LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა როლი აქვს საზოგადოებას ბულინგის დაძლევაში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

65
ნატა-ასათიანი

რა როლი აქვს საზოგადოებას ბულინგის დაძლევაში – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატა ასათიანი.

რა არის ბულინგი?

სიტყვა ბულინგის ბევრი განმარტება არსებობს. ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში რა დატვირთვასაც ვაძლევთ, ამის გარდა, მეცნიერული განმარტებაც არაერთია. თუმცა რომ შევაჯეროთ ეს განმარტებები და მარტივ ენაზე ვთქვათ, ბულინგი არის აგრესიული ქცევა, რომელსაც აქვს განმეორებითი ხასიათი. ამრიგად, პირველი, განმეორებითობას უნდა გავუსვათ ხაზი და მეორე – აგრესიულ ქცევას უნდა ჰქონდეს ჯგუფური ხასიათი და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მას ბულინგი ვუწოდოთ.   ბულინგი სოციალური ქცევაა და მას ჰყავს არა მხოლოდ მსხვერპლი და მოძალადე, არამედ სხვა მონაწილეებიც, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვთქვათ, რომ ეს არ არის უბრალოდ აგრესიული ქცევა და  იკვეთება ბულინგის ნიშნები. ბულინგში მონაწილეები არიან როგორც წესი მსხვერპლი, მოძალადე, ირიბად მონაწილე პირები – ე.წ. ბაისთენდერები და აუთსაიდერები, რომლებიც შესაძლოა სულ არ ჩაერიონ ქცევაში მაგრამ ამ „არ ჩარევითაც“ წაახალისონ ქცევა.

ბულინგის სახეები:

ბულინგის  პირველი ტიპია ფიზიკური ბულინგი, რომელიც გამოიხატება ფიზიკურ აგრესიაში,  საკუთრების ხელყოფაში, ნივთების განადგურებაში. შემდეგი ფორმაა ვერბალური ბულინგი – ეს ბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა და, როგორც წესი, მოძალადე ბულინგის ამ ფორმას იმ შემთხვევაში ირჩევს, თუ მსხვერპლის დამცირებას აუდიტორია ესწრება. ვერბალური ბულინგის შემთხვევებია მეტსახელის, მათ შორის, შეურაცხმყოფელი სახელის, დარქმევა, დაცინვა, აბუჩად აგდება. ვერბალური ბულინგი ხშირია ისეთ შემთხვევებში, როცა აღინიშნება ფიზიკური ნაკლი, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და სხვა ე.წ. „ნორმიდან“ განსხვავება.  ბულინგის მესამე ფორმა კი სოციალური ბულინგია, რომელიც ადამიანის ჯგუფიდან გარიყვით ვლინდება. მოზარდმა შეიძლება სულ არ იცოდეს, რომ ის სოციალური ბულინგის მსხვერპლია და მხოლოდ მაშინ გაიაზროს ეს, როცა იმ კონკრეტულ ჯგუფში შეღწევას შეეცდება, საიდანაც ის გარიყული აღმოჩნდება.

ბულინგის ყველა ზემოთ აღნიშნული ფორმა ერთნაირად რთული გადასალახია მოზარდთა უმრავლესობისათვის.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტიპის აგრესიული ქმედება, როგორებიცაა, მეტსახელის შერქმევა, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოხატვა, ფულის გამოძალვა, იზოლირება, პირადი ნივთების მითვისება, ხელის ჩარტყმა მხოლოდ იმ შემთხვევაში კლასიფიცირდება ბულინგად და არა მხოლოდ აგრესიულ ქცევად, როცა ამ ქმედებებს აქვს განმეორებითი ან/და სისტემატური ხასიათი.

ბევრი კვლევაა იმის თაობაზე რომ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება აგრესიული ქცევისადმი, მაგრამ გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ბულინგთან ბრძოლის და მისი პრევენციის ერთ_ერთ მთავარი მექანიზმი არის გარემოს შექმნა, სადაც ვერ გამოვლინდება ბულინგის ქცევა.

სად ჭარბობს ბულინგის შემთხვევები და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?

ყველაზე მეტად ბულინგის შემთხვევები მოზარდებში ჭარბობს. ასაკთან ერთად ვსწავლობთ სოციალურ ქცევას, ვსწავლობთ როგორ დავიცვათ თავი და არ გავხდეთ მსხვერპლი. ვიმუშავებთ გარკვეულ სოციალურ უნარებს რომ გადავრჩეთ. ეს უნარები მოზარდებში ჯერ გამომუშავებული არ არის. ამიტომ, უმეტესად, კვლევებიც ამას ცხადყოფს, რომ ბულინგის მსხვერპლი ხდება ის მოზარდი, რომელსაც ეს სოციალური უნარები ჯერ გამომუშავებული არ აქვს. შესაბამისად, როცა ერთი მხარე მარტივად ხდება მსხვერპლი, იქვე ყოველთვის გამოჩნდება მეორე მხარე – მოძალადე, რომელიც მარტივად პოულობს პოტენციურ მსხვერპლს და ძალადობს მასზე. ხშირად წაიკითხავთ კვლევებში, რომ მოზარდები ამბობენ რომ მსხვერპლმა უბიძგა მათ ძალადობისკენ. ტერმინიც არის ასეთი – provocative victims – პროვოკაციუილი მსხვერპლი, რომელიც „უბიძგებს“ მოძალადეს ძალადობისკენ. ცხადია, ეს როგორც მოცემულობა ისე არ უნდა მივიღოთ და სწორედ ამიტომ, უფროსებს გვმართებს დიდი ყურადღება, რომ არცერთი მოზარდი არ დაიჩაგროს იმიტომ, რომ სხვა მოზარდმა გადაწყვიტა რომ ის მარტივად დასაჩაგრია. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? – როგორ უნდა დავიცვათ მოზარდები ბულინგისგან?

