმავის მიზეზი. საკმაოდ მძიმე დაავადებად ითვლება რეტინობლასტომა ანუ ბადურა-გარსის ავთვისებიანი სიმსივნე ახალშობილებში, რომლის დროულად აღმოჩენა მხოლოდ დედის დაკვირვებაზეა დამოკიდებული, ამიტომ მშობელმა ხშირად უნდა ათვალიეროს ბავშვის თვალები და თეთრი და მწვანე ნათების აღმოჩენის შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ოფთალმოლოგს, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება მხედველობის შენარჩუნება. სკოლამდე ასაკის ბავშვებში (2-5 წლის) განსაკუთრებით აქტუალურია თვალის სიზარმაცე, როცა ჯანმრთელი თვალი ტვინის დახმარებით ჩაგრავს შედარებით სუსტს. მშობლები ამ შემთხვევაშიც ვალდებული არიან გამოიჩინონ ყურადღება და 6 თვეში ერთხელ ფერადი სათამაშოს გამოყენებით შეამოწმონ ბავშვის მხედველობა. სათამაშო 5 მეტრის სიშორეზე უნდა დაიჭირონ და ცალ-ცალკე შეამოწმონ ორი თვალი.

– გაჯეტების ხელმისაწვდომობის ფონზე რამდენად გაიზარდა მცირეწლოვანი პაციენტების რიცხვი?

– ზოგადად, არაა რეკომენდირებული ბავშვების ელექტრონული თამაშებით გატაცება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი თვალი დომინირებს მეორეზე. სერიოზული პრობლემები ბავშვის სკოლაში წასვლისთანავე იწყება, როცა დღეში რამდენიმე საათი უწევს თვალის დაძაბვა. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა თვალის ხშირი დასვენება,  უმჯობესია სუფთა ჰაერზე გასეირნება, რადგან ბუნებრივი განათება ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ხელოვნური.

– დაავადებების პრევენციის მიზნით რა სიხშირით უნდა მიმართოს მშობელმა ოფთალმოლოგს?

– სამწუხაროდ, ბავშვები ხშირად უმალავენ მშობლებს, რომ ცუდადა ხედავენ, ამიტომ პირველ რიგში უფროსებს პატარების ნდობის მოპოვება სჭირდებათ, ოფთალმოლოგთან გამოკვლევა კი, 2-3 წელიწადშიც საკმარისია, თუ რა თქმა უნდა, ბავშვს აშკარა პრობლემები არ აქვს.

– რა პრობლემებს აწყდება ადამიანი უკვე ზრდასრულ ასაკში?

– 20 წლიდან ახალგაზრდებში სხვა დაავადება – კერატოკონუსია აქტუალური, რომელიც ძალიან ჰგავს ასტიგმატიზმს, ამიტომ საკმაოდ რთულია მისი ამოცნობა. თუ ადამიანს, რომელიც ყოველთვის კარგად ხედავდა, 25-27 წლის ასაკში კი ახლო ხედვის პრობლემები, თვალის სიმშრალე და ქავილი დაეწყო – აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

– რას უჩივიან შუა ხნის პაციენტები?

– ზოგადად, 40 წლის შემდეგ ნებისმიერმა უნდა იზრუნოს სათვალის მორგებაზე, თუმცა, ბევრს სათვალის ტარება საშინელ დისკომფორტს უქმნის, ამიტომ ხშირად მოგვმართავენ თხოვნით, რომ გადავარჩინოთ მსგავსი “ტვირთისგან”. საბედნიეროდ, დღეს მხედველობის კორექცია ლაზერით შეიძლება, როცა ერთი თვალი ახლოს ხედავს, მეორე თვალი შორისმხედველია. კორექცია საკმაოდ მარტივი პროცედურაა და ინტენსიურად კეთდება ჩვენს კლინიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები