წყვილის ურთიერთობები, კონფლიქტი წყვილში და მიმღებლობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.
როდის იწყება კონფლიქტი წყვილში?
წყვილი – ეს არის ორი ინდივიდი განსხვავებული პერსონოლოგიით, ღირებულებათა სისტემით, ოჯახური სცენარითა და გამოცდილებით. როდესაც ჩვენ ვხვდებით მეორე ადამიანს, რომელიც შინაგანად გვეხმიანება, რაღაცით კვებავს ჩვენs რომელიღაც ნაწილს და მასში ვპოულობთ ჩვენს თავს, მის მიმართ გვიჩნდება ერთგვარი აღტაცება, პატივისცემა, ფიზიკური ლტოლვა. ამის შემდეგ ყალიბდება წყვილური ურთიერთობა, რაც ეფუძნება სიყვარულს, ნდობას, ურთიერთგაგებასა და ზრუნვას.
როგორც წესი კონფლიქტი იწყება მაშინ, როდესაც წყვილი ერთ სივრცეში იწყებს თანაცხოვრებას. თუ თავისუფალ ურთიერთობაში წყვილი ორიენტირებული იყო მხოლოდ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიად წარმოჩინებაზე, თანაცხოვრების პერიოდში ჩვენ ვხვდებით მეორე ადამიანს, „გაშიშვლებულს“, რაც ხშირად შეიძლება არ შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ შექმნილ მოლოდინებს.
როგორც წესი კონფლიქტი ხშირად გაიგივებულია აგრესიასთან, რაც დესტრუქციულ (დამანგრეველ) კონფლიქტს გულისხმობს, ამ ტიპის კონფლიქტში ხშირია კონკურენცია, წყვილი არ არის ორიენტირებული კონფლიქტის მოგვარებაზე, მთავარია ეგოს დაკმაყოფილება.
რას ნიშნავს კონსტრუქციული კონფლიქტი?
რაც შეეხება კონსტრუქციულ კონფლიქტს, აქ გაცნობიერებულია, რომ წყვილს აქვს სხვადასხვა პოზიცია, თუმცა ორიენტირებულია მის მოგვარებაზე. ბუბერის თეორიის მიხედვით, ეს არის ,,მე- შენ” კონტაქტი, რაც ზრდასრულ ავთენტურ ურთიერთობას გულისხმობს. კონფლიქტური სიტუაციის გამომწვევი უამრავი მიზეზია, მაგ: სხვადასხვა ღირებულებები, მიუღებლობა, კომპრომისზე არ წასვლა, ეჭვიანობა, კონკურენცია, საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება, მენტალური თუ ფიზიკური პრობლემები, ადიქცია, ეკონომიური სიდუხჭირე და სხვა მრავალი.
კონფლიქტი ურთიერთობაში არ ნიშნავს დასასრულს და მხოლოდ უარყოფით ასპექტში არ განიხილება. ცხადია თუ დესტრუქციული და მეორე ადამიანისადმი მტრულად მიმართული არ არის. თუ კონფლიქტი ჯანსაღია,ზრდასრულია, წყვილი საუბრობს ღიად ერთმანეთთან და ერთად ეძებენ მისი გადაჭრის გზებს.
როდის მწვავდება კონფლიქტი?
ყველაზე მეტად კონფლიქტი მწვავდება გამოუთქმელი ემოციებით, როდესაც ერთ ადამიანს აქვს მეორის დაკარგვის შიში, იძულებული ხდება ჩაყლაპოს და ჩაიხშოს ბრაზი, წყენა, იმედგაცრუება და ყველა ის ემოცია, რომელიც დროთა განმავლობაში აუცილებლად იჩენს თავს ფსიქოსომატურად.
თუ წყვილს აქვს მიმღებლობა განსხვავებული აზრის, ქცევის მიმართ და პარტნიორის პატივისცემა, ის მართავს საკუთარ ემოციას, ამ შემთხვევაში ბრაზს, იცავს საზღვრებს – როგორც საკუთარს, ასევე მეორე ადამიანის. ყველაზე მნიშვნელოვანი წყვილურ ურთიერთობაში პარტნიორთან სწორი კომუნიკაციის შენარჩუნებაა, რაც გულისხმობს: ხმამაღლა საუბარს ნებისმიერ ტაბუირებულ თემაზე, მიმღებლობას, მეორე ადამიანის სივრცის პატივისცემას და სამყაროში ყველაზე ღირებული განცდის, თავისუფლების არ შეზღუდვას.
1) პირველ რიგში წყვილურ ურთიერთობაში შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი.
2) არასდროს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე.
3) არ ჩაიხშოთ ემოციები გამოხატეთ,ისაუბრეთ ღიად.
4) დაუტოვეთ ერთმანეთს თავისუფალი სივრცე, არ შეზღუდოთ მეორე ადამიანის თავისუფლება.
5) კონფლიქტურ სიტუაციებში არ ეძებოთ დამნაშავე.
6) ყურადღებით უსმინეთ საკუთარ შეგრძნებებს.
7) კონფლიქტი არ ნიშნავს ურთიერთობის დასასრულს.