ცხადია ეს რთული კითხვაა, რადგან ძალიან კომპლექსურია – ძალადობის წახალისებას უყურებს დღეს მოზარდი ყველა ეტაპზე მისი განვითარების – ოჯახებში, სკოლაში, მედიით, პოლიტიკაში… შესაბამისად, ქცევის მოდელირებით, მოზარდი სწორედ ამას სწავლობს, რომ თუ მე დავჩაგრავ ვიღაცას, მე ჩემს დომინანტობას დავამტკიცებ ამით – და ეძებს გარემოში მსხვერპლს. სწორედ აქ არის საჭირო ჩვენი – ვგულისხმობ სახელმწიფოს, საზოგადოებას, ოჯახებს  – გაერთიანება და ერთად მუშაობა პრევენციაზე!

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?

მთავარი ადგილი, სადაც უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია ეს არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები:

კვლევები ცხადყოფს, რომ ისეთ სასკოლო გარემოში, რომელშიც ღირებულებები, ფასეულობები გაზიარებულია და არა თავსმოხვეული, მოზარდები უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სკოლებში ასეთ გარემოზე კი სწორედ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები არიან პასუხისმგებელნი.

სკოლების ადმინისტრაციებს მკვლევრები ურჩევენ, რომ „მოძალადე და მსხვერპლი“  – ამგვარ კატეგორიებად მოზარდები სკოლაში არასდროს დაყონ (ამ დაყოფას ბულინგის სამეცნიერო თვალსაზრისით შესწავლისას აქტიურად ვიყენებთ); რადგან ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს, როდესაც  ჩაგრულს მსხვერპლის იარლიყს მიაკრავენ, აგრესიულ მოზარდს კი მოძალადისა და ბულერის წოდებას მიანიჭებენ. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვერც ბავშვებთან მუშაობით მიიღებს სასურველ შედეგს და არც მათი მშობლები ითანამშრომლებენ ადმინისტრაციასთან, როცა მათ შვილებს მძიმე შინაარსის შემცველი სახელები ექნებათ მინიჭებული.

კვლევებით დასტურდება, რომ:

  1. ბულინგის შემთხვევები დიდ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე კლასში;
  2. ძალიან ბევრი ბულერი ცხოვრებას კრიმინალს უკავშირებს;
  3. ემოციური ტრავმა, რომელსაც მსხვერპლი თუ მოძალადე განიცდის ბულინგის დროს, მთელი ცხოვრება მიჰყვება მათ;
  4. ბავშვები, რომლებიც ხშირად არიან ბულინგის მსხვერპლნი, მიდრეკილნი არიან სუიციდისკენ;

ამ რეალობის გათვალისწინებით, სკოლების ადმინისტრაციებს დიდი სიფრთხილე მართებთ  და ვფიქრობთ, მათ მრავალი რამ უნდა გააკეთონ ბულინგთან საბრძოლველად.

როგორი შეიძლება იყოს ბულინგთან ბრძოლის კონკრეტული მექანიზმები სკოლებში?

მეცნიერები ძირითადად ორი ტიპის ანტიბულინგურ სტრატეგიას გამოყოფენ: პირველი – ესაა ცნობიერების ამაღლების სამუშაოები, რომლებიც გულისხმობს ისეთი სივრცის, გარემოს შექმნას სკოლებში, რომელშიც მოსწავლეებსა და სკოლის თანამშრომლებს აქვთ საშუალება, ზუსტად გაიგონ ბულინგის არსი მთელი თავისი კომპლექსურობით.

სკოლებში ბულინგთან ბრძოლის მეორე ხაზი კი ცალკეული შემთხვევების მენეჯმენტი და მათზე რეაგირებაა. ეს კულტურა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში, რათა ყველა პოტენციურ მსხვერპლს თანადგომის იმედი ჰქონდეს. მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ, თუ დაჩაგრავენ, მას დიდი მხარდაჭერა ექნება, გვერდით დაუდგებიან და დაეხმარებიან. ასევე, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბულერის ქცევა არასდროს იქნება მიღებული და მასზე არასდროს დახუჭავს თვალს სკოლის ადმინისტრაცია თუ მასწავლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები