LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომა არის შინდის მირთმევა აუცილებელი ზამთრის სეზონზე – დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი შინდის სასარგებლო თვისებებზე გადაცემაში ,,პულსი”

233
pulsii

გადაცემის ლაივი LIVE

პირველ ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის ,,პულსის” სტუმარმა, დიეტოლოგმა ასმათ კევლიშვილმა მეტად საინტერესო პროდუქტზე – შინდზე ისაუბრა, რომელიც ნებისმიერ სეზონზე და განსაკუთრებით ზამთარშია სასარგებლო.

– ქალბატონო ასმათ, რატომაა შინდის მირთმევა აუცილებელი ზამთრის სეზონზე?

– როგორც ჩანს, შემოდგომა საერთოდ ამოვარდა ჩვენი კალენდრიდან, რადგან წელს განსაკუთრებით ადრე დაიწყო ზამთარი, ამიტომ მზადებაც შედარებით ადრე გვიწევს.  მართალია, სასარგებლო პროდუქტის, მათ შორის სეზონური ხილისა და ბოსტნეულის გრძელი ნუსხა არსებობს, მაგრამ ბევრმა არ იცის მათი სწორად მოხმარება.

ძალიან მინდა რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, ნაკლებად პოპულარულ პროდუქტზე, მაგალითად, შინდზე, რომელიც საოცრად საინტერესო და სასარგებლო კენკროვანი ნაყოფია, რადგან არა მხოლოდ ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა, არამედ ვიტამინებით, ფერმენტებით და მინერალური მარილებითაა მდიდარი.

შინდის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების, მაღალი არტერიული წნევის, ანემიის და ვიტამინების დეფიციტის ანუ ავიტამინოზის დროს, რომელიც განსაკუთრებით ზამთრის სეზონს ახასიათებს.

უცნაურია, მაგრამ შინდის ნახარში, რომელიც 17 პროცენტ შაქარს შეიცავს, განსაკუთრებით შაქრიან დიაბეტს უხდება. მთავარია, დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა შინდის კომპოტი საკვების მირთმევამდე 30 წუთით ადრე მიიღოს. აქვე აღვნიშნავ, რომ ტკბილი ხილისგან მომზადებულ კომპოტს საერთოდ არ სჭირდება შაქრის დამატება, უშაქროდ შეიძლება მჟავე ხილის ნახარშის მომზადება დიაბეტიანი პაციენტებისთვისაც, იმ შემთხვევაში კი, თუ დატკბობა გვინდა, შეგვიძლია შაქრის ნაცვლად თაფლი გამოვიყენოთ, რომელიც მიღების წინ უნდა შევურიოთ კომპოტს, რადგან მოხარშვის შემთხვევაში სრულად დაკარგავს სასარგებლო თვისებებს.

სასარგებლო თვისებების მიუხედავად, შინდი მავნებელია ორსულთათვის, რადგან  მასტიმულირებელი თვისების წყალობით თავისუფლად შეუძლია საშვილოსნოს კედლების სტიმულაცია და ნაადრევი მშობიარობის გამოწვევა. აკრძალულია კენკრა მათთვისაც, ვისაც კუჭის ქრონიკული შეკრულობა, ან უძილობა აწუხებს, რადგან იგივე მასტიმულირებელი თავისებურების გამო მისი მიღება უფრო მეტად დაამძიმებს მათ, ვისაც ძილის პრობლემა აქვს.

– რა უპირატესობა აქვს შინდს სხვა კენკრასთან შედარებით?

– საყურადღებოა, რომ შინდს ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილები გამოაქვს. ყველამ კარგად იცის, რამდენად მძიმე დაავადებაა პოდაგრა, რომლითაც მეტწილად მამაკაცები იტანჯებიან, თუმცა მისი განვითარება 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს, ბავშვებსა და მოზარდებშიც ხშირია. აქვე განვმარტავ, რომ პოდაგრა მეტაბოლური დაავადება და ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლის უებარი წამალი სწორედ ზომიერად მიღებული შინდია გაყინული, კომპოტის ან თუნდაც მურაბის სახით. არანაკლებ ეფექტურია კენკრა ხველის სამკურნალოდ. თუმცა ამჯერად საჭიროა, შინდის მურაბის წვენის სოდასთან ერთად ათქვეფა და დღეში ერთხელ ან ორჯერ ერთი ჩაის კოვზის მიღება.

– რა პროდუქტის მიღების შემთხვევაში კარგავს შინდი თავის დადებით თვისებებს?

– ეფექტურობას შინდი პურინული ნივთიერებით მდიდარი პროდუქტის, მათ შორის, საქონლის და ფრინველის ხორცის, ზღვის და შებოლილი პროდუქტის, ძეხვეულის და კოფეინის, ისპანახის და ყვავილოვანი კომბოსტოს, პარკოსანი კულტურების და სოკოს მიღების შემთხვევაში კარგავს, თუმცა მხოლოდ მაშინ, თუ ორგანიზმში დარღვეულია მეტაბოლიზმის პროცესი.

– განსაკუთრებული კერძის რეცეპტს ხომ არ შემოგვთავაზებთ, რომელიც ერთდროულად სასარგებლოც იქნება და გემრიელიც?

შემიძლია ხმელი ლობიოს სწორად მომზადების წესი შემოგთავაზოთ. ალბათ იცით, რომ პოპულარული ლობიო უხვად შეიცავს შარდმჟავა მარილებს, თუმცა შინდის წყალობით მათი განეიტრალებაც შეიძლება. პირველ რიგში, ლობიო უნდა ჩავალბოთ წყალში 24 საათით და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი ფიტინის მჟავების გასანეიტრალებლად, მერე კი, დოლბანდში გამოკრული შინდის კერკით მოვხარშოთ. ამასთანავე, შარდმჟავა მარილებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად ითვლება ნიახურიც, რომელიც ძალიან უხდება ლობიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები